ავტორი:

"პოზიცია არ შემიცვლია... კვარაცხელია ძალიან მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ მე ფეხბურთელზე არ მაქვს საუბარი, მის სამოქალაქო პოზიციაზე ვსაუბრობ" - რას აცხადებს ვახო სანაია ხვიჩა კვარაცხელიაზე?

"პოზიცია არ შემიცვლია... კვარაცხელია ძალიან მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ მე ფეხბურთელზე არ მაქვს საუბარი, მის სამოქალაქო პოზიციაზე ვსაუბრობ" - რას აცხადებს ვახო სანაია ხვიჩა კვარაცხელიაზე?

ჟურნალისტ ვახო სანაიას დამოკიდებულება ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით საყოველთაოდ ცნობილია. მან ჯერ კიდევ ივლისში ფეხბურთელის "ნაპოლიში“ გადასვლისას დაწერა პოსტი, სადაც კვარაცხელიას პასუხი რუსეთის თაობაზე დასმულ კითხვზე, გააკრიტიკა.

"ქართველს, ოკუპირებული ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, უკრაინაზე რომ გკითხავენ და იტყვი, პოლიტიკაში არ ვერევიო, "ნაპოლიში" კი არა, "რეალში" რომ ითამაშო, მაგრად მკიდია უკვე. ამის გამო ერთხელ კრიტიკული სტატუსი დავწერე. მერე ვიფიქრე, იქნებ ბათუმში გადასვლის შემდეგ მაინც თქვას-მეთქი რამე და ცოტა შევარბილე. ისევ ხმა არ ამოიღო. ახლა იტალიაშია, ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს და იქაც კრინტი ვერ დაძრა პუტინზე.

არ ვიცი, რა ვალდებულებები აქვს ასეთი რუსულ კლუბთან, მაგრამ მართლა ვერ ვუგულშემატკივრებ, სანამ მკაფიო პოზიცია არ ექნება უკრაინაზე. ფეხბურთი ბოროტებაზე თვალის დახუჭვას არ ნიშნავს. ფეხბურთი პოლიტიკისგან არ იმიჯნება", - წერდა იმჟამად სანაია.

ამ სტატუსის შემდეგ, სანაიას კვარაცხელიას ფანები სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ. ის საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკრიტიკა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც, რომელმაც განაცხადა, რომ ვახო სანაია და მიშა მშვილდაძე ხვიჩაზე მაგარი თავდამსხმელები ვერასოდეს გახდებიან... შეურაცხმყოფელი პოსტები თვეებია გრძელდება და კვარაცხელიას თამაშისას და გოლის გატანისას, სანაიას ონლაინბულინგი ისევ თავიდან იწყება. სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა გუშინ გადაცემაში ჟურნალისტმა, რომელმაც განაცხადა, რომ მას კოლეგებიც არ ეთანხმებიან...

ვახო სანაია:

"მთავარ არხზე“ რამდენიმე თვის წინ ჟურნალისტებმა ფეხბურთელზე რაღაც კრიტიკული თქვეს, ესეც დაიმახსოვრეს, შემდეგ "ტვ პირველზე“ დადეს რაღაც ქარდი კვარაცხელიაზე, ეგეც ხელზე დაიხვიეს, კარგი, ჩემი ამბავი გასაგებია, მიშა მშვილდაძეს რას ერჩიან, არ ვიცი... ირაკლი კობახიძეზე მეტად მიშა მშვილდაძემ დამგმო, მაგრამ მაინც მასაც მიაკერეს ეს ამბავი...

საქმე ის არის, რომ ძალიან ბინძურ რამეს აკეთებენ. დაინახეს შესანიშნავი ფეხბურთელი მოედანზე და პარაზიტობენ ამ ამბავზე. მე ჩემი პოზიცია მაქვს, რომელიც არ შემიცვლია და არ შევიცვლი, მაგრამ ეს საერთოდ სხვა საკითხია. მოდით, ვნახოთ რას აკეთებს ხელისუფლება, იწყებს პრივატიზირებას კონკრეტული სპორტსმენის. გულშემატკივრებს ყოფს, და ეუბნება, რომ ოპოზიციას თურმე რაღაც არ უხარია, იმიტომ, რომ გოლს რომ გაიტანს, თურმე ამაზე ოპოზიციის გულშემატკივარი იბოღმება...

... ჩვენ გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები და ამას გამოვთქვამთ საჯაროდაც და ტელევიზიაშიც. ეს არ არის ტელეკომპანია "იმედი“, სადაც ერთი მესიჯი რომ მიდის, ყველა აქვეყნებს და კაკაფონიაა... ჩვენთან ასე არ ხდება. მე მაქვს ჩემი პოზიცია, ჩემს მეგობრებს აქვთ განსხვავებული პოზიცია. მაგალითად, პელეზე ყველა ამბობს, რომ გენიალური ფეხბურთელი იყო, მაგრამ მას თავის თავთანაც ჰქონდა პრეტენზია, რომ დიქტატორული რეჟიმი მის გამოყენებას ცდილობდა. კვარაცხელიას გააქვს შესანიშნავი გოლები და ძალიან მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ მე ფეხბურთელზე არ მაქვს საუბარი, მის სამოქალაქო პოზიციაზე ვსაუბრობ.." - განაცხადა სანაიამ გადაცემის მსვლელობისას.

იხილეთ ასევე: