ავტორი:

რა რაოდენობის წყალი უნდა მივიღოთ დღეში და როგორ ავირიდოთ ორგანიზმის გაუწყლოება, რომელსაც მძიმე შედეგები მოაქვს - ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან

რა რაოდენობის წყალი უნდა მივიღოთ დღეში და როგორ ავირიდოთ ორგანიზმის გაუწყლოება, რომელსაც მძიმე შედეგები მოაქვს - ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან

როგორც ცნობილია, ადამიანის ორგანიზმი 75% წყლისგან შედგება. ამიტომ ექიმების და გარკვეული დარგის სპეციალისტების რეკომენდაციაა, ორგანიზმს წყალი მივაწოდოთ.

ოღონდ, აქ ბუნებრივად ჩნდება კითხვები, - როდის, როგორ, რატომ და რა რაოდენობით უნდა მივიღოთ წყალი. ცხადია, ეს ყველაფერი ცოდნას მოთხოვს.

AMBEBI.GE-ს კითხვებს ექიმი-ენდოკრინოლოგი ნინო ხაბეიშვილი პასუხობს:

- როგორც აღნიშნეთ, ჩვენი ორგანიზმის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი წყლისგან შედგება. მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერ ორგანოს, ქსოვილს თუ უჯრედს არსებობისთვის და ფუნქციონირებისთვის წყალი სჭირდება. ამიტომ არ წყდება ინტერესი წყლის მიღებასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია წყლის მიღების შესახებ მინიმალური ცოდნა ყველას ჰქონდეს, რათა მარტივად ავიცილოთ თავიდან საკმაოდ გავრცელებული დაავადებები, რომლებიც მხოლოდ არასაკმარისი წყლის მიღებით შეიძლება იყოს პროვოცირებული.

- ექიმები ამბობენ, რომ დღე-ღამეში 2 ლიტრი წყალი ნორმაა. ვთქვათ, 1 ლიტრი რომ იყოს?

- არ არსებობს ერთი უნივერსალური ფორმულა, რადგან სადღეღამისო მოთხოვნილება წყალზე არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ფიზიკურ აქტივობა, გარემოს ტემპერატურა და ტენიანობა. ამიტომ ერთი და იგივე ადამინისთვისაც კი დღიური მოთხოვნილება წყალზე სხვადასხვა დღისთვის განსხვავებულია. თუმცა არსებობს გარკვეული რეკომენდაციები: ამერიკის მეცნიერებათა, ინჟინერიის და მედიცინის ეროვნული აკადემიების რეკომენდაციით, ზომიერ კლიმატურ პირობებში მცხოვრები ჯანმრთელი მამაკაცი დღიურად საშუალოდ 3.7 ლიტრ წყალს საჭიროებს, ხოლო ქალი - 2.7 ლიტრ სითხის მიღებას.

ითვლება, რომ ადამიანი სითხის მხოლოდ 20%-ს იღებს საკვებიდან, დარჩენილი რაოდენობის მიღება სითხის სახით უნდა მოხდეს. ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) რეკომენდაციით, ჯანმრთელი მამაკაცი დღიურად საშუალოდ 2.5 ლიტრ წყალს საჭიროებს, ხოლო ქალი - 2 ლიტრ სითხის მიღებას. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ 33 მლ/კგ სითხის მიღება საშუალოდ დღიურად სითხეზე ორგანიზმის მოთხოვნილებას აკმაყოფილებს.

რაც შეეხება იმას, საკმარისი იქნებოდა თუ არა 1 ლიტრი წყლის მიღება, თუ ადამიანის წონა დაბალია და სითხეზე დარჩენილ მოთხოვნილებას ავსებს საკვების სახით, არ აქვს გაუწყლოების ნიშნები, შესაძლოა ინდივიდუალურად, იშვიათ შემთხვევაში 1 ლიტრი წყალი საკმარისი აღმოჩნდეს გარკვეული პიროვნებისთვის, გარკვეულ დღეებში. დამატებითი ფიზიკური აქტივობის, გარემოს ტემპერატურის და ტენიანობის მატების დროს 1 ლიტრი სითხე ვერ დააკმაყოფილებს მოზრდილი ადამიანის სითხეზე დღიურ მოთხოვნილებას.

- როდის უნდა მივიღოთ წყალი და ერთჯერადად - რამდენი?

- სასურველია, წყალი, პირველ რიგში, მაშინ მივიღოთ, როდესაც ორგანიზმი გვთხოვს, ანუ როცა გვწყურია. ასევე ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, თითქოს წყლის დაყოლება საკვებისთვის საზიანოა, მცდარია. მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ წყლის მიყოლება საკვებზე პირიქით, დადებით გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.

თუ საკვებზე წყლის მიყოლების შემდეგ ადამიანს ეწყება დისპეპსიური მოვლენები: შებერილობა, ბოყინი და ა.შ. გასტრო-ენტეროლოგს უნდა მიმართოს და წყლის მიღებასთან დაკავშირებით მისი რეკომენდაციები გაითავლისწინოს.

დროის მოკლე მონაკვეთში დიდი რაოდენობით სითხის მიღება შესაძლოა სისხლში ნატრიუმის დაქვეითების - ჰიპონატრემიის მიზეზი გახდეს, რაც საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. ამას ძირითადად ადგილი აქვს სპორტსმენებში ვარჯიშისას, დიდი რაოდენობით სითხის მიღებისას. ვინაიდან არ არის ზუსტი მონაცემები დროის რა მონაკვეთზე და რა რაოდენობის სითხე იწვევს მსგავს მოვლენას, ექპერტების რეკომენდაციით, ჰიპონატრემიის თავიდან აცილების მიზნით, 1 საათის განმავლობაში მიღებული სითხის რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 1 ლიტრს.

