ავტორი:

კარიერა რუსეთში, სასიყვარულო ამბები და პრეზიდენტის ფავორიტობა - სოფო ნიჟარაძე: "პირად ურთიერთობებზე ბევრს არ ვლაპარაკობ, არც ჭორებს ავყვები ხოლმე..."

კარიერა რუსეთში, სასიყვარულო ამბები და პრეზიდენტის ფავორიტობა - სოფო ნიჟარაძე: "პირად ურთიერთობებზე ბევრს არ ვლაპარაკობ, არც ჭორებს ავყვები ხოლმე..."

მომღერალი სოფო ნიჟარაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც 2008 წელს აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა და დღემდე მისი პირადი ცხოვრება თუ მუსიკალური კარიერა აქტუალობას არ კარგავს. მასზე ბევრს ჭორაობდნენ, მედია მას ჯერ იმჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფავორიტ მომღერლად მოიხსენიებდა, შემდეგ კი - საყვარელ ქალად. თუმცა დაოჯახებული პრეზიდენტის გარემოცვისთვსაც და თავად მომღერლისთვის ეს უხერხული მითქმა-მოთქმა იყო.

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში სოფო ნიჟარაძე მღეროდა ყველგან. საქართველოში სტუმრად ჩამოსული ჯო ბაიდენის პატივსაცემად, განახლებულ ბათუმში ანდრია ბოჩელისთან თუ კრის დე ბურგთან ერთად. ამბობდნენ, რომ მიუზიკლი "ქეთო და კოტე“, რომელშიც სოფომ მთავარი როლი შეასრულა, სპეციალურად მისთვის დაიდგა.

ჭორი კი მიხეილ სააკაშვილთან სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ წლების შემდეგ დადასტურდა. 2015 წელს, მიშას და სოფოს პირველი საერთო ფოტო გამოქვეყნდა, წყვილი ბრიუსელის ქუჩებში ჩუმად გადაიღეს.

მას შემდეგ კი, რაც სოფო ნიჟარაძეს შვილი ამერიკაში შეეძინა, ამბობდნენ, რომ ბავშვის მამა ექსპრეზიდენტი იყო, რაც უკვე პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა 2022 წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე "ფეისბუქპოსტით" დაადასტურა. თან ისე, რომ იმ დროისთვის უკვე გაცხადებული ჰქონდა, რომ ცოლად უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო მოიყვანა.

მოგვიანებით გამოჩნდა ფოტოები, რომელშიც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ქალიშვილს სანახავად ამერიკაშიც აკითხავდა. უკრაინული მედია წერდა, რომ სოფო მიხეილთან კიევშიც ჩადიოდა. ამას ისიც ადასტურებს, რომ ომის დაწყების შემდეგ, მხარდაჭერის ნიშნად სოფო ნიჟარაძემ უკრაინაში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. რამდენიმე თვის წინ კი, სოფომ ბავშვთან ერთად, მიხეილ სააკაშვილი საავამდყოფოშიც მოინახულა.

სააკაშვილის პირადი ცხოვრება მისი ოჯახისთვისაც ამოუხსნელი დარჩა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სოფო ნიჟარაძეს ბავშვი შეეძინა, ექსპრეზიდენტის მამა მედიასთან ინტერვიუში ამბობდა, რომ ბავშვის მამა სააკაშვილი არ იყო.

"ტყუილია ეს ინფორმაცია, იმ გოგოსაც ნუ აყენებთ უხერხულ მდგომარეობაში. ეს ისეა სიმართლე, როგორც მე მეკუთვნის, მთელი უკრაინის კურორტები. ჭორს რა გამოლევს უსაქმურ და ბოღმიან ხალხში? მის ოჯახში ყველაფერი კარგად არის, არაფერი არ მომხდარა”, - აცხადებდა ნიკოლოზ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სანდრა რულოვსმა მიხეილ სააკაშვილის ლიზა იასკოზე ქორწინების შესახებ მედიიდან შეიტყო.

  • რუსეთი...

ვიდრე მიშას შეხვდებოდა სოფო ნიჟარაძის ცხოვრება საინტერესოდ განვითარდა. მისი მუსიკალური კარიერა ბავშვობიდან დაიწყო. ხშირად გამოდიოდა სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსებზე, სადაც უმეტესწილად იმარჯვებდა.

1997 წელს პირველად მოხვდა რუსეთის დედაქალაქში, მაშინ მომღერალი Crystal Note-ის ფესტივალში მონაწილეობდა. 2002 წელს კი საბოლოოდ გადავიდა მოსკოვში. ერთი წლის შემდეგ GITIS-ის სტუდენტი გახდა.

