ავტორი:

"ჩემს ბედს არავის ვუსურვებ... 16 წლისას შემიყვარდა, 27 წლის კი სულ მარტო დავრჩი" - ია ნინიძის ცხოვრების გზა: ღალატი, დიდი სიყვარული და ლამის ბედისწერად ქცეული ავადმყოფობა

"ჩემს ბედს არავის ვუსურვებ... 16 წლისას შემიყვარდა, 27 წლის კი სულ მარტო დავრჩი" - ია ნინიძის ცხოვრების გზა: ღალატი, დიდი სიყვარული და ლამის ბედისწერად ქცეული ავადმყოფობა

"ციური მერცხლების" ვარსკვლავს ახალგაზრდობაში ოდრი ჰეპბერნს ადარებდნენ. მსახიობებს გარეგნულ მსგავსებასთან ერთად, ბევრი საერთოც ჰქონდათ, იმედგაცრუება სიყვარულში და ორივე ებრძოდა სიმსივნეს. დაავადებასთან ბრძოლაში ია ნინიძეს, ოდრისთან შედარებით, გაუმართლა და მან ავადმყოფობა დაამარცხა.

იას ადრეული ასაკიდან ჰქონდა სამსახიობო მონაცემები. 5 წლიდან კი ბალეტით "დაავადდა". პიონერთა სასახლის სტუდიაში მოცეკვავე, გიორგი დანელიამ შენიშნა, რომელიც ფილმისთვის გოგონას ეძებდა. ნინიძე ამბობს, რომ კინოში მონაწილეობა არ სურდა, მაგრამ დედამ და დეიდამ დაარწმუნეს, რომ გადაღებებში მონაწილეობა მიეღო. ოთხი წლის შემდეგ ფილმ "ვერის უბნის მელოდიებში“ დაუძახეს.

მის ცხოვრებაში პოპულარობა "ციური მერცხლების" გადაღების შემდეგ მოვიდა.

”მთავარი როლისთვის კონკურენცია დიდი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი: მე ვიყავი დენისი! ისეთივე მსუბუქი, ღია, ხულიგნური და ამავდროულად გულუბრყვილო, ”- ამბობდა ვარსკვლავი.

დღეს ია ნინიძე იუბილარია, მსახიობს 8 სექტემბერს 62 წელი შეუსრულდა...

"ციურ მერცხლებში“ ანდრეი მირონოვთან ერთად გადაღება ამაღელვებელი იყო, მაგრამ მსახიობისთვის ყველაზე საინტერესო ეტაპი ფილმის დასრულების შემდეგ დაიწყო. ია 18 წლის ნიკო შენგელაიას, სოფიკო ჭიაურელის უფროს ვაჟს შეხვდა. სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ია შეყვარებულს მხოლოდ ბებია-ბაბუის თანდასწრებით ხვდებოდა.

ორი წლის შემდეგ ნიკომ ია დანიშნა, მაგრამ ნიშნობის ბეჭედი პატარა აღმოჩნდა და გადიდების შემდეგ კი გაიბზარა... მომავალმა დედამთილმა მას ახალი სამკაული აჩუქა. სოფიკო ჭიაურელი მაშინ უზენაესი საბჭოს დეპუტატი იყო და სწორედ მან იზრუნა, რომ ნინიძეს არასრულწლოვანს ექორწინა.

ნიკუშა შენგელაიასთან ერთად

დამოუკიდებლობის ფასი მაღალი აღმოჩნდა: ახალდაქორწინებულები საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ, სადაც VGIK-ში დაიწყეს სწავლა. ია დიასახლისობდა, ხოლო ნიკო ბოჰემურ ცხოვრებას ეწეოდა მეგობრებთან - კოლია დანელიასთან და მიშა კალატოზოვთან ერთად. მალე გოგონას ანემია განუვითარდა. ნიკო კი გარიცხეს უნივერსიტეტიდან. ამის შემდეგ, სწავლა იამაც მიატოვა და ქმართან ერთად საქართველოში დაბრუნდა.

