ავტორი:

ცნობილი ქართველი მსახიობი მიშა გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი მსახიობი მიშა გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი მსახიობი მიხეილ (მიშა) გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ambebi.ge-ს ეს სამწუხარო ამბავი მისმა მეუღლემ ქეთი კალანდაძემ დაუდასტურა. როგორც ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა გვითხრა, მსახიობს გულის პრობლემები ჰქონდა და მკურნალობას კლინიკაში გადიოდა, სადაც გარდაიცვალა.

მიხეილ გომიაშვილი 1961 წლის 23 მარტს დაიბადა. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი (ლილი იოსელიანის სახელოსნო). მუშაობდა "მეტეხის თეატრში". 1996 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. თეატრში შესრულებული როლები: პროფესორი (ამელი ნოტომი "საწვავი", რეჟისორი თათა პოპიაშვილი), ქართლოსი (მ. დოლიძე "მდგმურები", რეჟ. კანდიდ გურგენიძე), მსახიობი (ავთო ვარსიმაშვილი "ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია", რეჟ. ავთო ვარსიმაშვილი), მაცხოვარი (ილია ჭავჭავაძე "განდეგილი" , რეჟ. სანდრო მრევლიშვილი), დიუპრე (პეტერ ვაისი "მარატ-სად"-ის მიხედვით "დირექტორი აბაზანაში", რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი), ანტონა (დავით კლდიაშვილი "უბედურება" რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი), ნიკოლოზი (ლაშა თაბუკაშვილი "თოვლივით თეთრი თოვლი" რეჟისორი ანდრო ენუქიძე), ექიმი ესტერმარკი (ავგუსტ სტრინდბერგი "მამა", რეჟ. თემურ ჩხეიძე) და სხვ.

მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“.

  • ambebi.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მსახიობის გადაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს