ავტორი:

"ინტერნეტით გავიგე, რომ ჩემს იდეას პარლამენტი განიხილავდა... გამიკვირდა ამდენი ლანძღვა-გინება, რასაც შემდეგ ჩემზე წერდნენ" - ვინ არის ბიჭი, რომელსაც ბებიის დღის იდეა გაუჩნდა?

"ინტერნეტით გავიგე, რომ ჩემს იდეას პარლამენტი განიხილავდა... გამიკვირდა ამდენი ლანძღვა-გინება, რასაც შემდეგ ჩემზე წერდნენ" - ვინ არის ბიჭი, რომელსაც ბებიის დღის იდეა გაუჩნდა?

"ისე ველოდი დღევანდელ ამბავს - პარლამენტი ბებიის დღის დაწესების საკითხს განიხილავდა, მაგრამ უარი თქვეს... ამჯერად უარია, მაგრამ ეგ არაფერი, მე ახლა ვიწყებ!.. ერთ-ერთი მთავარი ოცნება მქონდა და პრინციპში, მაქვს კიდეც, რომ ჩვენს ქვეყანაშიც იყოს ბებიის დღე, როგორც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაშია. რატომ მაქვს ასეთი ოცნება? იმიტომ, რომ ბებიები არიან ტკბილები! ბაბუებიც, ბუნებრივია და მე პირადად ვაპირებ, ძალიან მაგარი ბაბუა ვიყო, მაგრამ ბებოს სიყვარული საერთოდ სხვა არის!

იმდენი ლანძღვა-გინება ვნახე ამ ჩემი ინიციატივის გამო, გული კინაღამ გამისკდა, მაგრამ ეს ყველაფრის მოძულე ხალხი რომ არსებობს, ჩვენს გვერდზე ცხოვრობენ, ნუ, კარგი, მივეჩვიეთ. ისინიც ბევრნი არიან, სულელურად, აბსოლუტურად უადგილოდ რომ ხუმრობენ ყველაფერზე: იიი, ბებოს დღე და მერე ბიცოლა, მამიდა და პაპიდა...

მე ბებოს დღის ინიციატივა მქონდა და მაქვს კიდეც და აუცილებლად მივიყვან ამ საქმეს ბოლომდე!" - ეს მიშო სახვაძის პოსტია, რომელიც მას მერე გამოაქვეყნა, რაც ბებიის დღის ოფიციალურად დაწესებას, პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა... საკანონმდებლო ორგანოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მან მაისში მიმართა.

ვინ არის მიშო სახვაძე, როდის და რატომ გაუჩნდა ამ დღის დაწესების იდეა, AMBEBI.GE ამის გარკვევას შეეცადა.

- 4 წელი საბავშვო ბაღში ვმუშაობდი. მიშო ბავშვებმა დამარქვეს. მას მერე მიხეილი და მიშა დიდად აღარ მომწონს, როცა მომართავენ. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ბაღში აღმზრდელად ვმუშაობდი. მაშინ სტუდენტი ვიყავი და ყველანაირი სამსახური მინდოდა, შემეთავსებინა. მანამდე კი ბორჯომში ლიდერად გახლდით, ბავშვებთან ურთიერთობა გამომივიდა და მითხრეს, ამ კუთხით სცადეო, ვცადე და ბაღს 4 წელი შემოვრჩი.

- საკუთარ ოჯახზე რას გვეტყვით?

- 2 ვაჟი მყავს და საოცარი მეუღლე. ჩემი შვილებთან ურთიერთობიდან გამომდინარე (სამომავლოდაც მინდა, ეს ურთიერთობა კიდევ უკეთესი იყოს), მე და ჟურნალისტ ლადო გოგოლაძეს 2 წელიწადია, ერთ-ერთ ტელევიზიაში „მამების დრო“ მიგვყავს. ჩვენი და სხვების მაგალითზე ადამიანებს ვაჩვენებთ, როგორი შეიძლება იყოს სამაგალითო მამობა. ერთ-ერთ რადიოშიც დავიწყეთ იმავე სახელწოდების გადაცემა, სადაც უკვე ფსიქოლოგთან ერთად ვსაუბრობთ მამების, შვილების და ზოგადად ოჯახის ფაქტორზე.

- ბებიის დღის დაწესების იდეა, ინიციატივაზე რას გვეტყვით...

