ავტორი:

"დღე, როცა ვერ მოკლეს ილია“

"დღე, როცა ვერ მოკლეს ილია“

2022 წელი ქართველთა ეროვნულ ხატად ქცეული ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია. მისი დაბადებიდან 185 წელი სრულდება. მისი მკვლელობიდან კი 115 წელი გავიდა. 12 სექტემბერი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღეს წიწამურის გზაზე მოკლეს ილია.

ამ დღეს"ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდისა“ და საზოგადოებრივი გაერთიანება "ეროვნული იმპერატივის“ მიერ, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი პროექტის "დღე, როცა ვერ მოკლეს ილია“ ფარგლებში ღონისძიება უკვე მეცხრედ ჩატარდა.

გვესაუბრება პროექტის ორგანიზატორი, საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება, "ეროვნული იმპერატივის“ თანადამფუძნებელი, რეჟისორი და დრამატურგი გიორგი სავანელი.

გიორგი სავანელი

- გიორგი, რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ილიას მკვლელობის დღე?

- ვფიქრობ, რომ ამ დღემ განაპირობა ილია იდეების უკვდავება. ასე მგონია, რომ მან თავისი ცხოვრებით და მოღვაწეობით თავისი აღსასრული, მიზანმიმართულად აირჩია. ცხოვრების ბოლო წლებში ეუბნებოდნენ, - ფრთხილად იყავ, მკვლელობას გიპირებენო. მეტიც, ურჩიეს კიდეც, რომ დაცვა აეყვანა. მაგრამ ილიას უთქვამს,- სამშობლოში, არცერთ შემთხვევაში დაცვით არ გავივლი, დაე, მომკლან, თუ ეს ჩაფიქრებული აქვთო... ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ ის მიზანმიმართულად წავიდა ამ მსხვერპლზე, როგორც თავისი მოღვაწეობით, ასევე თავისი მრწამსისადმი ერთგულებით. ვიდრე ნიკო კეცხოველი ცოცხალი იყო, თურმე მიჰყავდა თავის სტუდენტები წიწამურში და ეუბნებოდა, რომ ეს არის ადგილი, სადაც ვერ მოკლეს ილიაო! ჩვენი პროექტის სახელიც აქედან დაიბადა.

დღეს ყველას პირზე აკერია ილია, მათ შორის მათ, ვისაც ილია ჭავჭავაძეზე არც არაფერი იცის და მისიც არ ესმის. ილია არის უდიდესი ეროვნული და სახელმწიფო მოღვაწე და სწორედ ამან განაპირობა მისი შემოქმედებაც და არა - პირიქით.

- მას რომ დღევანდელ საქართველოში ეცხოვრა, მისი მსოფლმხედველობა როგორი იქნებოდა?

- დღეს რომ ილია ცოცხალი ყოფილიყო, ალბათ პირველ რიგში დაწერდა "ბედნიერ ერზე" უფრო მძაფრს, სატირულ, უფრო დიდ ნიმუშს. აქედან გამომდინარე, მისი საზოგადოებრივი საქმიანობაც იქნებოდა კიდევ უფრო რადიკალური. ეს იყო ადამიანი, რომელმაც უკან დახევა არ იცოდა არავის წინაშე. მისთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტი და ორიენტირი იყო საქართველო და სამშობლო. ის ანალიტიკურად უდგებოდა და აფასებდა ყველაფერს. ილია არ იყო ლოკალური მოღვაწე, მისი ხედვა წვდებოდა ყველას და ყველაფერს... პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რასაც დღეს დემოკრატიული სამყარო ქადაგებს, ამას ქადაგებდა ილია ჭავჭავაძე ჯერ კიდევ როდის...

- შემთხვევითი არ იყო, მისი წმინდანად შერაცხვა...

- 1987 წელს, ილია ჭავჭავაძის 150 წლის იუბილეზე, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ფაქტს, იმიტომ რომ ეს იყო ის პერიოდი, როდესაც საბჭოთა მმართველობის პერიოდში, ამას ჰქონდა არა მხოლოდ რელიგიური დატვირთვა, არამედ პოლიტიკურიც.

- რამდენიმე წლის წინ, დაარსდა "ილია ჭავჭავაძის პრემია"...

- განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდობის მიმართულებით კატასტროფული მდგომარეობაა რეგიონებში. როგორც კი გვეძლევა საშუალება, მაშინვე მივდივართ სხვადასხვა მხარეს და ვცდილობთ, რაღაც ახალი შევძინოთ ამა თუ იმ რეგიონს. მივხვდით, რომ ამ საქმიანობას თავისი დრო და რესურსი სჭირდებოდა და ამიტომ, ილიას ხაზი რომ არ დაკარგულიყო, ჩვენმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა, 2015 წლის ბოლოს, დაეარსებინა შვილობილი ორგანიზაცია, -" ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“, რომელიც უშუალოდ ილიას მიმართულებას უხელმძღვანელებდა. გაგვიჩნდა სურვილი, რომ დაგვეარსებინა ილია ჭავჭავაძის პრემია, საზოგადოებაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის.

ძალიან გვიხარია, რომ პრემიას ისეთი ღირსეული ლაურეატები ჰყავს, როგორებიც არიან: უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, როსტომ ჩხეიძე, ილიკო და ნინო სუხიშვილები, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. წელს, უკვე მეექვსედ გაიცა პრემია, რომელის ლაურეატი გახდა მეცნიერი ზურაბ კიკნაძე, რომელმაც ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო ღონისძიებაზე მოსვლა. ჯილდო სიმბოლურად გადაეცა მის შვილს, რეზო კიკნაძეს. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას, რომელიც წლევანდელი ჩვენი ღონისძიებების მხარდამჭერია.

პროექტით - "ილია - 185 თბილისის ცის ქვეშ“ თბილისის ყველა რაიონში, ღია სივრცეებში, უშუალოდ, პირდაპირ ინტერაქტიულ რეჟიმში ჩვენ მივალთ თითქმის ყველა უბანში, სადაც გვექნება საჯარო ლექციები. მსახიობები წარმოადგენენ ილიას მკვლელობის შესახებ ნაწყვეტს ოთარ ჭილაძის რომანიდან, ილიაზე უფრო მეტია სასაუბრო, რათა საზოგადოებამ კარგად გაითავისოს მისი ღვაწლი, თითოეული ჩვენგანის და სამშობლოს წინაშე.

ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი