"ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, რომელიც მუნიციპალიტეტმა დაიწყო. ორ უმნიშვნელოვანეს გამზირზე - მელიქიშვილის და ქეთევან წამებულის გამზირებზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბოლო დროს დედაქალაქში განსაკუთრებულად გადატვირთულ საავტომობილო მოძრაობასა და გახშირებულ საცობებს.
"ალბათ, ბევრს უჩნდება კითხვა - რა ხდება, რატომ არის ასეთი საცობი ქალაქში, რომელიც არასდროს ყოფილა ამ მასშტაბის, განსაკუთრებით კი ცენტრალურ უბნებში. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ მისაუბრია. პასუხი ძალიან მარტივია - კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება. რეფორმის, რომელსაც ბოლო ათეული წლების განმავლობაში არავინ შეხებია. ჩვენ ვიცოდით, რას ვაკეთებდით, რამდენად მძიმე და რთული თემა იყო. ეს იყო მთლიანად ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა. მხოლოდ ეს არ არის პრობლემა, ის, რაც აწუხებს მოსახლეობას და გვაწუხებს ყველას - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სწავლა დაიწყო, ქალაქში, ცენტრალურ უბნებში შეინიშნება გადატვირთული მოძრაობა და გართულებული გადაადგილება.
ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, რომელიც მუნიციპალიტეტმა დაიწყო. ორ უმნიშვნელოვანეს გამზირზე - მელიქიშვილის და ქეთევან წამებულის გამზირებზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. არაერთხელ ვთქვით, რომ სადაც შევდივართ სამუშაოებით, გვინდა, რომ მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, რადგან დღეს გვაქვს უმძიმესი მდგომარეობა ამ მიმართულებით. ცხადია, მხოლოდ მოასფალტება და გზის საფარის შეცვლა არ იქნება გაკეთებული საქმე და ხვალ-ზეგ ისევ გადათხრა შეიძლება მოგვიწიოს დაზიანებული მილის გამო, ისევ სამუშაოების წარმოება შეიძლება მოგვიწიოს სხვადასხვა პრობლემის გამო.
ამიტომ ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღე თქვენთან ერთად - საზოგადოებას ავუხსენით, რომ არ გვინდა ზედაპირული სამუშაოების განხორციელება. გვინდა, რომ ძირეულად იყოს ცვლილებები განხორციელებული. პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციები და ამ პროექტის განხორციელებით კონკრეტული ქუჩა თუ გამზირი უკეთესი და ლამაზი ხდება, თუმცა ამას თან ახლავს დისკომფორტი და პრობლემები. მინდა მადლობა გადავუხადო განსაკუთრებით ამ გამზირებზე მცხოვრებ ადამიანებს. ძალიან კარგად ვიცი, თუ რა პირობებში მოუწიათ ზაფხულის გატარება. დღისა და ღამის განმავლობაში შეუწყვეტლივ მიმდინარეობდა მუშაობა, იყო მტვერი და ხმაური, რაც იყო სერიოზული დისკომფორტი ამ ადამიანებისთვის, მაგრამ ისინი გაგებით ეკიდებოდნენ ამ ყველაფერს, რადგან იციან, რომ ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის, რათა ჩვენი ქალაქი იყოს უფრო მოწესრიგებული, იყოს ლამაზი ქუჩებით და გამზირებით.
ამ პროექტების განხორციელება პრინციპულად მნიშვნელოვანია. როდესაც დავასრულებთ ამ სამუშაოებს, ვიწყებთ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას. მომავალ წელს ვიწყებთ ვაჟა-ფშაველას განახლებას და რეაბილიტაციას, ამის გარეშე შეუძლებელია ქალაქის მოწესრიგება. ყველას მოგწონთ ეს განახლებული და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით არსებული ქუჩები. ეს ყველაფერი გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
"კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, მაგრამ მეგობრებო, ყველა ვცხოვრობთ ამ ქალაქში და გვინდა ამ ქალაქის კეთილდღეობა, განვითარება. ამ სამუშაოების გარეშე შეუძლებელია ამ ყველაფრის გაკეთება. მე ძალიან კარგად მესმის თქვენიც, როდესაც ჩადიხართ ევროპულ ქალაქებში, ევროპულ ქვეყნებში ძალიან მოგწონთ იქ არსებული ინფრასტრუქტურა, როგორ არის ქუჩები მოწესრიგებული, როგორ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაბამისი ზოლები გამოყოფილი და როგორ სწრაფად არის შესაძლებელი გადაადგილება.
100%-ით დარწმუნებული ვარ, გაქვთ სურვილი, რომ იგივე ჩვენს ულამაზეს ქალაქში გაკეთდეს, იგივე პროექტები განხორციელდეს და ვირტუალურად ამის მომხრეები ხართ. გაქვთ სურვილი, რომ დედაქალაქის მერიამ ეს პროექტები განახორციელოს, მაგრამ როდესაც დისკომფორტი თითოეულ ჩვენგანს გვეხება, მაშინვე გრძნობთ უკმაყოფილებს, მაშინვე არ მოგწონთ ეს ყველაფერი. მაშინვე ვიწყებთ საუბარს, რას აკეთებს თბილისის მერია, ეს რა პროექტები ხორციელდება? მესმის, რომ არის დისკომფორტი, მაგრამ ამ ყველაფრის გარეშე ქალაქის განვითარება წარმოუდგენელია“,- განაცხადა კალაძემ.