ავტორი:

"ჩამომაცილეს ყველა საინფორმაციო საშუალებას, აკრძალული მაქვს რუსეთში სოლო კონცერტების გამართვა... ჩემი სინდისი სუფთაა..." - რას ამბობს ვალერი მელაძე ომსა და რუსეთში არსებულ ვითარებაზე (ექსკლუზივი)

"ჩამომაცილეს ყველა საინფორმაციო საშუალებას, აკრძალული მაქვს რუსეთში სოლო კონცერტების გამართვა... ჩემი სინდისი სუფთაა..." - რას ამბობს ვალერი მელაძე ომსა და რუსეთში არსებულ ვითარებაზე (ექსკლუზივი)

რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილი ნოდარ დუმბაძის სამი მოთხრობის მიხედვით იღებს ფილმს "ჩვენ ვხედავთ მზეს“, გადაღებები 8 თვეა მიმდინარეობს. როგორც რეჟისორი ამბობს, თვენახევარში ყველაფერი უნდა დასრულდეს. ფილმის პროდიუსერი რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ვალერი მელაძეა.

ambebi.ge მომღერალს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ექსკლუზიურად ჩაწერა.

- ბატონო ვალერი, როგორც გაირკვა, იმ ფილმის პროდიუსერი ხართ, რომელსაც რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილი იღებს. სიამოვნებით დათანხმდით ამ შემოთავაზებას?

- კი, ასეა, მაგრამ მის შინაარსობრივ მხარეს ძალიან არ ჩავღრმავებივარ, გიორგის ვენდობი, ვიცი, რომ ყველაფერს გულით და სულით გააკეთებს... ამიტომ, ყველანაირად, როგორც შევძელი, მივეხმარე.

გიორგი კიკალეიშვილთან ერთად

- კონკრეტულად დახმარება რაში გამოიხატა?

- ეს იყო მორალური მხარდაჭერა და ასევე გარკვეულწილად მატერიალურიც... დღეს სწორედაც აუცილებელია მივუბრუნდეთ ისეთ ავტორს, როგორიც ნოდარ დუმბაძეა. რთული და უცნაური დროა, როცა ადამიანები თავს ყველაფრის უფლებას აძლევენ. ისეთი დროა, როცა ამა თუ იმ საქციელს ახსნა არ აქვს. ამასობაში ვკარგავთ სწორ ორიენტირებს, ანუ იმას, სწორად როგორ ვიცხოვროთ. ბევრი საკუთარი ქმედების გამართლებას ცდილობს, რაც ცუდია. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები უბრალო ადამიანებზე მოგვითხრობს. მათ სწორ დამოკიდებულებებზე, სწორ პოზიციებზე, ადამიანებს შორის პატივისცემაზე, ეს მარტივი და უბრალო ამბები ყველასთვის მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი არ უნდა დაგვავიწყდეს და ცხოვრება ასე უნდა შევძლოთ. ვიღაცები კიდეც მიყვებიან ამ წესებს, მორალურ პრინციპებს, ფასეულობებს, მაგრამ ბევრი მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს. მათი პოზიციაა - დღეს შემიძლია როგორც მინდა, ისე მოვიქცე, მაგრამ მერე გამოვასწორო. არა, ასე არ გამოვა! ადამიანი ყოველთვის, ყოველ წუთს, დღე ისე უნდა ცხოვრობდეს, რომ არ დაკარგოს მორალური პრინციპები. ნოდარ დუმბაძის ყველა ნაწარმოები ამას გვასწავლის.

- რას ელით ამ ფილმისგან - გადამღები ჯგუფი დასახულ მიზანს შეასრულებს?

- ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, რომელ სივრცეში იქნება ის წარმოდგენილი... ამ რთულ პერიოდში ბევრი მოგზაურობა მიწევს, მათ შორის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც. დღევანდლამდე ქართველებთან - ჩვენთან ურთიერთობა პოზიტიურია, ისეთი კეთილგანწყობილები არიან, როგორც ახლობელი ადამიანები. ვფიქრობ, რომ ეს ფილმი ყველას მიწვდება და გააღვიძებს ისევ სიყვარულს, სიკეთეს და იმპულსს მისცემს კეთილგანწყობილ ურთიერთობებს. ეს ჩვენ, ქართველებსაც დიდ პასუხისმგებლობას გვანიჭებს, რადგანაც უნდა შევესაბამებოდეთ ამ სურათს, ამ დამოკიდებულებას...

- პრემიერაზე იქნებით?

- დიდი შანსია (50%-ზე მეტი) ჩამოვიდე. სურვილიც მაქვს და ვეცდები.

- ადამიანურ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ და შეუძლებელია, რუსეთ-უკრაინის ომს არ შევეხოთ. რაც დღეს უკრაინაში ხდება, თქვენზე ემოციურად რა გავლენას ახდენს?

- ეს უბედურებაა, რომელიც ჩვენ ყველას ერთად დაგვემართა. ეს მაშინვე ვთქვი, როცა ომი დაიწყო და ახლაც იმავეს გავიმეორებ. ისტორიულად არაფერი მსგავსი არ ყოფილა და სამწუხაროდ, ახლა ასეთი საშინელება მოხდა. ამ ყველაფერს დიდი ისტორიული შედეგები ექნება არა მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში, არამედ ადამიანური თვალსაზრისითაც. პოლიტიკას უნდა შეეძლოს, რომ სახელმწიფოებრივი და ადამიანური ურთიერთობები ერთმანეთს შეუსაბამოს. აქამდე ყველაფერი სხვანაირად იყო, ახლა რაც ხდება, ეს საოცრებაა, ეს ცვლის მთელ მსოფლიოს...

- გაქვთ თქვენს უკრაინელ კოლეგებთან ურთიერთობა, თუ ომის შემდეგ თქვენ შორის ყველანაირი კონტაქტი გაწყდა?

- უმეტესად ჩემს მეგობრებთან ვურთიერთობ, ვისთან ერთადაც უკრაინაში ინსტიტუტში ვსწავლობდი. გემთმშენებლობის ინსტიტუტი დავამთავრე და შემდეგ ასპირანტურაც. ჩემი მეგობრები შოკში არიან, ასეთ ამბავს არავინ ელოდა, მაგრამ ადრე თუ გვიან ჩვენ მაინც გვექნება ისევ ძველებური ურთიერთობა. ახლა მხოლოდ არტისტებზე, ცნობილ ადამიანებზე ყველაფრის გადაბრალება არასწორია. უადგილოა აქცენტების გადატანა იმ ხალხზე, ვისაც ამ თემაზე არანაირი გავლენა არ აქვს. ხომ ვამბობ, ისეთი დროა, ნებისმიერმა საზოგადოებისთვის საყვარელმა, ძვირფასმა ადამიანმა რაც არ უნდა თქვას, მარტივად შეუძლიათ მისი "გაშავება", დასვრა. ამაზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მუშაობენ. რაც არ უნდა თქვას ადამიანმა, ის გადაბრუნებული ფორმით შეიძლება იქნას მოწოდებული.

- მეშვიდე თვეა, ომი მიდის. როგორ ცხოვრობს რუსეთი, როგორ არიან ჩვეულებრივი ადამიანები, მოსახლეობა, რას ფიქრობენ და ერთმანეთში რაზე ლაპარაკობენ?

- ადამიანების გარკვეულ ჯგუფს დამცავი რეაქცია ერთვება. ბევრიც თითქოს ვერც ამჩნევს, რაც ხდება ჩვენს თავს. თავი ისე მოაქვთ, თითქოს ეს მათ არ ეხებათ. ალბათ ფიქრობენ, რომ უკრაინაში არ ჰყავთ ნაცნობები, მეგობრები, ნათესავები... და თუ აღელვებთ, ურჩევნიათ პირად პრობლემებზე უფრო იფიქრონ, ყურადღება ამაზე გადაიტანონ.

- როგორ ფიქრობთ, რამდენი პროცენტია ქვეყანაში ასეთი მოსახლეობის?

- ამის განსჯა, სიმართლე რომ გითხრათ, არ შემიძლია, ბევრს ამ თემაზე არ სურს ლაპარაკი და არც ლაპარაკობს...

- მას მერე, რაც ომთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია დააფიქსირეთ, ცნობილი გახდა, რომ რუსეთში თქვენი შევიწროება დაიწყო...

- კი, მე მოვხვდი შავ სიაში... ჩამომაცილეს ყველა საინფორმაციო საშუალებას - რადიოებს, ტელევიზიებს, პრესას. აკრძალული მაქვს რუსეთში სოლო კონცერტების გამართვა.

- და რას გრძნობთ ამ დროს?

- მე მშვიდად ვარ. ჩემი სინდისი სუფთაა... მიმაჩნია, რომ ეს მათი მხრიდან არ არის სწორი საქციელი. ჩემი კონცერტები ხომ სიყვარულზეა. ის არასდროს შეეხება პოლიტიკას - ეს ჩემთვის პრინციპული საკითხია. ისინი ამით მხოლოდ მე კი არ მიკრძალავენ მსმენელთან და მაყურებელთან შეხვედრას, მაყურებელსაც უკრძალავენ მოუსმინოს ჩემს მუსიკას. თუმცა არიან სხვა არტისტები, რომლებიც მღერიან და დაე, იმღერონ.

- რას ამბობენ თქვენი მსმენელები, გულშემატკივრები?

- ახლა სოცქსელების დროა... არიან ადამიანები, რომლებიც ამის გამო აღელვებულები არიან და ემოციებს სოციალურ ქსელში გამოხატავენ. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ასევე წერენ იმას, რომ თითქოს მე გამყიდველი ვარ! არავინ და არაფერი გამიყიდია. მაგრამ ახლა სუბიექტური დროა, რთულია ობიექტური განსჯა.

- რა იქნება შემდეგში? როდის დამთავრდება ომი? როგორ იქნება მომავალში ყველაფერი?

- ჩემი სურვილია, სიტყვა კონფლიქტი საერთოდ არ არსებობდეს... საერთოდ, ნებისმიერი კონფლიქტი ადრე თუ გვიან მთავრდება და მერე უკვე შემოქმედი ადამიანების საქმეა, რომ გაციებული ურთიერთობები ქვეყნებს შორის დაათბოს. როგორც ამბობენ, მხოლოდ სილამაზე, სიყვარული გადაარჩენს სამყაროს. ასე რომ, ვფიქრობ, რაღაც მომენტში შემოქმედი ადამიანები აიღებენ ისევ ხელში ინიციატივას, ყველაფერი დაალაგონ.

- როდის? - ამაზე პასუხი არ გაქვთ?

- ბევრ ანალიტიკურ სტატიას ვკითხულობ, ვიღაცების აზრით, ომი დიდხანს გაგრძელდება, ვიღაცების აზრით, სწრაფად დასრულდება. საერთოდ, ანალიტიკოსების აზრი არასდროს ემთხვეოდა რეალობას...

- რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს?

- საიდანაც დავიწყეთ საუბარი, იქიდან გავაგრძელებ. მკითხველს ვუსურვებ ნოდარ დუმბაძის პერსონაჟების პოზიტიური გრძნობებით ცხოვრებას. ისეთ სიყვარულს, სიკეთეს,