"მიუხედავად იმისა, რომ მე თავად ვსწავლობდი, პარალელურად ნიკუშასთვის მიწევდა ლექციების გადაწერა. ის კი მუდმივად წუხდა, რადგან არ მოსწონდა მოსკოვის ნაცრისფერი ცა და განიცდიდა იმ ფერების ნაკლებობას, რითაც მდიდარია საქართველოს ბუნება. გადატვირთული გრაფიკის შედეგად დამემართა ანემია, დილაობით ხშირად მაწუხებდა ცხვირიდან სისხლდენა...“ - იხსენებს ია ერთ-ერთ ინტერვიუში..

ოჯახური ცხოვრება კარგად არ წარიმართა, რადგან ნიკუშასთვის ბოჰემური ცხოვრება და მეგობრები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ოჯახი. ერთ-ერთი გაუჩინარების დროს, იამ მეუღლე ნასვამი მეგობრების გარემოცვაში იპოვა. შეურაცხყოფილმა ქალმა სახლი პატარა ჩანთით დატოვა, თან არც ერთი საქორწინო საჩუქარი არ წაუღია.

ამის შემდეგ ია ნინიძე მოსკოვში გაემგზავრა, სადაც უპრობლემოდ აღადგინეს VGIK-ში. ერთი წლის შემდეგ არდადეგებზე საქართველოში დაბრუნდა, ყოფილმა ქმარმა დაურეკა და ია ღამით მასთან დარჩა. ნინიძემ მალევე გაიგო, რომ ორსულად იყო. მერე გაირკვა, რომ შენგელიასგან კიდევ ერთი გოგონა ელოდა შვილს.

”ის საერთოდ არ მოიქცა ისე, როგორც მე ველოდი. მითხრა, - ახლა ამის დრო არ არისო...ეს იყო ნამდვილი ღალატი, ”- ამბობდა მოგვიანებით მსახიობი და სინანულით ყვებოდა აბორტის გაკეთების ამბავს.

მსახიობს VGIK-ის კედლებში ახალი სიყვარული ელოდა. სერგეი მაკსაჩოვზე ქალმა ერთი წლის შემდეგ იქორწინა. 1985 წლის გაზაფხულზე კი წყვილს ვაჟი - გიორგი შეეძინა, მაგრამ ნინიძის ბედნიერება დედის ავადმყოფობის ამბავმა დაჩრდილა: ლილის კიბო აღმოაჩნდა.

სერგეი მაკსაჩოვთან და პატარა გიორგისთან ერთად

ია ოპერაციის შემდეგ დედას და პატარა შვილს უვლიდა, თან თეატრში თამაშობდა. ასეთი გრაფიკით ქმართან ჩასვლას ვეღარ ახერხებდა, რომელიც ამ დროს მოსკოვში ცხოვრობდა. ერთ დღესაც იქ ჩასულმა აღმოაჩინა, რომ უღალატეს... იამ მშვიდად აცნობა ქმარს განქორწინების სურვილი...

1986 წლის შემოდგომაზე, იას ცხოვრებაში მხატვარი მიხეილ ნემსაძე გამოჩნდა. ნინიძემ კიდევ ერთხელ იქორწინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მიხეილს ამერიკაში გადასვლის სურვილი ამოძრავებდა, რასაც ია არ უჭერდა მხარს. მიუხედავად ამისა, შეყვარებულები რამდენიმე წლის განმავლობაში ინარჩუნებდნენ ურთიერთობას და ქალიშვილის ნინოს მშობლები გახდნენ... თუმცა საბოლოოდ მაინც დაშორდნენ.

მიხეილ ნემსაძესთან ერთად

ამის შემდეგ, მსახიობის ცხოვრებაში ელეგანტური მამაკაცი, სახელად ლადო გამოჩნდა. ბიზნესმენს არ დაუმალავს, რომ დაქორწინებული იყო. წყვილს სამი წელი ჰქონდა ძლიერი და რთული სასიყვარულო კავშირი, სევდიანი დასასრულით.

