ავტორი:

"44 წლის შემდეგ ახალი ცხოვრება დავიწყე..." - რატომ გაქრა "შაინინა" ტელეეთერიდან: ნასესხები 300 დოლარით დაწყებული საოცარი ამერიკული თავგადასავალი და ნიუ-იორკელი მეუღლე

"44 წლის შემდეგ ახალი ცხოვრება დავიწყე..." - რატომ გაქრა "შაინინა" ტელეეთერიდან: ნასესხები 300 დოლარით დაწყებული საოცარი ამერიკული თავგადასავალი და ნიუ-იორკელი მეუღლე

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი შაინინა, მანადე ნინო ბარათაშვილად ცნობილი, უკვე სამი წელია აშშ-ში იმყოფება. მან იქ იქორწინა კიდეც და ამჯერად ნინო მიჩელი გახლავთ. 3 წლის წინ უზარმაზარ ამერიკაში ერთი ჩემოდნით და ნასესხები 300 დოლარით ჩასული, საოცარ თავგადასავლებში აღმოჩნდა...

თუმცა მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი ასეთი ბედნიერი ფინალისთვის და შედეგისთვის ნამდვილად ღირდა. AMBEBI.GE მას ამერიკაში დაუკავშირდა. ნინომ გულღია და ემოციებით სავსე ინტერვიუ მოგვცა.

- ცხოვრებაში არის ეტაპები, რომელიც გარკვეულ დეკადებად იყოფა... 40 წლის რომ გავხდი, გარშემო ყველაფერი შეიცვალა და ძალიან მიყვარს ჩემი ცხოვრება 40 წლიდან, ყველაზე დიდი გარდატეხის პერიოდს დაემთხვა. ჩემს თავს ძალიან საინტერესო ამბები ხდება... თუმცა 2019 წლის 13 დეკემბერი კი საკმაოდ მძიმე დღე აღმოჩნდა, უკვე 44 წლის ვიყავი.

- რას გულისხმობ?

- სახლი, რომელიც ჩემი მშობლებისგან მემკვიდრეობით მერგებოდა, რომელიც სავსე იყო მთელი ჩემი მოგონებებით, შენაძენით, საყვარელი ნივთებით და არა მარტო ჩემი, ასევე ნამზითვით, დედაჩემის, ბებიაჩემის, დიდი ბებიის სახსოვრად გადმოცემულით... პირველი შვილთაშვილი ვიყავი და ბევრი სამახსოვრო, ძვირფასი ნივთი მქონდა არა მარტო მოგონებებისთვის და ჩემი ემოციებისთვის, არამედ ფასეულად ძვირფასიც. მოკლედ, ამ სახლში სოფელ დიღომში უმეტესად ზაფხულობით ავდიოდი. იმ წელს კი ფეხი მოვიტეხე, ყავარჯნებით დავდიოდი და ამის გამო დიღომში ასვლამ დიდი ხნის პაუზის შემდეგ მომიწია. კარი რომ გავაღე, გავშეშდი, გავიყინე. დარბეულ სახლში აღმოვჩნდი. ჯერ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა... რა არ ვიფიქრე... ეს იყო ტკივილი, შეურაცხყოფა, სევდა, დარდი, შიში და უამრავი კითხვა, რომელიც მოდიოდა, დღემდე მოდის და პასუხი არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სახლსა და პოლიციას საერთო ღობე ჰქონდა. მათი კამერები ხედავდა სახლის შესასვლელს, მთელ ეზოს. ეს დარბევა მაინც მოხდა. სადღაც დავუშვი, რომ თინეიჯერების გაკეთებული ხომ არ არის-მეთქი... ჩემს თავში დღემდე არ ჯდება, ასეთი ვის რა დავუშავე, ვისი სამიზნე უნდა ვყოფილიყავი, რომ ჩემი ქონება ასე გაემეტებინა.

მაშინვე ლაივი ჩავრთე, ადამიანების მხარდაჭერა მჭირდებოდა, რომ ისტერიკაში არ ჩავვარდნილიყავი. წარმოიდგინეთ, საკონცერტო ფორტეპიანოს, რომელსაც სპილოს ძვლის კლავიატურა ჰქონდა, კლავიშები ჰქონდა ამოღებული. ფანჯრები, მაცივრები ჩამსხვრეული... იქ დიდხანს ვერ გავჩერდი და შვილებთან თბილისში წამოვედი. მარიამმა რომ დამინახა ასე აკანკალებული, გაგიჟდა და მითხრა, წადი ამ ქვეყნიდან, გაეცალე აქაურობასო...

მოკლედ, ექსპერტთა ჯგუფმა 17 ზრდასრული ადამიანის თითის ანაბეჭდი აიღო... 2019 წლის 14 დეკემბერს პოლიციაში განცხადება რომ შევიტანე, მას მერე აღარ მომიკითხავს, მივიღე გადაწყვეტილება, ამერიკაში წამოვსულიყავი და 10 დღეში უკვე ნიუ-იორკში ვიყავი.

- ასე უცებ როგორ მოხერხდა?

- 10-წლიანი ვიზა მქონდა, 5 წლამდე ისე მედო, არ გამომიყენებია. მოკლედ, ფული მეგობარმა მასესხა, ჩავალაგე ჩემოდანი და მტკივანი ფეხით, კოჭლობით და ხელჯოხით ჩამოვედი.

- ვისთან?

- არავისთან... ერთადერთი, გამომგზავრებამდე მეგობარმა ნატო ჩადუნელმა დამირეკა, რომელიც ჰოლანდიაში ცხოვრობს, ლაივი უნახავს - რა ხდებაო? ვუთხარი, ამერიკაში უნდა წავიდე-მეთქი. იცნობ ვინმესო? არა, მაგრამ არ დავიკარგები, აქამდე ჯერ არ დავკარგულვარ-მეთქი. ნიუ-იორკში ჩემი მეგობრის დედა ცხოვრობს და დაგაკავშირებ და იქნებ დაგხვდესო. იმ ქალს მივწერე. მიპასუხა - ნატოს ახლობელი ხარ და გიპატრონებო. ნარგიზა .... ვერა, მაგრამ მისი ნათესავი დამხვდა და მასთან მიმიყვანა. 23 დეკემბერი იყო. ჯიბეში ნასესხები ფულიდან 300 ლარი მედო. ნარგიზამ შვილივით მიმიღო...

საერთოდ ქუდბედით და ბედის პერანგით დავიბადე და როგორც ძველები იტყვიან, ამის გამო ღვთის სიყვარული თან დამყვება. აქამდე იღბლიანი ვიყავი და აქაც ასეა, რაც ჩამოვედი, ამ ქვეყანაში ხელის გულზე მატარეს.

- და დარჩი იმ ქალბატონთან?

- 2 იანვარს, ბედობას, დილის 6-ის ნახევარზე ნარგიზა მაღვიძებს და მეუბნება, - შენ ახლა უნდა იმუშაო. თბილისში ბავშვები გყავს და მათ უნდა მიხედო. 25 წლის ამერიკაში ჩამოსულმა ქალმა, ემიგრანტმა კარგად იცოდა, რასაც ამბობდა... ინგლისურად სულ 100 სიტყვა ვიცოდი. ეს რომ გაიგო, ჩათვალე, ენა იციო... ამ ნათქვამმა დიდი რწმენა მომცა... ნარგიზამ ჩანთა ჩამილაგა, წადი, სამსახური გამოჩნდაო. ქალბატონი, ვისთანაც უნდა მემუშავა, 95 წლის რეიჩალ გოტლიბი აღმოჩნდა, საკონცენტრაციო ბანაკგამოვლილი ადამიანი. მოხუცებთან ურთიერთობა ჩემი სულის მოთხოვნილებაა, რადგანაც გინდა, რომ ვიღაცას დაუბრუნო შენზე გაწეული ამაგი, სითბო გასცე.

მერე მოხუცებს სხვანაირი სიყვარული შეუძლიათ. რეიჩალს მოძრაობა არ უჭირდა, ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებდა. მხოლოდ ტელევიზორის გადართვა, ტელეფონის ზარზე პასუხი და ასეთი წვრილმანებში სჭირდებოდა დახმარება. ის ასევე ყოველდღე „ჯეისისი“-ში (ებრაელების საკომუნიკაციო ცენტრი) დადიოდა, ებრაელი გახლდათ რუმინეთიდან. მამა რაბინი ჰყავდა, გერმანელებმა 7 ძმა თვალწინ დაუხვრიტეს. ფილმებია ამ ქალზე გადაღებული. მოკლედ, იმ ცენტრში ადამიანებთან ჰქონდა კომუნიკაცია, ფაქტობრივად, ერთობოდა. იქ მოდიოდა ვიღაც კაცი, 60 წელს ზემოთ და მასთან რუმინულად საუბრობდა. ...13 მარტს დარეკა რეიჩალის სახლის ტელეფონმა, ვუპასუხე.

მარიუსი ვარ, დღეს რატომ არ იყავით შენ და რეიჩალი ცენტრშიო? პაუზა მქონდა, მაგრამ ტირილით ვუპასუხე - რეიჩალი გარდაიცვალა-მეთქი. მართლაც მას გაჟონვა დაემართა... წინა დღეს კი ნიუ-იორკის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქალაქი პანდემიის გამო დაიკეტა და წითელ ზოლში იყო. ქუჩებში მოძრაობა არ შეიძლებოდა. ამიტომ მარიუსმა მკითხა - რას აპირებ, სად მიდიხარო? ტირილით ვუთხარი - ორშაბათამდე აქ ვიქნები-მეთქი. მერე სად მიდიხარ, აქ მეგობარი გყავსო? არა-მეთქი. ცალკე საძინებელი მაქვს, სადაც შენი მიღება შემიძლია, ჩემთან სახლში წამოდიო. მომაკითხა, თავისთან წამომიყვანა.

- ასე ენდე უცნობს?

- გარეგნულად ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ასაკიც სოლიდური ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, არ ვიცნობდი. კი დავთანხმდი, წავყევი, მაგრამ ცოტა ფიქრები ამეკვიატა, შიშმაც შემიპყრო... მანიაკი არ იყოს... მოკლედ, სახლში მიმიყვანა და მითხრა, აი, ოთახი, შედი და იცხოვრე, კორონა რომ დამთავრდება, სადაც მეტყვი, იქ წაგიყვანო. ისე მოხდა, რომ პანდემიიდან გამომდინარე, მოქმედების უნარი დავკარგეთ. პანდემია 2 წელი გაიწელა. საოცარ დღეში ვიყავი...

- პანდემია თითქმის დამთავრდა და შენ უკვე მარიუსის ცოლი ხარ...

- ჩემი და მარიუსის ურთიერთობა რომ დაიწყო, მარკესის „სიყვარული ჟამიანობის დროს“ გამახსენდა... ამ სახლში მაშინ რომ შემოვედი, მას მერე აქედან ფეხი არ მომიცვლია... ახალ მოსულს მარტში დეპრესია დამეწყო, მაგრამ მამა შვილს რომ მიხედავს, მარიუსმა ისე მიმიღო. ოთახიდან სანამ არ გამოვიდოდი, არ საუზმობდა. ყავას მიდუღებდა. მე კი ჩემს ამბავს ვტიროდი. მარიუსი ნიუ-იორკელია, ოღონდ, რუმინეთშია დაბადებული. 21 წლის იყო, ამერიკაში რომ ჩამოვიდა. მეუბნებოდა, აქ რომ ჩამოვედი, კარგად მახსოვს, რას ვგრძნობდი, ვიცი, როგორი ძნელია იყო ემიგრანტი. შენი დახმარებით მიმაჩნია, რომ სამყაროს წინაშე ვალი უნდა გადავიხადოო... ფული არ დახარჯო, საჭმელს მე გიყიდი. არაფერზე იფიქრო, არც დენის, არც წყლის, არც ქირის ფული მინდა,

