"იურული პერიოდის პარკის" ავტორის მრავალმხრივი ცხოვრება

"იურული პერიოდის პარკის" ავტორის მრავალმხრივი ცხოვრება

ჯეფრი ჰადსონის ფსევდონიმით ამერიკელი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი მაიკლ კრაიტონი წერდა, რომლის წიგნებიც მთელ მსოფლიოში 150 მლნ ეგზემპლარად გაიყიდა, ბევრი მისი ნაწარმოები კი ეკრანიზებულია. 1994 წელს ერთადერთი ადამიანი იყო, რომლის ნაწარმოებები ერთდროულად ნომერ პირველი იყო ტელევიზიაში ("სასწრაფო დახმარება"), კინოხელოვნებაში ("იურული პერიოდის პარკი") და საგამომცემლო სფეროში ("გამოაშკარავება").

ძიება

მომავალი მწერალი 1942 წლის 23 ოქტომბერს დაიბადა ჩიკაგოში, თუმცა ნიუ-იორკის გარეუბანში გაიზარდა, როსლინში. მამამისი ჟურნალში მუშაობდა, დედა დიასახლისი გახლდათ, ოჯახში კი მის გარდა კიდევ სამი ბავშვი იზრდებოდა. როსლინის საშუალო სკოლაში წარმატებით თამაშობდა კალათბურთს, თუმცა ყოველთვის მწერლობაზე ფიქრობდა, ამიტომაც 1960 წლიდან პრესტიჟულ ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლობდა კემბრიჯში - ფილოლოგიის ფაკულტეტზე. თუმცა მისი სტილი ყოველთვის უკმაყოფილებას იწვევდა პროფესორებს შორის და ხშირად იღებდა დაბალ შეფასებებს.

1964 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, გადაწყვიტა, ინტერესთა სფერო შეეცვალა და კემბრიჯში ანთროპოლოგიის შესწავლას შეუდგა. მისმა წარმატებებმა ამ დარგში ყველა მოლოდინს გადააჭარბა, სწავლაში წარმატებისთვის ერთ წელიწადში ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში მოგზაურობით დააჯილდოვეს.

აშშ-ში დაბრუნებულმა ისევ შეიცვალა ინტერესთა სფერო და ამჯერად ექიმობა გადაწყვიტა, 1969 წელს ჰარვარდის მედიცინის სკოლაში დისერტაცია დაიცვა მედიცინაში, მცირე ხანს ბიოლოგიურ კვლევათა ინსტიტუტშიც კი მუშაობდა, თუმცა კერძო პრაქტიკაზე აღარ გადასულა, რადგან უკვე სამედიცინო სკოლაში სწავლის დროს დაიწყო წერა.

ფსევდონიმები და ლიტერატურა

იმ დროისთვის, 1977 წელს, მისი სიმაღლე დაახლოებით 2 მეტრი და 6 სანტიმეტრი იყო, ამიტომაც აიღო ფსევდონიმებად ჯონ ლანგი და ჯეფრი ჰადსონი. Lანგე - გერმანული გვარია და "გრძელს" ნიშნავს, სერ ჯეფრი ჰადსონი კი XVII საუკუნეში ცნობილი ჯუჯა იყო. ერთ-ერთი წიგნი თავის უმცროს ძმა დუგლასთან თანაავტორობით დაწერა და საერთო ფსევდონიმით გამოსცა - მაიკლ დუგლასი.

თავისი პირველი ნაწარმოები მაიკლ კრეიტონმა გაზეთ "ნიუ იორკ თაიმსს" შესთავაზა ჯერ კიდევ 14 წლისამ. უფრო სერიოზულად ფილოლოგიის ფაკულტეტზე სცადა წერა, უკვე 1960-იანი წლების შუალედიდან კი, სწავლის საფასურის ასანაზღაურებლად, პოლიციური რომანების წერას შეუდგა.

მისმა ერთ-ერთმა პირველმა რომანმა "აუცილებლობის შემთხვევაში" 1968 წელს დეტექტივების მწერალთა პრესტიჟული პრემია "ედგარი" მიიღო.

მსოფლიო აღიარება კი კრაიტონს 1993 წელს ეწვია, როცა ეკრანებზე გამოჩნდა ბლოკბასტერი მისი რომანის "იურული პერიოდის პარკის" მიხედვით. ამ ეკრანიზაციას დიდი ინტერესი მოჰყვა და მწერლის ძველ ნაწარმოებებსაც მეტი ხიბლი შესძინა, თვით "პარკი" კი 1993 წელს აშშ-ში თითქმის მთელი წელი იყო ბესტსელერებს შორის, რომლის ტირაჟმა 7 მლნ ეგზემპლარს მიაღწია. იმავე წელს აღიარეს კრაიტონი აშშ-ის ყველაზე პოპულარულ მწერლად, 1998 წელს კი 102 მლნ დოლარით მეოთხე იყო გასართობი ინდუსტრიის ყველაზე მდიდარი წარმომადგენლების სიაში. დღესდღეობით მისი წიგნების ტირაჟი მთელ მსოფლიოში 100 მლნ ეგზემპლარს აჭარბებს.

გარდა ამისა, კრაიტონის სცენარის მიხედვითაა გადაღებული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ამერიკული ტელესერიალი "სასწრაფო დახმარება", რომელმაც "ემის" 14 პრემია მიიღო.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, კრაიტონი სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი ერთადერთი ქალიშვილი ტეილორი კი 1988 წელს დაიბადა.

გარდა მწერლობისა და კინომოღვაწეობისა, კრაიტონი კომპიუტერების სფეროში ექსპერტად გამოდიოდა და ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ ერთ-ერთი პირველი სამეცნიერო-პოპულარული წიგნის ავტორიც გახლდათ ("ელექტრონული ცხოვრება: როგორ ფიქრობენ კომპიუტერები"), ასევე გახლდათ კომპიუტერული თამაშების "ამორძალისა" და "დროის ისრის" შემმუშავებელი.

გარდა ამისა, კიდევ მრავალი გატაცება ჰქონდა, ხელოვნების ნიმუშებს აგროვებდა, ექსტრასენსობით იყო გატაცებული და სპირიტულ სეანსებში მონაწილეობდა, ბოროტი ძალების განდევნის სეანსებსაც კი ატარებდა.

მწერალი 2008 წელს ლოს-ანჯელესში სიმსივნით გარდაიცვალა.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს