ავტორი:

"სასამართლომ გვითხრა, რომ კანონზე მაღლა კობახიძის დედა დგას" - რას აცხადებს ნოდარ მელაძე

"სასამართლომ გვითხრა, რომ კანონზე მაღლა კობახიძის დედა დგას" - რას აცხადებს ნოდარ მელაძე

ირაკლი კობახიძის დედამ "TV პირველს" სასამართლოში დავა მოუგო. მოსამართლემ "TV პირველის" წინააღმდეგ თამარ ზაალიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა. ნოდარ მელაძეს და მაკა ჩიხლაძეს 5-5 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით "TV პირველს" და რესპონდენტ თამარ მიქაუტაძეს კი 5 555 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

ლაპარაკია ტელევიზიის "შაბათის ეთერში" გასულ სიუჟეტზე, რომლის გამოც თამარ ზაალიშვილმა სასამართლოს მიმართა. მისი განცხადებით, სიუჟეტში წარმოდგენილი მოსაზრება სიცრუე და ცილისმწამებლური იყო, ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიზანი კი, მისი და მისი შვილის - "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება იყო.

"TV პირველი" აცხადებდა, რომ სარჩელის შეტანაც კი კანონის დარღვევით მოხდა, რადგან ვადა სიუჟეტის გასვლიდან სარჩელამდე დარღვეული იყო. მათივე თქმით, ზაალიშვილის ბრალდება უსაფუძვლო და აბსურდულია.

"სასამართლომ გვითხრა, რომ კანონზე მაღლა კობახიძის დედა დგას", - ასე შეაფასა ნოდარ მელაძემ სასამართლოს გადაწყვეტილება.

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება ყველა საჭირო ინსტანციასა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში.

"სასამართლო კლანის მიერ გამწესებულმა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება კანონის სრული დარღვევით, რადგანაც შინაარსიც რომ არ განვიხილოთ ამ გამოძიების, ვადები ჰქონდა ირაკლი კობახიძის დედა დარღვეული. თუმცა, დღეს სასამართლომ გვითხრა, რომ კანონზე მაღლა დგას მმართველი პარტიის თავმჯდომარის დედა. სასამართლოსგან ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო იმ განხილვების ფონზე, რომელიც მიმდინარეობდა. ამით კიდევ ერთხელ ცდილობენ, რომ საქართველოში ვეღარ შევძლოთ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გამოძიებების გაკეთება, ამით დაგვაშინონ და გაგვაჩუმონ. ჟურნალისტმა გამოიყენა ინფორმაციის გადამოწმების და მეორე მხარის ჩაწერის ყველა შესაძლო საშუალება, რომელიც ჰქონდა. ირაკლი კობახიძის დედა იმალებოდა კამერების წინ. ჟურნალისტური გამოძების ეთერში გასვლის შემდეგ რამდენიმე თვის შემდეგ გაახსენდა მას ეს ჟურნალისტური გამოძიება. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა საჭირო ინსტანციაში და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში და თინა ვაშაყმაძეს ვამხელთ, რომ ის არის მონა მოსამართლე, რომელსაც მართავს კლანი“. - ამბობს ნოდარ მელაძე. მის კომენტარს "TV პირველი" აქვეყნებს.