- ამას ახირება არ მინდა, დავარქვათ, რადგან უკვე რამდენიმე წელია, მართლა ოცნებად მაქვს გადაქცეული... საოცარი ბებიები მყავდა. სამწუხაროდ, ცოცხლები აღარ არიან. ერთი მერი ბიწაძე იმერელი იყო, მეორე - თბილისში დაბადებულ-გაზრდილი როზა ქაიხოსროშვილი. ორივეს ერთნაირად რთული და მძიმე ცხოვრება ჰქონდა გავლილი. მერი ბებო ინდაურისთვის ჭინჭარს საკუთარი ხელით ჭრიდა, დღემდე მახსოვს მისი დაკოჟრილი ხელები, სულ შრომაში იყო და იბრძოდა. მეორე ბებოც ასე იყო, მაგრამ წუწუნი და ცხოვრების მიმართ საყვედური, ერთხელ არ გამოუთქვამთ...

შვილიშვილებზე ორივე გამორჩეულად ზრუნავდა. მათ მაგალითზეც და კიდევ სხვა ნათესავი, ნაცნობი ბებოების მძიმე ისტორიების მაგალითზე მინდოდა, ერთი განსაკუთრებული დღე ჰქონოდათ. ჩავეხუტებოდით, მოვეფერებოდით. მით უფრო, რომ გარდაცვლილი ბებიებიც ხშირად აღდგომას გვახსენდება და მათ საფლავებზე მაშინ გავდივართ. მე ჩემი ბებიების საფლავებზე შვილები დამყავს, რომ იცოდნენ, ვინ იყვნენ და საფლავებს მათაც ვაწმენდინებ. კი, უნდა იცოდნენ, რომ საფლავსაც უნდა დასუფთავება და მოვლა.

...მოკლედ, მეგობრებისთვის ცნობილი იყო, ამ ჩემი ოცნების შესახებ. ლადო გოგოლაძე სულ მეუბნებოდა, ადექი და შეიტანე განცხადება პარლამენტშიო. ბოლოს ავდექი და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე განცხადება შევიტანე. მაისის მერე არავინ შემხმიანებია. 4 დღის წინ კი, ინტერნეტით შევიტყვე, რომ ამ საკითხს პარლამენტი განიხილავდა, გახარებული ვიყავი. მაგრამ უარი მივიღე, როგორც ჩანს, კარგად ვერ დავასაბუთე, ან იდეას მეტი დახვეწა სჭირდებოდა.

- ისე, ინტერნეტში ბევრი უსიამოვნო კომენტარი კი გაჩნდა...

- კი, გამიკვირდა ამდენი ლანძღვა-გინება და აგრესია. ამის წაკითხვის შემდეგ, ეს დღეები ძალიან გამიჭირდა. თან, რა საშინელი სიტყვებით მლანძღავდნენ, არც იცოდნენ, ვინ ვარ და რატომ მინდა ის, რაც მინდა. ისეთი ლანძღვა იყო, მიკვირდა, ასეთი რა დავაშავე-მეთქი?!. ჰო, იყო ასეთიც - ეტყობა, ევროპამ მოსთხოვაო... არც ევროპას, არც რუსეთს და არც კამბოჯას მოუთხოვია. ჩემი ოცნებაა და მის ასრულებას ვცდილობ.

- ცხადია, ამ აგრესიისთვის მზად არ იყავით. უბრალოდ, გულწრფელად გინდოდათ ამ დღის დაწესება. გინდოდათ, ბებიის დღე გვქონდეს საქართველოში და იმედსაც იტოვებდით, რომ ამ ინიციატივას მხარს დაუჭერდნენ... იქნებ ის არ მოეწონათ, რომ ჩვენი საყვარელი მსახიობის სესილია თაყაიშვილის დაბადების დღე, 17 სექტემბერი გქონდათ მითითებული (რადგანაც სესილია ყველას ბებიად არის აღიარებული).

- ორივე ბებიას 24 აგვისტოს ჰქონდა დაბადების დღე. მათი თარიღი რომ ამერჩია, არ ეფიქრათ, თავისი ბებიების დაბადების დღე უნდა აღგვანიშვნინოსო. სესილია თაყაიშვილის, გენიალური მსახიობის დაბადების დღე ამიტომ ავიღე...

- როგორც გავიგე, მიუხედავად უარყოფითი პასუხისა, გაჩერებას არ აპირებთ და ამ თემას ისევ შემოაბრუნებთ...

- მართალია იყო აგრესია, მაგრამ ბევრ დადებითი გამოხმაურებაც მქონდა, რაც იმის იმედს მაძლევს, რომ ეს საკითხი საბოლოოდ გამოვა. მსოფლიოში პირველად პოლონეთმა დააწესა ეს დღე. მერე ამერიკამ. ჯიმი კარტერის დრო იყო და კარგა ხანი მოუნდა ამ საკითხის გატანას. მეც შევუტევ მაგ ამბავს, იქნებ გამოვიდეს?!