ავტორი:

ლიტერატურული პრემია "საბას“ საიუბილეო დაჯილდოება და გამარჯვებული ავტორები

ლიტერატურული პრემია "საბას“ საიუბილეო დაჯილდოება და გამარჯვებული ავტორები

22 სექტემბერს, თბილისში ლიტერატურული პრემია "საბას“ მე-20, საიუბილეო დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ჟიურიმ, რომლის წევრებიც იყვნენ: დიანა ანფიმიადი (პოეტი), ბიძინა მაყაშვილი (პუბლიცისტი), ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი), გიორგი მაისურაძე (მწერალი) და რახელ მარია გრაცფელდი (მთარგმნელი, ლიტერატურული შუამავალი) - გამარჯვებულები გამოავლინეს.

წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში პრემია ორ ავტორს ერგო: არჩილ ქიქოძეს რომანისთვის - "ხვლიკი საფლავის ქვაზე“ (სულაკაურის გამომცემლობა) და ირმა ტაველიძეს, რომანისთვის - "ბნელ წყლებში“ (გამომცემლობა დიოგენე). წლის საუკეთესო პოეტური კრებული ლელა სამანიშვილის "ავირეკლოთ“ გახდა, ხოლო წლის საუკეთესო პროზაული კრებული - რატი რატიანის (ნამდვილი სახელი: ნინო სურამელაშვილი) "მკვლელობა სადგურის უბანში“ .

"მკვლელობა სადგურის უბანში“ გამომცემლობა "პალიტრა L-მა“ გამოსცა. ეს ავტორის პირველი პროზაული კრებულია, რომელშიც სხვადასხვა ჟანრის მოთხრობებია შესული. ჟანრობრივი ეკლექტურობის მიუხედავად, ამ ტექსტების მთავარ პერსონაჟებს რეალური სამყაროს შიში და უიღბლობა აერთიანებთ. ისინი დამკვირვებლები არიან, გიდები, რომელთაც ირონიული ტონით შეუძლიათ დამზაფვრელი ამბების მოყოლა, მაგრამ ის სინამდვილე აფრთხობთ, რომელზეც გვიამბობენ. დეტექტივიც, დღიურის ფორმის ავტობიოგრაფიული მოთხრობაც, "ათას ერთი ღამიდან“ თანამედროვეობაში გადმოტანილი სიუჟეტიც, საბოლოო ჯამში, სოციალური დრამის სახეს იღებს და დღევანდელი ქართული ყოფის ყველაზე მტკივნეულ პლასტებს ეხება.

ავტორის მეორე წიგნი "რომეო იცინოდა“ გამომცემლობა "პალიტრა L-მა“ 2022 წელს გამოსცა.

მაია ალუდაური, გამომცემლობა "პალიტრა L-ის“ მთავარი რედაქტორი:

"ძალიან გვახარებს, რომ სწორედ ჩვენს წიგნს ერგო წლის საუკეთესო პროზაული კრებულის წოდება. გავრცელებული აზრია, რომ გამომცემლობები არ სწყალობენ მოთხრობებს, ჩვენი შეხვედრის ამბავი კი იმას მოწმობს, რომ ის, რაც ღირებულია, შეუმჩნეველი არ დარჩება. ნინო სურამელაშვილი, შემიძლია ვთქვა, რომ მართლა აღმოვაჩინეთ. ამბავი დაიწყო სტანდარტულად - გამომცემლობის ელფოსტაზე შემოვიდა უცნობი ავტორის კრებული. ასეთი შემოთავაზება უამრავი შემოდის. უბრალოდ, ამ მოთხრობებმა "თავი არ დამანება“ - დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში რამდენიმეჯერ დავუბრუნდი, საკუთარ თავსაც ვამოწმებდი. ბოლოს კი გამოვაცხადე, რომ "ხელიდან არგასაშვები“ ავტორი გამოჩნდა. მივწერე "ბატონ რატის“, რომ გამოვცემდით მის მოთხრობებს, რასაც მოჰყვა ყველაზე მოულოდნელი "აღიარება“ - ბოდიში, მაგრამ მე რატი კი არა, ნინო ვარო. დღეს ის კრებული წლის საუკეთესო კრებულად აღიარა საქართველოში ყველაზე ავტორიტეტული, სტაბილური და პრესტიჟული პრემია "საბას“ ჟიურიმ და ეს, რა თქმა უნდა, უზომოდ მახარებს. რაც შეეხება რომანს "რომეო იცინოდა“, ის უკვე შემდეგი ნაბიჯი და ასევე სერიოზული განაცხადია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნინოს ორივე წიგნი თანამედროვე ქართული ლიტერატურის ძალზე ღირებული შენაძენია. რამდენადაც მეტყველი და მრავლისდამნახველია ნინოს პროზა, იმდენად ჩუმია თავად ნინო. ყველაზე უტყუარი გზა მის გასაცნობად მისი შემოქმედებაა.

შეუძლებელია, არ დაგატყვევოს მისმა მახვილმა ხედვამ, იმის გააზრებამ, ადამიანის სულის ხვეულების როგორ სიღრმეებს სწვდება მის თვალი და, უწინარესად, მისი გული. ძალიან გადამდებია მისი თანაგანცდა თავისი პერსონაჟების, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი, ყველაზე დაჩაგრული, უფლებააყრილი ადამიანებისა და ჯგუფებისადმი. ის გამაოგნებლად გაბედულად, დაუნდობლად, მკაფიოდ წერს და ეს უნარი განსაკუთრებით შთამბეჭდავია. ორივე წიგნი აღბეჭდილია ამ ნიშნებით და ველოდი, რომ ამას აუცილებლად შენიშნავდა მკითხველიც და დააფასებდნენ პროფესიონალურ წრეებშიც. ასეც მოხდა და მადლობელი ვარ ჟიურის თითოეული წევრისა ამ გადაწყვეტილებისთვის. და, რა თქმა უნდა, საგანგებო მადლობა "საბას“ იმისათვის, რომ არსებობს და უკვე ოცი წელია, განსაკუთრებულ დინამიზმს სძენს ლიტერატურულ პროცესს ჩვენს ქვეყანაში.“

აღსანიშნავია, რომ "რომეო იცინოდა“ "თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ კონკურსის გამარჯვებული გახდა".

რატი რატიანი, მწერალი:

"გამარჯვებას იმდენად ველოდი, რამდენადაც არ ველოდი, რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს და დარწმუნებული ვერაფერში იქნები. ზოგადად, ეს პრემია ძალიან კარგია, რადგან ის ლიტერატურული პროცესების რაღაც რუტინას ქმნის, რომელიც აუცილებელია რომ ყველა სფეროში არსებობდეს. სტაბილურობის განცდას ქმნის. შეიძლება ბევრს არ მოსწონდეს ეს სტაბილურობის განცდა, მაგრამ საჭიროა.

ამ წიგნზე მუშაობის პროცესი ძალიან ხანგრძლივი იყო, რადგან 9-10 წლის განმავლობაში დაწერილი მოთხრობებია. ყველაზე დიდი მოთხრობა, რომლის სათაურიც აქვს კრებულს, 5 წლის წინ მქონდა დაწყებული. დაუმთავრებელ ნაწერებს ვინახავ-ხოლმე, ავიღე და ერთ თვეში დავამთავრე. ძალიან მინდოდა მისი დამთავრება. მოტივაცია ერთმა კონკურსმა მომცა, რომელშიც მართალია ვერ გავიმარჯვე, მაგრამ ეს მოთხრობა დავამთავრე, ეს სიკეთე მომიტანა. ინსპირაცია ნამდვილი ამბავი იყო, რომლის დამკვირვებელი მეც ვიყავი. იმ გარემომ იმოქმედა ჩემზე, სადაც მოხდა ეს ამბავი. რა თქმა უნდა, სიმართლე და წარმოსახვა არეულია ერთმანეთში, არ არის მთლიანად დოკუმენტური პროზა".

ლიტერატურული პრემია "საბას“ გამარჯვებულთა სრული სია კი ასეთია:

  • წლის საუკეთესო რომანი - არჩილ ქიქოძე, "ხვლიკი საფლავის ქვაზე“ (სულაკაურის გამომცემლობა) და ირმა ტაველიძე, "ბნელ წყლებში“ (დიოგენე)
  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული - ლელა სამნიაშვილი, "ავირეკლოთ“ (ინტელექტი)
  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული - რატი რატიანი, "მკვლელობა სადგურის უბანში“ (პალიტრა L)
  • წლის საუკეთესო პიესა - მანანა დოიაშვილი, "მეცამეტე თვე“ (ჟურნალი "პირველი სხივი“ #2)
  • წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - ნუგეშა გაგნიძე, "ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე“ (არტანუჯი)
  • წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - თემო რეხვიაშვილი, "კურიერის ამბები“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - ლანა ღოღობერიძე, "ვისთვის გალობს შაშვი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • წლის საუკეთესო ქართული თარგმანი - კატია ვოლტერსი, ოლგა ტოკარჩუკის "წიგნები იაკობისა ანუ დიდი მოგზაურობა“ (ინტელექტი)
  • საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში - დავით ჯიშკარიანი, "ბუცები და ტყავის ჩექმა“ (ზიარი) და რუსუდან გორგილაძე, "დიქტატურის გემო“ (სეზან ფაბლიშინგი)
  • პრემია ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი "არილი“

შეგახსენებთ, რომ ლიტერატურული პრემია "საბა“ 2002 წელს დაარსდა და ყოველწლიურად იმართება. გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, გადაეცემათ ფულადი პრემიებიც, რომელსაც თიბისი ბანკი გამოყოფს.