- უზმოზე წყლის მიღება რაში გვეხმარება?

- უზმოზე წყლის მიღება დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაზე, ანუ მეტაბოლიზმზე. იწვევს ენერგიის მომატებას და იმუნიტეტის გაძლიერებას, გამოდევნის ტოქსინებს, თავიდან აგვაცილებს თავის ტკივილს და თირკმლის კენჭების განვითარებას. ასევე ხელს უწყობს ნაწლავების გაწმენდას და აუმჯობესებს თმის და კანის სტრუქტურას.

- ზოგიერთისგან მსმენია, ორგანიზმი არ მთხოვს წყალს და რატომ დავლიო, რატომ მივაწოდო ეს სითხე? ანუ წყურვილის შეგრძნება თითქმის არ აქვს... რა პასუხი არსებობს ასეთ კითხვაზე?

- პირველ რიგში უნდა დავადგინოთ რა რაოდენობით სითხეს იღებს აღნიშნული ადამიანი დღის განმავლობაში. თუ სითხეზე დღიური მოთხოვნილების შევსება ხდება არაჯანსაღი სითხით, სასურველია ჩავანაცვლოთ წყლით. თუ დღიურად მიღებული სითხის რაოდენობა მნიშვნელოვნად დაბალია სასურველზე, აუცილებელია წყლის მიღების შევსება მოხდეს. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ხანგრძლივი გაუწყლოების შედეგად განვითარებული დაავადებები.

- გაუწყლოება ორგანიზმში რას იწვევს?

- მსუბუქი ხარისხის გაუწყლოება იწვევს დაღლილობას, კანის სიმშრალეს, თავბრუსხვევას, თავის ტკივილს, არტერიული წნევის დაქვეითებას, ყაბზობას, სახსრების ტკივილს. კვლევებმა აჩვენა, რომ დღის განმავლობაში სითხის მნიშვნელოვნად დაბალი რაოდენობის (<800-900 მლ) მიღებისას შესაძლოა, გაიზარდოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, შარდ-კენჭოვანი დაავადებების და ინსულტის განვითარების რისკი. მძიმე ხარისხის გაუწყლოება ვითარდება დიარეის, ღებინების, მაღალი ტემპერატურის დროს, როდესაც გამოყოფილი სითხის რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს მიღებული სითხის რაოდენობას.

მძიმე ხარისხის გაუწყლოების დროს ირღვევა ელექტროლიტური ბალანსი, შესაძლოა განვითარდეს არითმია, თირკმლის უკმარისობა. აღნიშნული მდგომარეობა საჭიროებს დროულ მკურნალობას.

- ანუ წყალი მართლაც რეცხავს და წმენდს ორგანიზმს უარყოფითი ელემენტებისგან, ანუ ერთგვარი დეტოქსია?

- დიახ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წყალი გამოდევნის ორგანიზმიდან მავნე პროდუქტებს - ტოქსინებს. განსაკუთრებით კარგად ასრულებს დეტოქსიკაციის ფუნქციას თუ მას მივიღებთ მშიერ კუჭზე.

- დეტოქსიკაციისთვის სვამენ პიტნით, ლიმონით, კიტრით და ჯინჯერით შეზავბულ წყალს. ეს ითვლება წყლის რაოდენობაში?

- რა თქმა უნდა, ითვლება. მსგავსი ინგრედიენტების დამატებისას წყალთან ერთად ვიღებთ ანტიოქსიდანტებს და ვიტამინებს. წყალიც უფრო სასიამოვნოდ დასალევი ხდება.

- ზოგი სპეციალისტი მხარ უჭერს წყლის ჭამამდე მიღებას და ზოგი - ჭამის შემდეგ.

- წყლის მიღება ჭამის შემდეგ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ უქმნის პრობლემას კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, რაც შეეხება ჭამამდე წყლის მიღებას, ვურჩევთ პაციენტებს ჭარბი წონით და სიმსუქნით, რადგან კვლევებით დადასტურებულია კვებამდე 1/2 ან 1 სააათით ადრე 250-დან 500 მლ-მდე წყლის მიღება დადებით გავლენას ახდენს წონაში კლების პროცესზე.

- ასევე საინტერესოა, ყავას უნდა დავაყოლოთ თუ არა წყალი?

- ყავაში არსებულ კოფეინს აქვს მსუბუქი შარდმდენი ფუნქცია, რის გამოც ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ ყავასთან ერთად წყლის დალევა აუცილებელია. კვლევებით დადგინდა, რომ კოფეინი არ იწვევს გაუწყლოებას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წყლის მიღება კოფეინთან ერთად სასარგებლო არ არის.

- როგორი იქნება, წყალთან დაკავშირებით, ენდოკრინოლოგის ზოგადი, რეკომენდაცია.

- ჩვენ ვისაუბრეთ ჯანმრთელი ადამიანის მიერ წყლის მიღების სარგებელზე. არ უნდა გამოგვრჩეს, რომ თუ ადამიანი ბუნებრივად იღებს დიდი რაოდენობით სითხეს, აუცილებლად უნდა მიმართოს ენდოკრინოლოგს, იმისთვის, რომ გამოირიცხოს შაქრიანი ან უშაქრო დიაბეტის დიაგნოზი. რაც შეეხება ზოგად რეკომენდაციებს, მნიშვლევანია, თითოეულმა ჩვენგანმა მეტი ყურადღება დაუთმოს საკუთარ ჯანმრთელობას, მეტად მოუსმინოს საკუთარ სხეულს, ინდივიდუალურად მოირგოს სითხის მიღების ის ფორმა, რომელიც სასარგებლოსთან ერთად, სასიამოვნოც იქნება.