როგორც ჩემმა ახლობელმა ადამიანმა ასე იცხოვრე. თუ რამე პერსპექტივა გაგიჩნდება, წადი და გააგრძელე ცხოვრება, თუ არადა, ყოველთვის ღია იქნება ეს კარი შენთვის. რეიჩალი ძალიან მიყვარდაო - მეუბნებოდა. მერე გადაწყვიტა, ჩემთვის დეპრესია მოეხსნა. ნიუ-იორკს დაგათვალიერებინებ, ქალაქიც ხომ უნდა შეისწავლოო. ფეხით მატარებდა დაცარიელებულ ნიუ-იორკში. საშიში სიჩუმე იყო. ჩვენ დავდიოდით იმ სიცარიელეში და ფოტოებს მიღებდა. რუმინეთში კინორეჟისორი და კინოოპერატორი იყო, ამიტომ ფოტოგადაღება არ ეშლება... მარიუსმა ქართულად ლაპარაკი ამიკრძალა, შვილებსაც ინგლისურად ელაპარაკე, ბავშვებმა ენა მშვენივრად იციანო. თუ რამეს დაწერ, მხოლოდ ინგლისურად. ინგლისურის არცოდნა არ გეპატიებაო. ყველა ოთახში ინგლისურ ენაზე მქონდა ტელევიზორი ჩართული. ჩვეულებრივი „ჯოჯოხეთი“ მომიწყო. ასე ვისწავლე ინგლისური. მერე პატარა-პატარა სამსახურები ჩნდებოდა და არ ვთაკილობდი, მომვლელის პოზიციაზე ვმუშაობდი. 100 წლის ადამიანიც მყავდა, რომელსაც ვუვლიდი. ეს იმხელა რაღაც იყო...

- სამსახურები ჩნდებოდა, მაგრამ მარიუსი არ გიშვებდა სახლიდან?

- არასდროს უთქვამს, წადიო... მეუბნებოდა, ფულს ნუ გამოეკიდები, რადგანაც შეიძლება, შეიშალოო. ის არასდროს საკმარისი არ არის. იმუშავე ათჯერ უფრო მეტი და შეეცადე, მალე დატოვო აქაურობა და შენს ქვეყანას დაუბრუნდე, ყველა ამას აკეთებს, რადგანაც შეიძლება აქ ასე ყოფნით ფსიქიკა დაგენგრესო. რა გავაკეთო-მეთქი? ისწავლეო და ვისწავლე. გავხდი ფსიქოლოგი, მადლობა ღმერთს, ონლაინსწავლებები გაიხსნა. დღეს ვარ ფსიქოთერაპევტი, ფსიქოკონსულტანტი და ერთადერთი მოქმედი ინტუიციური ფსიქოლოგ-თერაპევტი. ძალიან საინტერესო სფეროში ვარ. ჩემი, „შაინინას რეცეპტები“ გავაცოცხლე, მყავს კლიენტები, რომლებთანაც ვმუშაობ, მყავს ჯგუფები. ჩემს ცოდნას მონეტიზაცია მინდა, გავუკეთო. ხალხსაც დავეხმარო. რეალურად მართლა ბევრი კურსი გავიარე, მათ შორის, ერთი ჰარვარდის კურსი, ბედნიერების ფსიქოლოგია. ასე რომ, ვმუშაობ, მაქვს ბიზნესიდეები სხვადასხვა მიმართულებით.

- შვილებს ეხმარები?

