ავტორი:

"თქვენი მმართველობის მოდელი უიმედოდ მოძველებულია და კატასტროფულად აფერხებს რუსეთის განვითარებას..." - დეპუტატები პუტინის წინააღმდეგ: რა ხდება რუსეთში?

"თქვენი მმართველობის მოდელი უიმედოდ მოძველებულია და კატასტროფულად აფერხებს რუსეთის განვითარებას..." - დეპუტატები პუტინის წინააღმდეგ: რა ხდება რუსეთში?

პერიოდულად, ანტიკრემლისტურ რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, პუტინის გუნდში არსებული დაპირისპირების შესახებ, რომელიც ხან მწვავდება, ხან მშვიდდება... თუმცა, რუსული მედიის ნაწილის მოსაზრებით, პუტინს გარშემო ჰყავს გუნდი შემოკრებილი, რომელიც მის სიგიჟეებს იზიარებს და ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს, მათი ნაწილი ღიად მოქმედებს, მედიასა და "ტროლების ფაბრიკებს" აფინანსებს, ზოგიც კი უჩუმრად მუშაობს. მთავარია, რომ ორივე ნაწილი ერთ საქმეს ემსახურება.

ამჯერად, ხარკოვის მიმართულებით უკრაინული ძალების მიერ წარმოებული კონტრშეტევის გარშემო დაიძაბა სიტუაცია. dw.com-ის რუსული სამსახურის ცნობით, მოსკოველმა დეპუტატებმა, პეტერბურგელების კვალდაკვალ, პუტინს მოუწოდეს, გადადგეს.

"გთხოვთ, დაკავებული პოზიციიდან გადადგეთ, რადგან თქვენი ხედვა, მმართველობის მოდელი უიმედოდ მოძველებულია და კატასტროფულად აფერხებს რუსეთის განვითარებას, მის ადამიანურ პოტენციალს" - ნათქვამია ლომონოვსკის რაიონის მუნიციპალური დეპუტატების მიმართვაში, რომელიც მათ რუსეთის პრეზიდენტს გაუგზავნეს.

მიმართვის ავტორების მოსაზრებით, პუტინისა და მისი ქვეშევრდომების რიტორიკამ, რომელიც დაუნდობელი აგრესიით არის გაჟღენთილი, რუსეთი ცივი ომის ეპოქაში დააბრუნა, ქვეყნიდან მასობრივად გაედინებიან გონიერი და პროდუქტიული ადამიანები, დაპირებული სტაბილურობა და კეთილდღეობა კი არსად ჩანს.

უფრო ადრე, პუტინი მწვავედ გააკრიტიკეს სანქტ-პეტერბურგის მუნიციპალურმა დეპუტატებმა, ის სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულეს და მას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდეს. ასევე, მათ შეადგინეს ოქმები რუსეთის ჯარის დისკრედიტაციის შესახებ, რაშიც სწორედ პუტინია დამნაშავე.

ადგილობრივი ინტერნეტმომხმარებლების მოსაზრებით, რუსეთში პროტესტი დაწყებულია, ოღონდ ძალიან სუსტი და არავინ იცის, რა გაგრძელება ექნება, რადგან პუტინის როგორც საშინაო, ასევე, საგარეო პოლიტიკურ კურსს, ქვეყნის შიგნით, ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. თუმცა, მაინც კარგია, რომ ცენტრალურ ქალაქებში პროტესტის მუხტი იგრძნობა.

"ძალიანაც ნუ გვადარდებთ ამ ხალხის წასვლით. თუ წავიდნენ, დაე, სხვებიც გაჰყვნენ, ქვეყანაში ის ხალხი დარჩება, ვინც ადეკვატურია და ვისთვისაც სახელმწიფო ინტერესები მნიშვნელოვანია... თქვენ მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა გადარდებთ, რაში იზღუდებოდით არ მესმის, ცხოვრობთ, მუშაობთ, ერთობით, ჭამთ, სვამთ, მაგრამ იმის იქით არ იყურებით - მთელი დასავლური სამყაროა ჩვენს წინააღმდეგ და თურმე სადღაც ძველი ტანკი გაუყვანიათ და ამაზე ქილიკობენ - წერს სერგეი ჟუმალიევა.

"გასაგებია, რომ პროტესტი სუსტია, მაგრამ მთავარია დაიწყო... დღეს ორი-სამი მოსკოველი დეპუტატი ამოიღებს ხმას, ხვალ სხვები შეუერთდებიან, ყველას ვერ გააჩუმებს ეფესბე და პატრუშევი... ბევრი გაიქცა, მაგრამ ვიღაცები დარჩნენ, ვისაც წასვლას ბრძოლა ურჩევნია, რადგან ხვდება, რომ ასე ვერ გაგრძელდება" - წერს ფაზიხ ალახვერდიევი.

"მთავარია, ეს პროტესტი თავიანთი თავის გადასარჩენად არ წამოიწყონ, თორემ მათ პროტესტს ხალხი არ აჰყვება, რადგან მიხვდებიან, რომ ეს ხალხი, წლების განმავლობაში, პუტინისა და მისი გუნდის ნამოქმედარ ათას სისაძაგლეზე თვალს ხუჭავდნენ. რუსეთი უკრაინას 2022 წელს კი არა 2014 -ში დაესხა, მაგრამ მაშინ სანქციები არ დაუწესებიათ და არც პუტინის ბობოლები დაზარალებულან. ყველა ხომ ვერ გაიქცევა? ყველას ხომ არ შეუძლია თავისი რამდენიმე წლიანი, ფესვებგამდგარი ბიზნესი სხვა ქვეყანაში გადაიტანოს. ხედავენ, რომ კოტრდებიან, თავიანთი წლების ნაწვალები ჩაწყობით, ძალადობით, მუქარით, ხშირად სუსტი ადამიანების სისხლზე გაკეთებული ბიზნესები ეხურებათ და ამის ყურება ხომ აუტანელია?..

ეს დეპუტატები, გუშინ ხომ არ გამოჩეკილან? რამდენი წელია ეს სტატუსი აქვთ? დეპუტატობა კი, ჩვენს ქვეყანაში ყველაფრის კეთების, კანონზე მაღლა დგომის პრივილეგიას ანიჭებს ადამიანს, მათ ჩვენში დემოკრატიული წესით თითქმის არასდროს ირჩევენ. ამიტომაც, არ მჯერა იმ ადამიანების, ვისაც ახლა გაახსენდა, რომ რუსეთი არასწორად იქცევა, ჯარს და სახელმწიფოს აკნინებს" - წერს მარინა კაპუსტენკო.