ავტორი:

დოჭუ: კლდეზე გაშენებული ულამაზესი სოფელი თუშეთში, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია - "აქ სახლების უმრავლესობა 120 წელზე მეტი ხნისაა, არ არის ელექტრობა, გზა ბოლომდე ვერ მიდის"

დოჭუ: კლდეზე გაშენებული ულამაზესი სოფელი თუშეთში, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია - "აქ სახლების უმრავლესობა 120 წელზე მეტი ხნისაა, არ არის ელექტრობა, გზა ბოლომდე ვერ მიდის"

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თუშეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი დოჭუ მძიმე მდგომარეობაშია და გადასარჩენია... დოჭუს 2016 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. დოჭუ თუშეთში, ბოჭორნის შემდეგ მდებარეობს. გაშენებულია კლდეზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მაღლა. სახლების უმრავლესობა 120 წელზე მეტი ხნისაა. როგორც მთელ თუშეთში, აქაც არ არის ელექტრობა. რელიეფის გამო, გზაც ბოლომდე ვერ მიდის.

ცოტა ხნის წინ დოჭუს შესახებ პოსტი და ულამაზესი ფოტოები გამოაქვეყნა ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა:

"ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი დოჭუ მძიმე მდგომარეობაშია და გადასარჩენია. სახლების უმრავლესობა 120 წელზე მეტი ხნისაა. როგორც მთელ თუშეთში, აქაც არ არის ელექტრობა. რელიეფის გამო, გზაც ბოლომდე ვერ მიდის. მთელი სოფელი მისახედია და დიდი იმედი მაქვს, დოჭუს გადავარჩენთ" - წერს ჩანადირი.

პოეტის იოსებ ლონგიშვილი ("რა ლამაზია თუშეთისა" და "შატილის ასულოს" ავტორი) შვილი ქრისტინე ლონგიშვილი 12 წელია ემიგრაციაშია იტალიაში, იგი თუშეთს წელს ეწვია და თუშეთიდან გვესაუბრა:

- დოჭუ გომეწრის ხეობის ულამაზესი სოფელია, ან რომელი სოფელი არაა ლამაზი თუშეთში?! არამარტო დოჭუზე ბევრ სოფელზე ითქმის, რომ რესტავრაცია-რეაბილიტაცია სჭირდება... 2018 წლის აგვისტო-სექტემბერში მოხდა თუშეთის 10 სოფლის რესტავრაციისთვის აზომვითი სამუშაოები, თუმცა მას შემდეგ ძვრა არ არის. ჩემთვის განსაკუთრებით გულსატკენია, გომეწრის ხეობის შემდეგ ულამაზესი წოვათის ხეობა რომ სრულიად მიტოვებულია, ულამაზესი წარო და ინდურთა კი რესტავრაციის მოლოდინშია, თუმცა იქამდე მისასვლელად ხიდიც კი არ არსებობს...

ასე რომ ბევრია გასაკეთებელი, თუ სახელმწიფო ხელს შეუწყობდა აღსადგენ სოფლებში კერძო საკუთრების დაკანონებას, ეს იქნებოდა თუშეთის აღსადგენი სოფლების დაჩქარების უდიდესი ხელშეწყობა... დოჭუ ისეთ ციცაბოზე ყოფილა ადრე პატარა ბავშვებს აბამდნენ, რომ არ დაგორებულიყვნენო. აქედან გამომდინარე მართლაც დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო დოჭუსთვის ძველი იერ-სახის დასაბრუნებლად. სოფლისთვის, სადაც გზა არც კი მიდის.... გასაკეთებელი ბევრია, ადგილობრივები კი მზად არიან თუკი დახმარება იქნება აღადგინონ თავიანთი ულამაზესი სოფელი.

- ამბობენ, გომეწრის ხეობა ტურისტული პროექტებით ნაკლებად არის ათვისებულიო...

- რა თქმა უნდა, ნაკლებად იქნება, რადგან მისასვლელი გზის არქონა აძნელებს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს კი ტურისტების სიმცირეს იწვევს... 12 წლის შემდეგ ავედი თუშეთში. რა თქმა უნდა შეცვლილი ინფრასტრუქტურა დამხვდა, ბევრი სიახლე... უკეთესი გზა, ინტერნეტი, ბევრი ტურისტი, ახალი მშენებლობები... როგორც ზემოთ ვთქვი გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. მე იტალიის მთებშიც მოვხვდი და იმ ინფრასტრუქტურამდე ბევრი გვაკლია, მაგრამ ძვრები აშკარაა...

ეთნოგრაფი ნუგზარ იდოიძე, ომალოში თუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დამაარსებელი:

- თუშეთში 49 სოფელია, 4 თემია და ყველგან რთული ვითარებაა, ყველა სოფელში თავისებური პრობლემა, ეს არის ზოგადი სურათი. სოფელ დართლოში რესტავრაცია მოხდა, სოფელ ომალოში რესტავრაცია კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმებით მიმდინარეობს...

- რამდენი წელია სოფელ დოჭუში აღარავინ ცხოვრობს?

- ძალიან იშვიათად თითო-ოროლა სახლში ამოდიან, მთლიანი სოფელი რასაკვირველია არ ივსება... მთელ თუშეთში მოსახლეობა შემცირებულია. ჩვენს ქვეყანაში რაც მძიმე ფინანსური მდგომარეობაა, მისვლა-მოსვლა იმდენად გაძვირდა, მომლოცველთა რაოდენობაც კი შემცირდა. მაგალითად, წელს ძალიან ცოტა მომლოცველი იყო ამოსული.

- რამდენად რთული მისასვლელია სოფელ დოჭუმდე?

- არც ისე რთული... ბევრი სოფლებია, სადაც საერთოდ გზა არ არსებობს. დოჭუსთან ახლოს გზა გადის და უგზოობა არ არის სოფლის რთული მდგომარეობის მიზეზი... ძალიან დიდი გადინებაა ქვეყნიდან, ახალგაზრდები საზღვარგარეთ მიდიან... თუშეთში მეცხვარეობა ძალიან შემცირდა, ბევრმა მეცხვარემ უარი თქვა ამ საქმეზე. ასეთი არასახარბიელო მდგომარეობა შემდეგ ამდაგვარად აისახება. ცენტრალურ სოფლებში საოჯახო სასტუმროებია - შენაქოში, ომალოში, დართლოში... დოჭუშიც საოჯახო სასტუმროები თავის დროზე გაკეთდა, მაგრამ მთლიანად გომეწრის ხეობა ნაკლებად არის ჩართული ტურიზმში და ვერ იმუშავა. მიზიდულობის ცენტრები უნდა შეიქმნას... ახლა აქ ტურისტებისთვის სახლები შენდება, რაც გომეწრის ხეობას გამოაცოცხლებს. ცნობილია, რომ თუშეთამდე რთული გზაა, მაგრამ ამ გზით დავდივართ, ყოველდღე მოძრაობაა და უსაფრთხოდ გადაადგილდებიან. თუმცა გადაიღეს მსოფლიოში როგორც ერთ-ერთი რთული გზა და რთული ნამდვილად არის. სოფელი დოჭუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ასეა თუშეთის ათი სოფელი და კარგი იქნება ათივე სოფელზე ყურადღება სათანადოდ ნაწილდებოდეს, მაგრამ ვიცით ქვეყანას რა შესაძლებლობებიც აქვს.

- ადრე, თუნდაც საბჭოთა წლებში როგორი ვითარება იყო ამ სოფლებში?

- ძალიან ბევრი დარღვევა და პრობლემები იყო... 1959 წელს თუშეთი იძულებით ჩაასახლეს, კოლექტივები გააუქმეს და მთელი თუშეთი თავის სოფლებიანად ცხვრის საძოვრებად გამოაცხადეს. ეს კულტურული ტრადიციის მკვეთრი დარღვევა იყო. ცხვრის ფეხი ყოფილ სახნავ მიწებზე არაფრით არ შეიძლება, ეროზიებს იწვევს და დოჭუს გარშემო რომ გახედოთ, ძალიან ეროზირებულ ადგილებს აღმოაჩენთ. ეს გამოიწვია საბჭოთა ხელისუფლების მიერ ტრადიციების უგულებელყოფამ და მთელი თუშეთის ცხვრის საძოვრებად გამოცხადებამ, ხალხის აყრამ... იქედან დაიწყო და ყველაფერი ამ ზომამდე მივიდა.

შემდეგ თუშეთში დაცული ტერიტორიები შეიქმნა, მთლიანად თუშეთი დაცულ ტერიტორიებად არის გამოცხადებული, საერთაშორისო სტატუსი აქვს, მაგრამ მათთვისაც პრობლემაა და ცდილობენ თუ სადმე ეროზიებია, პრობლემა ახალი მეთოდებით მოაგვარონ. ცხვარი და მეცხვარეობა ტრადიციულ საძოვრებზე ან მდელოებზე უნდა გაიყვანონ, სოფლების სიახლოვე ცხვარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს... ეს უკვე გლობალური საკითხია. მეცხვარე თავისით ვერ გაიყვანს სახელმწიფომ თუ ხელი არ შეუწყო ან დააფინანსა... ჯერჯერობით ამ საკითხისთვის ვერავინ ვერ იცლის. მკვიდრი ცხოვრება რომ მოშალეს, ყველაფერი ამან მოშალა... ხალხი წავიდა და ცივილიზაციას დაწაფებული ადამიანები ცივილიზაციას მოკლებულ ადგილებში აღარ მობრუნდება.

- თუ არსებობს გამოსავალი ამ სოფლის გადარჩენის?

- აქ სოფლებზე კი არა მთლიანად ქვეყნის რეგიონის მიმართ პოლიტიკაზეა საუბარი... სახელმწიფოს მიდგომა უნდა შეიცვალოს და როგორც დაირღვა, ყველაფერი ისევ უნდა გამოსწორდეს. თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებამ ეს კანონები დაარღვია. ამჯერად მეცხვარეობას ძალიან უჭირს. თუშეთი - მეცხვარეობის ეს ისტორიული რეგიონი მეცხვარეობას ლამის მოწყდეს. კახეთი რომ წარმოიდგინოთ მევენახეობის გარეშე, იგივე იქნება. ყველა კულტურული ღირებულება, თუშური ცხვარი, ცხენი, ნაგაზი, ფარდაგი, ყველის წარმოების ქრონოლოგია... ეს ყველაფერი მოისპობა მეცხვარეობა თუ აღარ იქნება. ფუნდამენტური მიზეზები და ასე უცაბედად მოგვარება არ ხდება. ეს მარტო თუშეთის კი არა, სხვა ისტორიულ-კულტურული რეგიონების პრობლემაცაა... საქართველო კულტურათა ნაკრებია და ყველა კულტურულ-ისტორიულ რეგიონს ძლიერი პოლიტიკური სახელმწიფო ჭირდება. ჯერ სახელმწიფო უნდა გაძლიერდეს, სხვადასხვა რეგიონები რომ გააძლიეროს!

დოჭუს შესახებ წერია წიგნში "გამაგრებული ისტორიული დასახლებები საქართველოს ჩრდილოეთ მთიანეთში":

- დოჭუ თუშეთის ერთ-ერთი, ისტორიული მეხსიერებით დატვირთული, ძალზედ საინტერესო ძეგლია, რომელიც დღემდე ინარჩუნებს თუშური მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის ავთენტურ ნიშნებს. სოფელი განსაკუთრებით რთული რელიეფითა და ურბანული ქსოვილის სირთულით გამოირჩევა, რაც მომხიბვლელობას სძენს მას. სოფელი სამანქანო გზიდან, ქვემოთ არის ჩაკიდული დაა ჩიტის ბუდესავით მოჩანს, რომელშიც მოხვედრა, რთულ რელიეფს გაყოლილი საფეხმავლო გზით არის შესაძლებელი. თავად სოფელი კლდის ქიმზეა გაშენებული, სწორედ გეომორფოლოგიაზეა დამოკიდებული მისი ურბანული სტრუქტურა, რომლის ძირითად ღერძიც რთულ რელიეფს დაქვემდებარებაა. ფაქტობრივად დოჭუს ურბანული სტრუქტურა, მისი რელიეფის თანმდევია, აქ ცხადი ძალზედ პირობითია სტრუქტურაზე საუბარი, თუმცა სახლებამდე მიმავალი ვიწრო ბილიკებით მთელი სოფლის მოვლაა შესაძლებელი. განაშენიანების მარცხენა მხარეს მცირე სივრცობრივი შემკრელი მოედნის ჩანასახიც გვხვდება, რომელიც სახლებს შორის მოქცეული მცირე სივრცითი უბეა.

სოფლის განაშენიანება, ორი დამოუკიდებელი უბნისგან შედგება. უბნები კლდის ფერდზე არიან შეფენილი, და ერთმანეთისკენ მიმართულნი. მათ შორის ხევი და მცირე მდინარეა, რომელიც თითქოს აორგანიზებს, სიმეტრიულად ანაწილებს უბნებს. თავად განაშენიანება, მჭიდრო, თითქოს ერთმანეთის ანგარიშგაწევით შექმნილი საცხოვრებელი სახლების ერთობლიობაა, რომლებიც თავისთავად კომპლექსებს ქმნიან. კომპლექსი, რომელიც თავისთავად ერთმანეთზე გადაჭდობილი შენობებისგან შედგება, თავისთავად ინარჩუნებს შუასაუკუნეების საცხოვრებელი კომპლექსის ყველა თვისებას, რომლის მნიშვნელოვან აქცენტსაც ერთის მხრივ ურბანულ სტრუქტურაში ჩართულობა, ლანდშაფტთან ჰარმონიულობა ქმნის...

ფოტოები: გოგა ჩანადირი