- ჩემი ორივე სტუდენტი შვილი, სანამ კორონა დაიწყებოდა, სწავლის პარალელურად მუშაობდა. მაგრამ პანდემიაში ობიექტები დაიკეტა, სადაც მუშაობდნენ. მათ მე ვაფინანსებდი. ჩემი პატარ-პატარა დანაზოგები, ყველაფერი საქართველოში იგზავნებოდა. მერე დიღმის სახლი გავყიდე და რა ვალიც მქონდა, ყველაფერი გავისტუმრე. იქიდან თანხა რაც დამრჩა, ჩემს სწავლას მოხმარდა. დიდი თანხა მაქვს ჩემს სწავლა-განათლებაში გადახდილი. სამი წელი არ გავჩერებულვარ.

- როგორ მიხვედით შენ და მარიუსი ქორწინებამდე?

- ამ ადამიანის მიმართ დიდი მადლიერების გრძნობა მქონდა... სახლში რემონტის გაკეთებაშიც კი მივეხმარე, ბაღის მოწყობა-დამუშავებაში და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ არც ერთ დარგში გამოცდილება არ მქონდა. ეს საქმიანობა ჩემთვის თერაპიაც იყო, მშველოდა. აგვისტოში 100 წლის ქალთან რომ ვიყავი, ნიაგარასთან ცხოვრობდა, მარიუსს მივყავდი ხოლმე, რაშიც, როგორც ტაქსისტს, ფულს ვუხდიდი, რადგანაც არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა ვეტარებინე. ერთხელაც ჩემს წამოსაყვანად რომ მოვიდა, მეუბნება, გზას თუ გავაგრძელებთ, ნიაგარაზე მივალთ და წავიდეთო? რა დამიჯდება-მეთქი? - პირველი ეს ვკითხე. მგზავრობის ფულს არ გამოგართმევო... ნიაგარაზე მისული ისეთი საოცარი ემოციებით გავიტენე, ვერც გადმოგცემთ... და ჩვენი ურთიერთობაც დაიწყო. მივხვდი, რომ ეს უკვე მადლიერება აღარ იყო. ქორწინება კი რეალურად ჩვენი ნაცნობობის 2 წლის თავზე მოხდა. 2022 წლის 1 აპრილს მოვაწერეთ ხელი.

- გისმენ და შენი ნაამბობი რაღაც კინოფილმს ჰგავს...

- იმდენი რამ ხდებოდა, რომ ტირილი მინდოდა, მაგრამ მაქვს ნიჭი, იუმორით ვუყურო ამ ყველაფერს. ეს იმისთვის, რომ გადავრჩე და თავი არ მოვიკლა. ახალი ცხოვრება "44-ს +“ დავიწყე... ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოჯახს კიდევ შევქმნიდი. ძალიან გულნატკენი ვიყავი მამაკაცებზე და ურთიერთობა არავისთან მინდოდა.

- როგორ აფასებენ შენი შვილები დედას ამ ახალ ცხოვრებას?

- მარიუსის და ჩემი შვილების ურთიერთობა ძალიან ღრმა და სასიამოვნოა. ის მანამდე დაიწყო, სანამ ვიქორწინებდით და ჩვენი ურთიერთობა საერთოდ დაიწყებოდა. ჩემი შვილები იყვნენ ჩემი და მარიუსის თარჯიმნები. მარიამის სწავლის ფული მარიუსმა მომცა, რომელიც შემდეგ დავუბრუნე. მარიუსს ციფრულ ტექნოლოგიებთან, კომპიუტერულ სისტემებთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს, თუმცა ბანკშიც ერთ-ერთი განყოფილების დირექტორი იყო. მარიამმა მითხრა, მარიუსს რომ ვუსმენ, მგონია, კომპიუტერის დინოზავრს ვესაუბრებიო...

- ნინო, რამდენი იწვალე და რას იტყვი - ღირდა?

- ძალიან ღირდა. ცხოვრება არის ერთი ძალიან საინტერესო წიგნი. მეუბნებიან - არ „გიტყდება“ ხალხთან რომ დადიხარ და უვლიო. იცით, ამით როგორ სიამოვნებას ვიღებ? ისე, ერთადერთი ვარ ნათესაობაში, ვინც ადგა და უცხო ქვეყანაში წავიდა.