ავტორი:

"ჩვენებაში დანაშაულის მოსამზადებლად 2 დღე ჰქონდა მითითებული... არანაირი თანამზრახველი არ ჰყოლია" - რას ამბობს გრიგოლ ნარსიას ადვოკატი გავრცელებულ ინფორმაციაზე?

"ჩვენებაში დანაშაულის მოსამზადებლად 2 დღე ჰქონდა მითითებული...  არანაირი თანამზრახველი არ ჰყოლია" - რას ამბობს გრიგოლ ნარსიას ადვოკატი გავრცელებულ ინფორმაციაზე?

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია 50 წლის ქალს ეძებს, რომელიც შესაძლოა, გრიგოლ ნარსიას თანამზრახველი ყოფილიყო. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალის ადგილსამყოფელის დასადგენად სამძებრო ოპერაცია ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

"ტვ პირველის" ცნობით, გრიგოლ ნარსიასთან ერთად სოფელ ბანოჯაში ვინმე ეკა ცხოვრობდა, რომელმაც სახლი სპეცოპერაციის დასრულებიდან მალევე, ჩემოდნებით დატოვა.

გრიგოლ ნარსიას ადვოკატი ციცინო ბაბუნაშვილი AMBEBI.GE-სთან უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ საქმის მასალებში მითითებულია, რომ გრიგოლ ნარსიას არანაირი თანამზრახველი არ ჰყოლია.

"გრიგოლ ნარსიას არსად არანაირი თანამზრახველი არ ჰყოლია. ის ჩვენებაში აფიქსირებს, რომ მარტო იყო და ძარცვის შესახებ ინფორმაცია არავის ჰქონდა. მან ჩვენებაშიც დაწერა და შეხვედრის დროსაც ისაუბრა დანაშაულის მოტივზე - მისი ერთადერთი შვილი გულის მანკით არის დაავადებული, მას შუნტირება აქვს გაკეთებული და ყოველწლიურად ჟვანიას სახელობის კლინიკაში გადის რეაბილიტაციას, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული. შეიარაღებასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ასაფეთქებლები არა ნამდვილი, არამედ ბუტაფორია იყო, მას ასევე ჰქონდა იარაღი ე.წ. სტარტოვკა (სასიგნალო იარაღი), მხოლოდ გასროლის ხმას რომ გამოსცემს და ხელყუმბარა, რომელიც მას სამხედრო ნაწილიდან აქვს წამოღებული. შესაძლოა, ისიც არ გამოდგეს ნამდვილი.

ნარსია ნამდვილად ნანობს ამ ყველაფერს და ამბობს, რომ მისმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ მიიყვანა დანაშაულის ჩადენამდე. გრიგოლ ნარსიას დაკავების დრო წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაგრამ ძალიან არის ნაცემი, იმიტომ გამოიყვანეს ნიღბით, რომ სახეზე მრავლობითი დაზიანება ჰქონდა. ჩემთვის საქმის მასალები ჯერ არ გადმოუციათ და მძევლები რას ამბობენ, ჩემთვის უცნობია, თუმცა მათ ტელეეთერებითაც აქვთ ნათქვამი, რომ ნარსიას მათთვის არანაირი ზიანი არ მიუყენებია.

თვითონ გრიგოლიც ამბობს, მძევლები თავისუფლად მყავდა, რაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ და პირიქით, 3 ადამიანი გამეპარა უკანა კარიდანო. ნარსიას თქმით, მისი განზრახვის შესახებ, არავინ არაფერი იცოდა.

  • ჩვენებაში მას დანაშაულის მოსამზადებლად 2 დღე აქვს მითითებული. დიდი არც არაფერი მომზადება უნდოდა იმიტომ, რომ ასაფეთქებლები გადაჭრილი პლასტმასის მილებითაა გაკეთებული. გრიგოლ ნარსიას წლებია, არსად უმუშავია. 2008-2010 წლებში ის დაცვის პოლიციაში მუშაობდა, ამის შემდეგ სასჯელაღსრულებაში - გეგუთის მე-14 დაწესებულებაში გადავიდა კონტროლიორად.

როცა ხელისუფლება შეიცვალა, 2012 წლიდან დაატოვებინეს სამსახური და მას მერე უმუშევარია. გრიგოლ ნარსიას ბრალს ხვალ წაუყენებენ. იმის ილუზია არ გვაქვს, რომ გაათავისუფლებენ, მაგრამ აღმკვეთ ღონისძიებად, სავარაუდოდ, წინასწარ პატიმრობას შეუფარდებენ, ხოლო მის ფსიქიკურ მდგომარეობას ექსპერტიზა დაადგენს" - ამბობს ადვოკატი.

ნახეთ ასევე;