ავტორი:

"ვინ გადაწყვიტა, რომ ახალი სპორტის სასახლე ამ ადგილას უნდა აშენებულიყო, 360 გრადუსით არის სასაფლაოების გარემოცვაში" - ალეკო ელისაშვილი თეა წულუკიანს

"ვინ გადაწყვიტა, რომ ახალი სპორტის სასახლე ამ ადგილას უნდა აშენებულიყო, 360 გრადუსით არის სასაფლაოების გარემოცვაში" - ალეკო ელისაშვილი თეა წულუკიანს

ხომ არ იცით ვინ არის ის ადამიანი, ვინც გადაწყვიტა, რომ ახალი სპორტის სასახლე მაინც და მაინც იმ ადგილას უნდა აშენებულიყო - "ევრობასკეტის“ მატჩები ქუჩის მარცხენა მხარეს რომ მიმდინარეობდა, მარჯვენა მხარეს მიცვალებულებს კრძალავდნენ და სამგლოვიარო პროცესიები დადიოდა, - ასე მიმართა პარტია "მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე კულტურისა და სპორტის მინისტრს თეა წულუკიანს.

ელისაშვილის განცხადებით, ურბანული თვალსაზრისით ეს აბსოლუტური "ოროსნობა იყო“, რადგან სპორტის სასახლეს ქალაქის ცენტრთან მხოლოდ ერთი სატრანსპორტო არტერია აკავშირებს.

"96 მილიონი თქვით, რომ ახალი სპორტის სასახლე აშენდაო - მეც და, ალბათ, მთელ საქართველოს გვაქვს ასეთი კითხვა, ხომ არ იცით, ვინ არის ის ადამიანი, ვინც გადაწყვიტა, რომ ის სპორტის სასახლე მაინც და მაინც იმ ადგილას უნდა აშენებულიყო. ვინ არის ის უგუნური ადამიანი, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ 360 გრადუსით არის სასაფლაოების გარემოცვაში სპორტის სასახლე. "ევრობასკეტის“ მატჩები ქუჩის მარცხენა მხარეს რომ მიმდინარეობდა, მარჯვენა მხარეს მიცვალებულებს კრძალავდნენ და სამგლოვიარო პროცესიები დადიოდა. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ეს იყო აბსოლუტური ოროსნობა ურბანული თვალსაზრისით - ერთი ვიწრო სატრანსპორტო არტერია აკავშირებს ამ სპორტის სასახლეს ქალაქთან, ეს არის უნივერსიტეტის ქუჩა, რომელიც, რა თქმა უნდა, გადაიტვირთებოდა, როგორც კი იქ მატჩი იქნებოდა და გადაიტვირთა კიდეც. ჯოჯოხეთი იყო მატჩზე მისვლა, იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ვენტილაციის სისტემა არ არსებობდა, ზედა იარუსებზე კინაღამ დაიხრჩო ხალხი უჰაერობით“,- განაცხადა ელისაშვილმა.

მან მინისტრს კიდევ ერთი კითხვით მიმართა, როგორ მოახერხეს თეა წულუკიანის მიერ ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლებულმა ადამიანებმა დმანისში ისტორიული აღმოჩენის გაკეთება, მაშინ როდესაც მინისტრო მათი გათავისუფლების მიზეზად ნეპოტიზმსა და არაპროფესიონალიზმს ასახელებს.

"თქვენ თქვით, რომ მე მუზეუმიდან და ძეგლთა დაცვიდან ნეპოტიზმის, უცოდინარობის და პროფესიონალიზმის ნაკლებობის გამო გავუშვი ხალხიო, მაგრამ როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ თქვენ მიერ გაშვებულმა რამდენიმე არქეოლოგმა, რამდენიმე თვეში დმანისის რაიონის სოფელ ოროზმანში მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა გააკეთა - მთელი მსოფლიო რომ ლაპარაკობს იმ აღმოჩენაზე, პალეოლითის ეპოქის ადამიანის ნაშთები ისევ აღმოჩნდა დმანისში, რაც ადასტურებს, რომ ეს ინტენსიური საცხოვრებელი არეალი იყო. თუ უცოდინრები იყვნენ და არაპროფესიონალები, ასეთი მნიშვნელობის აღმოჩენას როგორ გააკეთეს და მეორე, მთელი მსოფლიო ლაპარაკობს ამ აღმოჩენაზე საქართველოს კულტურის სამინისტროს გარდა. რატომ სდუმხართ? ნუთი თქვენთვის არ არის ეს აღმოჩენა ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც BBC-სთვის და Reuters-ისთვის“,- განაცხადა ელისაშვილმა.