სოფოს პირველი სერიოზული წარმატება მიუზიკლმა "რომეო და ჯულიეტამ“ მოუტანა, რომელშიც ქალის მთავარ როლზე დაამტკიცეს მაშინ, როდესაც ამ როლზე რამდენიმე ათასი აპლიკანტი განიხილებოდა. მიუზიკლის პრემიერა მოსკოვში 2004 წლის მაისში შედგა. შემდეგ კი დაიწყო თავბრუდამხვევი კარიერა და გასტროლები. 2008 წელს ომის შემდეგ სოფო დედასთან ერთად საქართველოში დაბრუნდა.

  • ანდრეი ალექსანდრინი

სოფო ანდრეი ალექსანდრინს, მიუზიკლ "რომეო და ჯულიეტაზე“ მუშაობისას შეხვდა. ისინი შეყვარებულ წყვილს თამაშობდნენ. იმჟამად რუსული მედია წერდა, რომ ერთმანეთი პირველივე დღიდან მოეწონათ. ანდრეი განსაკუთრებულად უფრთხილდებოდა სოფიას, ჩუქნიდა თაიგულებს, ავსებდა კომპლიმენტებით, წყვილი ღამით ქალაქში ხშირად სეირნობდა.

2005 წლის შემოდგომაზე ანდრეი ალექსანდრინმა და სოფია ნიჟარაძემ ახლო მეგობრები და ნათესავები კარმა-ბარის კლუბში მიიწვიეს, სადაც საკონცერტო პროგრამა Just Married წარმოადგინეს. ამ სპექტაკლს რუსულ მედიაში დღემდე ქორწინებად მოიხსენიებენ, თუმცა მოგვიანებით მამაკაცმა მედიასთან განაცხადა, რომ ეს იყო შოუ და უბრალოდ იხუმრეს.

ისინი დიდი ხნის განმავლობაში აგრძელებდნენ მეგობრობას. 2010 წელს ანდრეი საქართველოშიც იყო ერთ-ერთ ღონისძიებაზე ჩამოსული, სადაც წყვილი ისევ შეხვდა ერთმანეთს.

  • პაველ ბურე

სოფოს მოსკოვში ცხოვრების პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მასზე ჰოკეისტი პაველ ბურე იყო შეყვარებული, თუმცა ეს ქორწინებაც არ შედგა. წყვილს ხშირად ხედავდნენ ერთად სხვადასხვა მოსკოვურ წვეულებებზე, ბურე სოფიას სპექტაკლების სტუმარიც იყო. წლების შემდეგ, როცა წყვილი დაშორდა, ამბობდნენ, რომ პაველმა ნიჟარაძეს ხელიც სთხოვა, მაგრამ... ბოლოს, ბურემ მასთან დასამშვიდობებლად დარეკა - ამერიკაში მიემგზავრებოდა. შეხვედრაც კი ვერ შეძლეს. სოფომ ცხოვრება ძველებურად განაგრძო.

2008 წელს სოფიას და პაველ ბურეს გზები საბოლოოდ გაიყო, რუსეთ-საქართველოს ომის გამო, სოფომ რუსეთში აწყობილი კარიერა დატოვა, რამდენიმე თვეში კი პაველ ბურემ ოლიგარქის ფანის ჰასანოვის ქალიშვილზე იქორწინა.

"ჩემი რომეო" მსახიობი ანდრეი ალექსანდრინი იყო, რომელთანაც დღესაც ვმეგობრობ. ჩემი და ცნობილი ჰოკეისტის პაველ ბურეს გზები კი კარგა ხანია გაიყო... საერთოდ, პირად ურთიერთობებზე ბევრს არ ვლაპარაკობ, არც ჭორებს ავყვები ხოლმე... ერთს კი გეტყვით, რომ ყველაზე უკეთ თავს თბილისში ვგრძნობ. მოსკოვიდან დღესაც მეხმიანებიან, მაგრამ იქ დაბრუნებას არ ვაპირებ...“ - ამბობდა მედიასთან სოფო 2010 წელს.

  • დაბოლოს...

რაც შეეხება მომღერლის ახლანდელ ცხოვრებას, სოფო ქალიშვილთან ელის მარია სააკაშვილთან ერთად ცხოვრობს. ამერიკიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ აგრძელებს მუსიკალურ კარიერას, გამოდის კონცერტებზე, თუმცა არა სამთავრობო...