ავტორი:

"ქართველი ლეგენდის მორიგი ლეგენდარული პარტია... დავა მედიამაგნატთან დასრულდა ქალბატონი ნონას ინტერესების დაცვით" - რას აცხადებენ ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები?

"ქართველი ლეგენდის მორიგი ლეგენდარული პარტია... დავა მედიამაგნატთან დასრულდა ქალბატონი ნონას ინტერესების დაცვით" - რას აცხადებენ ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები?

Netflix-სა და ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, ნონა გაფრინდაშვილს შორის სასამართლო დავა შეთანხმებით დასრულდა. რა პირობებზე მორიგდნენ მხარეები, ამის შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროებულა.

"მხარეები მოხარულნი არიან, რომ ეს საკითხი მოგვარებულია“, - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე რუფუს-ისააკსმა, რომელიც გაფრინდაშვილის წარმომადგენელია.

შეგახსენებთ, 81 წლის დიდოსტატი მიიჩნევდა, რომ Netflix-მა ცნობილ სერიალ "ლაზიერის გაბიტში" მისი სახელი სექსისტურ, დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენია. მოჭადრაკე კომპანიას ბრალს ცილისწამებაშიც სდებდა.

ბრიფინგი გამართეს ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატებმა: კახა შარაბიძემ და მაია მწარიაშვილმა, რომელშიც მიღწეულ შეთანხმებაზე ილაპარაკეს. მათ დასაწყისში მიულოცეს ნონა გაფრინდაშვილსა და მის გულშემატკივრებს მიღწეული შედეგი. კახა შარაბიძის თქმით, არ არის ადვილი Netflix-ის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა და შეთანხმების მიღწევა.

"დავა მედიამაგნატთან დასრულდა ქალბატონი ნონას ინტერესების დაცვით", - განაცხადა მან. მისი თქმით, შეთანხმების საფუძველი გახდა კალიფორნიის სასამართლოს გადაწყვეტილება.

"ამერიკის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტულია იმდენად, რამდენადაც მან დაადგინა, რომ "მხატვრული ნაწარმოები არ წარმოადგენს დიფამაციისგან, ანუ პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებებისგან თავისუფალ ზონას და ეს არ ათავისუფლებს პირს პასუხისმგებლობისგან მხატვრული ნაწარმოების ფარგლებში განხორციელებული დიფამაციური განცდების გამო“, - ბრძანა შარაბიძემ. ადვოკატების განცხადებით, მორიგების ინიციატივაც მოდიოდა სასამართლოდან და მათი კლიენტი კმაყოფილია შედეგით, რომელიც დადგა.

"ქართველი ლეგენდის მორიგი ლეგენდარული პარტია..." - ასე შეაფასა მიღწეული კახა შარაბიძემ. მისი თქმით, შეთანხმების პირობები მკაცრად გასაიდუმლოებულია.

რაც შეეხება Netflix-ის სერიალის შინაარსის შესწორებას, რაზეც ნონა გაფრინდაშვილი დაობდა, მაია მწარიაშვილის განცხადებით, შინაარსი უცვლელად დარჩება, თუმცა სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელიც მსოფლიოს ყველა წამყვანმა მედიასაშუალებამ გააშუქა, უკვე ყველამ იცის, რომ „ნონა გაფრინდაშვილი არის ქართველი დიდოსტატი“, რომელსაც ნათამაშები აქვს კაცი მოჭადრაკეების წინააღმდეგაც.

შეგახსენებთ, მოჭადრაკე სასამართლოს გზით შეცდომის გასწორებასა და კომპენსაციას, $5 მილიონს ითხოვდა.

შეთანხმება მას შემდეგ შედგა, რაც იანვარში კალიფორნიის სასამართლომ უარყო Netflix-ის არგუმენტი, რომ არ შეიძლება უჩივლონ მხატვრულ ნაწარმოებში რეალური ადამიანის ცილისწამებისთვის.