"როდესაც ლადოს შევუყვარდი, 13 წლის ვიყავი და მან ფილმ "ვერის უბნის მელოდიებში“ მიხილა. ის დაქორწინდა გოგონაზე, რომელსაც ისეთივე ვარცხნილობა ჰქონდა, როგორც მე ამ ფილმში. ლადოს არ ჰქონდა ცალი თვალი, რის გამოც უხერხულობას განიცდიდა. თუმცა მას შეეძლო სიყვარული. ჩემთვის მარტივი მისაღები არ არის სიტყვა "საყვარელი“, მაგრამ ლადომ ამიხსნა, რომ ეს ყველაზე ტკბილი სიტყვა იყო მისთვის. ის თავის ცოლს არაფერს უმალავდა. რომ არა მისი სასიკვდილო დაავადება - კიბო, ისინი დაშორდებოდნენ...

საავადმყოფოში აღმოჩნდა და როდესაც სისხლი გადაუსხეს, ინფექცია დაემართა. მას უკვე ყველა დაემშვიდობა. ამ დღეს მივხვდი, რომ ეკლესიაში უნდა წავსულიყავი, სანთელი დავანთე... ფანჯარაში თოვა დაიწყო, ლადოს პირველი თოვლი უყვარდა. პალატაში ძალიან ცუდად გახდა, აიღო ის ჯვარი, რომელიც მე მივეცი, ხელში ეჭირა და ხუთი დღე კიდევ იცოცხლა... მისმა დამ დამირეკა და მითხრა, რომ ლადო გარდაიცვალა, ”- ჰყვებოდა ია.

შეყვარებულის გარდაცვალების შემდეგ მსახიობი დეპრესიაში ჩავარდა და კინაღამ სუიციდამდე მივიდა. ის მხოლოდ შვილებმა გადაარჩინეს. სამი წლის განმავლობაში გლოვობდა ლადოს. ამ დროს ყოფილი ქმარი - სერგეი დაუკავშირდა და შვილის, გიორგის რუსეთში გაგზავნა სთხოვა, რათა კარგი განათლება მიეღო. მალე თავად ნინიძე და მისი ქალიშვილიც საცხოვრებლად საბჭოთა დედაქალაქში გადავიდნენ: ვარსკვლავი სამუშაოდ თეატრ-კაბარე "ღამურაში" მიიწვიეს.

მოსკოვში ბინის მისაღებად, მსახიობმა ფიქტიურად მოაწერა ხელი ვალერი ბოროვინსკისთან და მისი სამსახიობო კარიერა უკვე რუსეთში გაგრძელდა.

2012 წელს კი იას ახალი უბედურება დაატყდა, როდესაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

ქალიშვილთან ერთად

"ერთი ოპერაცია გავიკეთე და ექვსი თვის შემდეგ მითხრეს, რომ სასწრაფოდ მეორეც მჭირდებოდა. მთელი ჩემი ცხოვრება ჩემს თვალწინ მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმებივით მიტრიალებდა“, - იხსენებს ვარსკვლავი.

საბედნიეროდ, მსახიობმა დაავადების დამარცხება მოახერხა.

ია ნინიძის ვაჟი - გიორგი და მისი ქალიშვილი

"თითოეულ ჩვენგანს აქვს გარკვეული გენეტიკური კოდი. ჩემს ბედს არავის ვუსურვებ, მაგრამ სხვისასაც არ ვუყურებ მარტივად. თექვსმეტი წლისას შემიყვარდა, ოცდაშვიდი წლის კი სულ მარტო დავრჩი ამ ქვეყნად. მაგრამ მე მყავს ორი მშვენიერი შვილი. შესაძლოა, ჩემი წყლულებით ავარიდე გიორგის და ნინოს რაიმე უბედურება“, - ამბობს ვარსკვლავი...

მსახიობი ამაყობს შვილებით: ნინო ცნობილი მსახიობი გახდა, გიორგი კი ადვოკატი. იას შვილებისგან ორი შვილიშვილი ჰყავს...