ავტორი:

"ამ სახლს რაჭველი ხელოსნები შვიდი წელი აშენებდნენ... ამას თავისი მიზეზი ჰქონდა" - პირველი იმერული ოდა და რაჭიდან გადასახლებული გამყრელიძეების ამბავი

"ამ სახლს რაჭველი ხელოსნები შვიდი წელი აშენებდნენ... ამას თავისი მიზეზი ჰქონდა" - პირველი იმერული ოდა და რაჭიდან გადასახლებული გამყრელიძეების ამბავი

სახლი, რომელიც შვიდი თაობის ისტორიას ინახავს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდში მდებარეობს. ქეთევან ღიბრაძის თქმით, სახლი მისი ბებიის, ნინო გამყრელიძის ოჯახის საკუთრება იყო და იქ ცხოვრობდნენ ასევე მისი დედმამიშვილები: ნარგიზი, თამარი და ასევე აწ. განსვენებული ძმა გოგი გამყრელიძე.

ამ სახლს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს: თავის დროზე იმერეთის მეფეს - სოლომონ მეორეს უჩუქებია ერთგული მოურავისთვის (გ. გამყრელიძისთვის), წირქვალის, ანუ "ტურის ციხეზე'' მდგარა და მაშინ ჯარის ბეღელი იყო. ახალ პატრონს ბეღელი გაუშლია და ლამაზ ოდა სახლად უქცევია. სახლს რაჭველი ხელოსნები შვიდი წელი აშენებდნენ. ამდენ ხანს იმიტომ, რომ მისი ორმაგი საძირკველი, სარტყელი და რიკულები ხელით არის გამოჩუქურთმებული.

თავდაპირველად თხელი ფიცრით, ანუ ყავარით ყოფილა დახურული, შემდეგ კი ყავარზე კრამიტი დაუხურავთ, რომელიც სახლს დღესაც ამშვენებს.

"როგორც ბაბუ ამბობდა, მრავალჯერ მიუღია შეთავაზება, რომ სახლი გადაეტანათ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რაზედაც ბაბუს კატეგორიული უარი განუცხადებია, რადგანაც მისი დიდი სურვილი იყო, რომ ეს რელიქვია ოჯახს შეენარჩუნებინა.

ეს სახლი შვიდი თაობის ისტორიას ინახავს. სახლს ძირეული რესტავრაცია არასოდეს ჩატარებია. მხოლოდ მცირე დოზით მოხდა ჩარევა, რადგან დრო, რა თქმა უნდა, აზიანებს და ხელის შევლება სჭირდება. ამ ყოველივეს კი ყოველთვის გოგი ბაბუ ასრულებდა, ახლა ვცდილობთ, ჩვენ ისე შევინახოთ და გავუფრთხილდეთ, როგორც ამას ბაბუ აკეთებდა" - ამბობს ქალბატონი ქეთევან ღიბრაძე...

სახლის ერთ-ერთი მეპატრპონე ნარგიზი გამყრელიზე იმერეთში პირველი ოდას შესახებ გვესაუბრა. ნარგიზი და თამარ გამყრელიძეები მუდმივად ამ ოდაში ცხოვრობენ:

- გამყრელიძეები რაჭიდან, სოფელ წესიდან არიან... ჩვენს წინაპარს თამაზ გამყრელიძეს რაჭის ერისთავთან გარკვეული უთანხმოება ჰქონია, რის გამოც სახლი დაუწვეს და ოჯახი ამოწყვიტეს. ერთადერთი შვილი ელიზბარი გაძიძავებული ჰყოლია სხვა სოფელში და მხოლოდ ის გადარჩა... შემდეგ ელიზბარი ძიძამ იმერეთში გადმოიყვანა, თერჯოლაში დასახლდნენ, სადაც "გამყრელიძის გორა" ახლაც არსებობს... ელიზბარის შვილი ლევანი იმერეთის მეფის სოლომონ მეორის ბეჭდის მფლობელი გახდა... ყველა საბუთები მის ხელში გადიოდა... თერჯოლაში დაიბადნენ ლევანის შვილები ოტია და გოგია... მეფემ ელიზბარს და ლევანს დიდძალი მამულები მისცა, თავადობაც აღუდგინა... ეს ვერ აიტანეს თავადებმა, "ახლადგამომცხვარ თავადს" ეძახდნენ და იქაც სახლ-კარი გადაუწვეს...

ოტია და გოგია ბებიამ და დედამ თერჯოლიდან ჭიათურაში, სოფელ დარკვეთში გადმოიყვანეს და თავი იქ შეაფარეს... ოტია და გოგია ისევ მეფის კარზე იყვნენ, იქ გაიზარდნენ და შემდეგ ოტია მეფის მოურავი გახდა. გოგია იყო წირქვალის, (ახლანდელი ზოდის ტერიტორია) ტურის ციხის თავი.. წირქვალში ციხის ნანგრევები კიდევ არის შემორჩენილი. როცა გოგიამ ოჯახი შექმნა, მეფემ ციხის ბეღელი აჩუქა, რომელიც დაშალეს და ზოდში წამოიღეს. საბოლოოდ ზოდში ამოვიდნენ, სადაც ახლა ვცხოვრობთ.

სოლომონ მეფემ ბეღელი საჩუქრად იმიტომ გადასცა, დაეხმარა სანამ ახლადდასახლებული ხელს მოიწყობდა და წელში გაიმართებოდა... გოგიამ ბეღელი დაშალა, ხელოსნები რაჭიდან მოიწვია და არაჩვეულებრივი ოდა ააშენეს. ეს იყო ზემო იმერეთში პირველი ოდა და ყველანაირად გამორჩეული. ოდას ჩუქურთმები, აივნები ორ მხარეს აქვს... ჩუქურთები სულ ხელით არის გაკეთებული, აივნის ზევით ჭერთან და ქვევით იატაკთან. ანუ, საძირკველი და სარტყელი. ხის რიკულებიც მოჩუქურთმებულია..

- სახლს პირვანდელი სახით ინარჩუნებთ?

- სახლი დღესაც პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული... ერთადერთი სახლი ქვის ბოძებზე იდგა და შემდეგ ქვით გამოვაშენეთ. იატაკის ნაწილი შევცვალეთ, რიკულის თავები, რაც წვიმისგან დაზიანებული იყო. ეს ყველაფერი მამაჩემის - სიმონის დროს გაკეთდა, რაც აუცილებელი იყო...

რასაკვირველია მაქსიმალურად ვცდილობთ სახლი პირვანდელი სახით შევინარჩუნოთ, მაგრამ უკვე ჩვენც ასაკში ვართ... ორი წლის წინ ძმა გარდაგვეცვალა, რომელიც სახლს უვლიდა. გვყავს დისშვილები და იმედია სახლს ყოველთვის სათანადოდ მოუვლიან.

- თქვენ ამჯერად მუდმივად ამ სახლში ცხოვრობთ?

- დიახ, ორი და მუდმივად აქ ვცხოვრობთ... სახლი მთლიანად მუხის მასალისგანაა და რიკულები წაბლისაა. ხის მასალა რაჭიდან ურმებით ჩამოიტანეს... გოგიას ერთი ვაჟი როსტომი ყავდა, რომელიც სულ ამ სახლში ცხოვრობდა და პატრონობდა. ვინაიდან გოგია მეფესთან დაახლოვებული პირი იყო, მისი ვაჟი დედოფლის ნათლული გახლდათ. ერთმანეთთან ძალიან თბილი მიწერ-მოწერა ქონდათ, ეს წერილები ჩვენთან ინახებოდა.

ჩვენი სიძე გახლდათ აკაკი ბელიაშვილი, რომელმაც რომანი „ოქროს ჩარდახი“ დაწერა. იგი რომანის მეორე ტომის დაწერას აპირებდა, გამყრელიძეებზე დიდი მასალა წაიღო, მაგრამ ორ თვეში აკაკი ბელიაშვილი და მისი მეუღლე ავარიაში დაიღუპნენ... ჩვენგან წაღებული მასალები ვეღარსად ვიპოვეთ. ასე დაიკარგა უნიკალური წერილები.

სახლის ჯერ ჩიატაიას სახელობის მუზეუმში გადატანა სურდათ, მაგრამ მამამ ნება არ მისცათ და მომავალ თაობებს შემოუნახა... ხელნაწერთა ინსტიტუტმა ჩვენგან ხელნაწერი ბიბლიოთეკა წაიღო, მთელი ერთი დიდი კარადა. ჩვენთან ტყუილად უნდა დაძველებულიყო და უშურველად გავატანეთ.