ავტორი:

"ყველა მეუბნება, - შოთიკოს გარდა ვერავინ გაგიძლებდაო" - რას ამბობს ეკა კვესიტაძე მეუღლესა და სტრესულ სამსახურზე?

"ყველა მეუბნება, -  შოთიკოს გარდა ვერავინ გაგიძლებდაო" - რას ამბობს ეკა კვესიტაძე მეუღლესა და სტრესულ სამსახურზე?

ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ გადაცემაში "მხოლოდ ლელასთან“ გულახდილად ისაუბრა პირად ცხოვრებაზე. ჟურნალისტი ამბობს, რომ მას საკმაოდ რთული ხასიათი აქვს და რომ არა მისი მეუღლე, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი, ამის გაძლება ბევრისთვის შეუძლებელი იქნებოდა...

ეკა კვესიტაძე:

"შოთიკო წარმოუდგენლად კომფორტულია, მე არ ვარ ტიპი, რომელიც სახლში მოერგება სხვას და რაღაცას დათმობს. უბრალოდ, გამიმართლა, რომ შოთიკოს აქვს კარგი ხასიათი. 21 წელია ერთად ვართ, მე ბიპოლარული ხასიათი მაქვს. შეიძლება ვიყო კარგ ხასიათზე, მერე ცუდზე, დეპრესიისკენ მიდრეკილი ვარ. ყველა მეუბნება, - შოთიკოს გარდა ვერავინ გაგიძლებდაო. მაგრამ შოთიკო არის სულ მშვიდი, სულ ერთ ხასიათზეა. მე არ ვიცნობ მეორე ადამიანს, რომელიც ასეთი იყოს. იცით, როგორი მყარი ფსიქიკის ადამიანია? მე ხომ სულ ასე დავხტივარ ხასიათებით, 21 წელია ვიცნობ და ის სულ კარგ ხასიათზეა. უიშვიათესად შეიძლება იყოს ისე, როცა ვეკითხები ცუდ ხასიათზე ხარ? - ადრე ვეკითხებოდი, დეპრესია ხომ არ გაქვს-მეთქი და მითხარი, ეგ რა არის და მერე გეტყვი მაქვს, თუ - არაო...

ჩემი უახლოესი მეგობრების და ოჯახის წევრების გარდა ვერავინ ხვდება, რომ ასეთი ხასიათი მაქვს. კლასიკური დეპრესია, როგორც დაავადება, არასოდეს მქონია და არც მინდა გამოვცადო. უბრალოდ, დეპრესიისკენ მიდრეკილი ვარ. შემიძლია რაღაც პერიოდი აჟიტირებული ვიყო, ბევრი იდეა მქონდეს, ბევრი ენერგია და მერე აბსოლუტურად, უენერგიოდ, უძალოდ, მხოლოდ ძილი მინდოდეს. იმდენად რთული ხასიათი მაქვს, რომ ხანდახან ვფიქრობ, როგორ მივაღწიე იმას, რასაც მივაღწიე. ასე როგორ გავძელი ამ რეჟიმში. ახლაც არ დავმალავ, რომ ძალიან რთულია ეს პერიოდი, ძალიან დაღლილი ვარ. 21 წელია აქტიურ ჟურნალისტიკაში ვარ და სულ სტრესებში. "რუსთავი 2“-ში ის 7 წელი სულ სტრესში და საკუთარ თავთან ბრძოლაში ვიყავი, ახლა "მთავარი არხი"... ჩემი სტრესი რა მოსატანი იყო იმასთან, რასაც ნიკა გვარამია გადიოდა, სულ კრიზისი იყო და ყოველდღე ახალი გამოწვევის წინაშე იდგა ეს ადამიანი. როცა წუწუნი მინდოდა, ვამბობდი, ეს როგორ გავაკეთო, როცა ნიკა ასეთი ადამიანია - მეთქი...

მიზანში ვარ ამოღებული, რამე რომ შემეშალოს და შეცდომა დავუშვა, ელემენტარულიც კი, ბარბარიზმი ვთქვა, გათრევენ, წარმოუდგენელი ბულინგის საგანი გახდები... ყველა ეთერის წინ ვფიქრობ, ახლა რამე არასწორად რომ ვთქვა, რა შეიძლება მოჰყვეს.

ბიძინა ივანიშვილთან ჩემი ცნობილი ინტერვიუ მახსენდება, 2018-ში საპრეზიდენტო არჩევნების წინ. დანა რომ დაგერტყა, სისხლი არ გამომივიდოდა. ძალიან მომზადებული წავედი. მაშინ, ვხვდებოდი, რომ რამე რომ შემშლოდა, არცერთი მხარე არ მაპატიებდა, დანის პირზე დავდიოდი. იმდენად ვცდილობ, რომ ეთიკური სტანდარტები არ დავარღვიო, არავის გამოუთქვამს ჩემს მიმართ პრეტენზია. რაზეც ვუთანხმდები ადამიანებს გადაცემის დაწყებამდე, იმას ვაკეთებ. ჩემთვის პირველი ჩემი რესპონდენტების ნდობაა. არ შემიძლია ვიყო დაუნდობელი... შეიძლება პროფესიულად რაღაც მნიშვნელოვანი ამბავი არ გავაკეთო და ადამიანობა წინ დავაყენო..."