დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანში, საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1.8 მლნ წლით დათარიღებულ ფენებში ადრეული ჰომო ერექტუსის ქვედა ყბის კბილი, მე-4 პრემოლარი აღმოაჩინა.
ინფორმაციას არქეოლოგიისა და პრეისტორიის ეროვნული კვლევითი ცენტრი ავრცელებს.
"სენსაციური აღმოჩენა დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანში. ოროზმანი 1.8 მლნ წლით დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლია საქართველოში. ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა, რა დროსაც გამოვლინდა ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების (ჰომო ერექტუსების) მიერ დამზადებული ქვის იარაღები და გადაშენებულ ცხოველთა ნაშთები.

2022 წლის არქეოლოგიური კამპანიის დროს ოროზმანის საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1.8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში ადრეული ჰომოს ქვედა ყბის კბილი, მე4-ე პრემოლარი აღმოაჩინა. ოროზმანის აღმოჩენა მსოფლიო მნიშვნელობისაა და აფრიკის ფარგლებს გარეთ, დმანისთან ერთად, მსოფლიოში უძველესი ადამიანის ანუ ადრეული (Homo)-ს უძველესი გავრცელების კერას წარმოადგენს!
ოროზმანის აღმოჩენის პრეზენტაცია გაიმართება 8 სექტემბერს 12 საათზე სოფ ქვემო ოროზმანი, დმანისი), აღნიშნული პრესრელიზის, ასევე აღმოჩენის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ნებისმიერი სახით უნდა მოხდეს 8 სექტემბრის 12.00 ის შემდეგ! პრეზენტაციაზე მოხდება ძეგლის დათვალიერება და აღმოჩენილი კბილის წარდგენა პრესისა და ფართო საზოგადოებისთვის," - ნათქვამია საქართველოს არქეოლოგიისა და პრეისტორიის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ამ აღმოჩენას აქვს უდიდესი მეცნიერული ღირებულება. ზუსტად ისეთივე, რაც დმანისის თავდაპირველ აღმოჩენას. ამ მასალით გაფართოვდა დმანისის არქეოლოგიური აღმოჩენების არეალი. ამიტომაც მივიჩნევთ ნაპოვნ მასალას სოფლიო მნიშვნელობის, სენსაციურ ექსპონატად",- განუცხადა ambebi.ge -ს ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა, ოროზმანის არქეოლოგიური მისიის ხელმძღვანელმა ჯუმბერ კოპალიანმა.
ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა, რა დროსაც გამოვლინდა ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების (ჰომო ერექტუსების) მიერ დამზადებული ქვის იარაღები, რომლებსაც პრეისტორიული ადამიანი ნადირობისთვის თუ საკვების დასამუშავებლად იყენებდა. ექსპედიციის შედეგად აღმოჩენილია 30-ზე მეტი არტეფაქტი და განამარხებული ცხოველები. 2022 წლის არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება, მიკვლეულია მრავალი სახეობის გადაშენებულ ცხოველთა ნაშთები და უძველესი არტეფაქტები.