ავტორი:

"ჩემი მხრიდან იყო ნული შეთავაზება, მისი მხრიდან კი არაერთი თხოვნა დასაქმებასთან დაკავშირებით" - კობახიძე გოგაშვილზე

"ჩემი მხრიდან იყო ნული შეთავაზება, მისი მხრიდან კი არაერთი თხოვნა დასაქმებასთან დაკავშირებით" - კობახიძე გოგაშვილზე

ბექა მამარდაშვილს საერთოდ არ ვიცნობ, სამწუხაროდ, ამ ადამიანთან არანაირი ნაცნობობა არ მაქვს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სოსო გოგაშვილის მიერ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ ოტოდან ბექა მამარდაშვილი მას უგზავნიდა კრებსებს, რომელსაც ის სპეციალურ ჯგუფს ამუშავებინებდა და ყოველ მეორე დღეს ივანიშვილთან, კობახიძესთან, პარტიაში და პრემიერ-მინისტრთან აგზავნიდა.

კობახიძის განმარტებით, სოსო გოგაშვილის განცხადებები „სრული აბსურდია“.

„ჩემთან თუ მოჰქონდა კრებსები, რანაირად შეიძლება არ ვიცნობდე? როდესაც ეს ადამიანი [სოსო გოგაშვილი] ამბობს, რომ მამარდაშვილს ჩემთან მოჰქონდა კრებსები, როგორც შეიძლება მას არ ვიცნობდე? სრული აბსურდია ეს ყველაფერი. რომ მაჩვენო, სახეზე არ ვიცნობ მამარდაშვილს. შეიძლება ის საინტერესო ადამიანია, მაგრამ არ ვიცნობ. აქედან გამომდინარე, ცხადია თუ რამდენად აბსურდულია მსგავსი განცხადებები“, - განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მან სოსო გოგაშვილს სამსახური შესთავაზა.

„რაც შეეხება შეთავაზებას, საუბარი იყო იმაზე, თითქოს ორჯერ ვიყავი მასთან სახლში ასული - 5 წლის წინ ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე და გოგაშვილი იყო სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე. იმ დროს რა შეთავაზება უნდა გამეკეთებინა სამსახურთან დაკავშირებით, არ ვიცი. ეს სრული აბსურდია, თვითონ იხლართებიან საკუთარ აბსურდში. რაც შეეხება სახლში ჩემს მისვლას, წლების განმავლობაში ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ვახშამზე დამპატიჟა, ვიყავი მისული, მათ შორის ხათრითაც. ადამიანურად ძალიან მძიმეა, როდესაც ამას მოგვიანებით რაღაცისთვის იყენებ. ის აღარ იყო სუს-ის უფროსის მოადგილე, ალბათ 2020 წელი იქნებოდა, საპარლამენტო არჩევნებამდე. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მასთან ვახშამზე ვიყავი ასული და ეს მოხდა მისი თხოვნით და დაპატიჟებით. ჩემი მხრიდან იყო ნული შეთავაზება, მისი მხრიდან კი არაერთი თხოვნა დასაქმებასთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემ მიმართ. ჩვენ გარკვეული პერიოდი ის პარტიაში გვყავდა 2018 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს რამდენიმე თვის განმავლობაში. ამის შემდეგ, როდესაც ის პარტიაში აღარ იყო, რამდენჯერმე გვთხოვა დასაქმება მეც და სხვებსაც პარტიაში. ჩვენი მხრიდან გამომდინარე პრობლემებიდან იყო უარყოფითი პასუხი, რაზეც უკმაყოფილება დააფიქსირა. ეს პრობლემები გამოვლინდა ახლა და არის საზოგადოების სამსჯავროზე.

წარმოიდგინეთ რომელიმე სხვა ქვეყანაში უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე ჯერ რომ პოლიტიკაში შევიდეს, ეს ხომ აბსურდია, და მერე გამოვიდეს და გამოიტანოს გარკვეული ინფორმაციები, რაც სახელმწიფოს ფუნქციონირებას და უსაფრთხოების სისტემას უკავშირდება. ამასთან ერთად, ვიგებთ, რომ მას დაუგროვებია 5 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება ამ პერიოდში. აქედან გვიჩნდება გარკვეული ეჭვები, რომ ის საქმიანობა, რომელსაც ის ახორციელებს სახელმწიფოს წინააღმდეგ, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, კარგად ანაზღაურებადია. 5 მილიონ დოლარს როცა გიხდიან ასეთ საქმიანობაში, ეს ეჭვები მძაფრდება.

მთავარი პრობლემა რა არის - არის სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, რომელიც დღეს მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამის სანაცვლოდ 5 მილიონის ქონება დააგროვა და მის აბსურდულ განცხადებებზე კომენტარი ყოველდღე უნდა ვაკეთოთ.

ერთ-ერთი მთავარი აბსურდი უკავშირდებოდა ბიძინა ივანიშვილს. გოგაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი უშუალოდ მას უმძიმეს დავალებებს აძლევდა. ბიძინა ივანიშვილი გოგაშვილს პირველად შეხვდა 2018 წლის ბოლოს, როდესაც ის აღარ იყო სუს-ის უფროსის მოადგილე. ამ შეხვედრას 15 მოწმეც ჰყავს. როდესაც ასეთ ტყუილს კადრულობს ადამიანი, კლებულობს ჩვენი მოტივაცია, რომ კომენტარები ვაკეთოთ მის აბსურდულ განცხადებებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.