უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადა, რომ ამ დროისთვის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს არ აპირებს.
ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთის სტრატეგია იყო უკრაინის გარკვეულ ნაწილებში შეჭრა, დისკუსიებითა და შეთანხმებებით დროის მოგება, ძალის მოკრება და ახალი შეჭრის დაწყება.
მისი თქმით, ახლა უკრაინის მთავარი მიზანი ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებაა.
"ვიცი, რომ ზოგიერთი სახელმწიფო გვიბიძგებს მინსკის პროცესის მიმართულებით. მინდა ყველამ გაიგოს, რომ ერთი არის დიპლომატიური გადაწყვეტა და მეორე არის მინსკი-2, -3, -5, -10. ეს სხვადასხვა რამეა, რადგან მინსკი ცარიელი ქაღალდია, რომელიც რუსეთს მომავალ შემოჭრამდე დასვენების საშუალებას მისცემს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ჯერჯერობით რუსეთის ფედერაციის მხრიდან კონსტრუქციული დიალოგის სურვილს ვერ ხედავს.
"მე ვერ ვხედავ მათგან კონსტრუქციულობის სურვილს. რაც შეეხება მათ ულტიმატუმებს, არ მაინტერესებს ვინ წამოაყენა ეს ულტიმატუმები - პუტინმა თუ ვინმე სხვამ. ეს არის ჩემი პრინციპი: არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც აგრესორი უკრაინის ტერიტორიიდან თავის ჯარებს გაიყვანს.
"უკუნით სიბნელეშიც კი უკრაინა და ცივილიზებული სამყარო ნათლად ხედავს ამ ტერორისტულ აქტებს. მიზანმიმართული და ცინიკური სარაკეტო დარტყმები სამოქალაქო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. არანაირი სამხედრო ობიექტები“, - წერს ზელენსკი "ტელეგრამზე“.
ზელენსკი რუსებს მიმართავს, კვლავ ფიქრობენ თუ არა, რომ შეძლებენ უკრაინელების დაშინებასა და გატეხვას.
"ისევ გგონიათ, რომ ჩვენ "ერთი ხალხი ვართ“, კიდევ ფიქრობთ, რომ შეგვაშინებთ, გაგვტეხთ, დაგვარწმუნებთ დათმობაზე წავიდეთ? მართლა ვერაფერი გაიგეთ? ვერ გაიგეთ ვინ ვართ, რისთვის ვართ და რაზე ვსაუბრობთ?
გაზის გარეშე თუ თქვენს გარეშე? - თქვენს გარეშე, სინათლის გარეშე თუ თქვენს გარეშე? - თქვენს გარეშე, წყლის გარეშე თუ თქვენს გარეშე? - თქვენს გარეშე. საჭმლის გარეშე თუ თქვენს გარეშე? - თქვენს გარეშე.
სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი ჩვენთვის არ არის ისეთი საშინელი და მომაკვდინებელი, როგორც თქვენი "მეგობრობა და ძმობა“.
მაგრამ ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და ჩვენ ვიქნებით გაზით, დენით, წყლით და საკვებით... და თქვენს გარეშე!"- წერს ზელენსკი.