ავტორი:

"ზოგან წყალი მუხლებამდე იყო, ზოგან მკერდამდე მწვდებოდა და ასე მეგონა, ფეხქვეშ მიწა მეცლებოდა" - საქართველო-მექსიკა-ამერიკა: ჯოჯოხეთის მარშრუტი სამოთხეში მოსახვედრად?

"ზოგან წყალი მუხლებამდე იყო, ზოგან მკერდამდე მწვდებოდა და ასე მეგონა, ფეხქვეშ მიწა მეცლებოდა" - საქართველო-მექსიკა-ამერიკა: ჯოჯოხეთის მარშრუტი სამოთხეში მოსახვედრად?

“მე და ჩემმა მეუღლემ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რამდენჯერმე შევიცვალეთ სამსახური. ზოგი დაიხურა, ზოგმა ხელფასი დაგვაკლო... ორი შვილი გვყავს და სულ ვამბობდით, რომ მათ ერთად გავზრდიდით, ნებისმიერ სიტუაციაში ერთად ვიქნებოდით... მეუღლეს ხელობა ეხერხება და რამდენჯერმე ჰქონდა ისრაელში წასვლის შანსი, არ წავიდა, იქნებ ერთად წასვლა შევძლოთო... ამერიკაში წასვლა ჩვენი ცხოვრების შეცვლის ბოლო შანსი იყო. მისი კლასელი წავიდა, იწვალა, იტანჯა, ციხეები გამოიარა, მაგრამ ბოლოს მოეწყო და ამოისუნთქა. ეს ჩვენთვის ბოლო წვეთი გახდა, ე.წ. წამყვანი ვიპოვეთ და გეგმების დაწყობას შევუდექით...” - ამბობს “გზასთან” საუბარში 42 წლის ლელა ჩართოლანი, რომელიც ოჯახთან, მეუღლესა და მცირეწლოვან შვილებთან ერთად მექსიკის გავლით ამერიკაში ჩავიდა.

- იმ დღიდან, როგორც კი წასვლა გადავწყვიტეთ, სოციალურ ქსელებში ყველანაირ ინფორმაციას ვკითხულობდით. ისე ვნერვიულობდი, ღამეები არ მეძინა; ხან ხელს ჩავიქნევდით, იქნებ არც ღირს წასვლაო, მაგრამ შემდეგ, დღეები, კვირები ისე გადიოდა, ვერაფერს ვცვლიდით და ვხვდებოდით, რომ უნდა გვებრძოლა... ყველა განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდიდა. გვეუბნებოდნენ, რომ ყოველი ნაბიჯი სარისკო იყო. დაგვაკვალიანებდნენ, ადგილამდე მიგვიყვანდნენ, მაგრამ შემდეგ, იმის გამო, რომ ამერიკა-მექსიკის საზღვარზე ვითარება სწრაფად იცვლება, ვერავინ ვერაფრის გარანტიას ვერ მოგვცემდა.

გვიხსნიდნენ, რომ აშშ-ის საზღვრამდე გზა რთულია, ძვირი და ზოგჯერ სიცოცხლისთვის სახიფათო, მით უფრო, თუ მცირეწლოვანი ბავშვებით მიდიხარ და ეს მართალიც აღმოჩნდა. ჯერ ამ უმძიმესი გზის დასაწყისში ვართ და უკან რომ ვიხედები, დეტალურად რომ მცოდნოდა, რისი გავლა მოგვიწევდა, არავითარ შემთხვევაში არ გავივლიდით ამ ჯოჯოხეთს... მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია, რამდენად სარისკოა აქ მოხვედრა და თითქოს ფსიქოლოგიურადაც მზად ვიყავით, მონაყოლსა და მოსალოდნელზე ათჯერ მძიმე დღეები გავიარეთ... გვითხრეს, რომ სულ ორი გზა არსებობდა - მექსიკაში ჩასვლით, რომლის ვიზა ძალიან მარტივად კეთდება და პოლონეთის სამუშაო, D კატეგორიის ვიზა.

ჩვენ მექსიკის გზაზე შევაჩერეთ არჩევანი, რადგან ყველაფერი ძალიან ოპერატიულად გვარდებოდა. დიდი დავიდარაბით ვიშოვეთ 15 ათასი დოლარი... მერე ვიზისთვის ელექტრონული განაცხადი შევავსეთ, შემდეგ კი თურქეთში, მექსიკის გენერალურ საკონსულოში უნდა ჩავსულიყავით გასაუბრებისთვის და მერე იქიდან ჩავფრენილიყავით მექსიკაში. თურქეთში, მექსიკის საელჩოში საკმაოდ ცინიკურად გვეპყრობოდნენ - საქორწინო მოგზაურობაში მიმავლებს არ ჰგავხართო. ჩემმა მეუღლემ უთხრა, რომ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა... არ დაასრულებინეს: თუ ასეა, იქ რატომ მიდიხართ, თურქეთში რატომ არ რჩებით, ბევრად უკეთესი სამედიცინო სისტემაა, მთელი საქართველო აქ გადმოდისო... მერე მაინც გაგვიშვეს. ჩვენს გადამყვანს შემზადებული ვყავდით - მთელი ამბავი ახლა იწყებაო და ასეც აღმოჩნდა: მოგზაურობა საზღვრამდე, ორი მცირეწლოვანი ბავშვით, რომლებიც ამდენდღიანი წანწალისგან ძალაგამოცლილები იყვნენ. ბოშებს ვგავდით, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ისინი მგზავრობას შეჩვეულები არიან. ჩემი შვილები ყველა სკამზე იძინებდნენ, კედელს მიეყუდებოდნენ და მაშინვე ეძინებოდათ, ჩანთებზე დასხდებოდნენ და თვლემდნენ. სახლში მინდა, მეძინება, საჭმელი მინდა, ჩემს ლოგინში მინდა - ეს ის ფრაზები იყო, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში გამუდმებით გვესმოდა. იმედია, გაამართლებს რისთვისაც მივდივართ, - მეუბნებოდა ჩემი სასოწარკვეთილი ქმარი. აუცილებლად გაამართლებს, - ვპასუხობდი რობოტივით და იატაკზე გაშლილ “ადეალებზე” ჩაძინებული შვილების დანახვისას ცრემლებს ვყლაპავდი. მექსიკის საკურორტო ქალაქ კანკუნამდე ჩავედით, იქიდან კი შიდა ფრენით სასაზღვრო ქალაქ ტიხუანაში გავემგზავრეთ. ეს მარშრუტი ჩვენი “გადამყვანის” მიერ იყო შედგენილი.

- გარკვეული თანხის სანაცვლოდ, არა?

- დიახ, 10-15 ათას დოლარს ითხოვენ, ზოგიც - 20-ს... მაგრამ იმის გარანტიას, რომ ამერიკაში მშვიდად ჩახვალ, არავინ გაძლევს. ის გაკვალიანებს და საზღვრამდე, კედლამდე მიჰყავხარ. თუ გაგვიმართლებდა და მესაზღვრეები არ დაგვხვდებოდნენ, მშვიდად გადავიდოდით. თუმცა მანამდე, სასტუმრო, ტრანსპორტირება, პოლიციის გაჩერების შემთხვევაში პრობლემები და სხვა დეტალები აგვარიდა. ხშირად გვიმეორებდა: ბავშვები შეამზადეთო, ოღონდ ვერ ვხვდები, ეს როგორ უნდა გამეკეთებინა. 5 და 7 წლის გოგო-ბიჭისთვის როგორ ამეხსნა, რომ უცხო ქვეყანაში ვიღაც პოლიციელები თუ გაგვაჩერებდნენ, არ ეტირათ ან ისტერიკაში არ ჩავარდნილიყვნენ. ეს ყველაზე რთული პროცესი იყო, რადგან იმხელა სტრესი მიიღეს, მერეც კარგა ხანს ვერ ლაპარაკობდნენ და ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდათ. საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა აშშ-ის სამხრეთ საზღვარს არალეგალურად კვეთს, ისე, რომ სტანდარტულ პროცედურებს კი არ გადის (ანუ მექსიკის მხარეს გაივლი შემოწმებას და შემდეგ, აშშ-ის მხარეს ბარდები ამერიკელ მესაზღვრეს), არამედ თავს არიდებს მექსიკის მხარეს სასაზღვრო კონტროლის გავლას, არალეგალურად კვეთენ აშშ-ის საზღვარს და ამერიკელ მესაზღვრეს ელოდებიან. ჩვენც ეს გზა ავირჩიეთ.

იქამდე ბევრისგან მოვისმინე, რომ 15 წუთში ამერიკის საზღვარზე იყო და ჩაბარდნენ. ალბათ მეც ამის იმედი მქონდა. ასეთი ადამიანების მშურდა. ჩვენს შემთხვევაში ასე არ მოხდა - მექსიკელი მესაზღვრეები, რომელთაც თურმე ყელში აქვთ ამოსული ამერიკაში გადასვლის მცდელობები, ყველა ბუჩქს, რომელსაც გადამყვანის “ინსტრუქციის” თანახმად უნდა ამოვფარებოდით, საგულდაგულოდ ამოწმებდნენ. ამიტომ, ცივ მდინარეში მოგვიწია შეტოპვამ, ერთი შვილი მეუღლემ შეისვა მხარზე, მეორე მე... ზოგან წყალი მუხლებამდე იყო, ზოგან მკერდამდე მწვდებოდა და ასე მეგონა, ფეხქვეშ მიწა მეცლებოდა. გაგრძელეთ კითხვა