ავტორი:

როგორ მოხვდა მნიშვნელოვანი არტეფაქტი მისი ერთ-ერთი აღმომჩენის სახლში? - რას აცხადებს პალეონტოლოგი ნიკა ვანიშვილი 1.8 მლნ წლის წინანდელ კბილთან დაკავშირებულ სკანდალზე?

როგორ მოხვდა მნიშვნელოვანი არტეფაქტი მისი ერთ-ერთი აღმომჩენის სახლში? - რას აცხადებს პალეონტოლოგი ნიკა ვანიშვილი 1.8 მლნ წლის წინანდელ კბილთან დაკავშირებულ სკანდალზე?

ამ ცოტა ხნის წინ ambebi.ge წერდა, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანში, საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1.8 მლნ წლით დათარიღებულ ფენებში ადრეული ჰომო ერექტუსის ქვედა ყბის კბილი, მე-4 პრემოლარი აღმოაჩინა. არქეოლოგიისა და პრეისტორიის ეროვნული კვლევითი ცენტრის შეფასებით, ეს სენსაციური აღმოჩენაა. მომხდარს ბრიტანული მაუწყებელი BBC -იც გამოეხმაურა. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მნიშვნელოვანი აღმოჩენა სერიოზულ სკანდალში გაეხვა.

განცხადება ამის თაობაზე ეროვნული მუზეუმის "ფეისბუქგვერდზე" გავრცელდა, რომლის თანახმადაც უმნიშვნელოვანესი არტეფაქტი ერთ-ერთი არქეოლოგის სახლში ინახებოდა და რომ მომხდარით გენერალური ინსპექცია დაინტერესდა.

"ოროზმანის არქეოლოგიურ გათხრებთან დაკავშირებით 2022 წლის 1 ივლისს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გასცა ნებართვა ოროზმანში არქეოლოგიური გათხრების განხორციელების თაობაზე. თუმცა, 2022 წლის 20 სექტემბრამდე, არც სააგენტოს და არც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს არავითარი ოფიციალური ცნობა არ მიუღია გათხრების მიმდინარეობის ან მათი შედეგების შესახებ, და არც განათხარი მასალა ყოფილა წარმოდგენილი. ვინაიდან ცნობილი იყო ოროზმანში მნიშვნელოვანი აღმოჩენის შესახებ (ინფორმაცია ვრცელდებოდა მედია საშუალებებითაც) და ჩაითვალა, რომ არსებობდა მასალის დაკარგვის რისკი, 2022 წლის 19 სექტემბერს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, როგორც გათხრებზე ნებართვის გამცემმა ორგანომ, შექმნილი ვითარების შესახებ შეატყობინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გენერალურ ინსპექციას.

20 სექტემბერს, გენერალური ინსპექციის მიერ თბილისში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შენობაში, გამოკითხულ იქნა ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი (საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოქმედი თანამშრომელი), რომელმაც აღიარა, რომ ოროზმანის გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი ადამიანის კბილი ოროზმანიდან იქნა წამოღებული ისე, რომ არავითარი დოკუმენტი ამის შესახებ არ გაფორმებულა, მასალა მუზეუმში წარმოდგენილი არ ყოფილა და ის მას ჰქონდა წაღებული სახლში, სადაც ინახავდა ტანსაცმლის კარადაში საკუთარი ინიციატივით, რადგან "ნივთს ჰქონდა სამეცნიერო ღირებულება“.

მან ამის შესახებ თავად შეადგინა ახსნა-განმარტება და ხელმოწერით დაადასტურა ფაქტი. იმავე დღეს, ეროვნული მუზეუმის მოცემული თანამშრომლის მონაწილეობით, მისივე ბინაში, კულტურული მემკვიდრეობის გენერალური ინსპექციის მიერ ამოღებულ იქნა უძველესი ადამიანის კბილი ტანსაცმლის კარადაში განთავსებული ჩანთიდან. ჩანთაში მოთავსებული პაკეტი გაიხსნა თანამშრომლის თანდასწრებით, შედგა შესაბამისი ოქმი, დაილუქა ხელახლა იმავე პირის მონაწილეობით, რომელმაც ხელმოწერით დაადასტურა ყოველივე. ამოღებული მასალა (კბილი), დალუქულ მდგომარეობაში და კანონით დადგენილი წესით, 20 სექტემბერს ჩაბარდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მასალების მომზადება შესაბამისი მსვლელობის მისაცემად, მათ შორის, საქართველოს პროკურატურაში გადასაგზავნად.ამასთან, გამოირკვა, რომ კბილთან ერთად აღმოჩენილი სხვა ნივთები, რომლებიც როგორც თავისთავად, ისე კბილის დასათარიღებლად უმნიშვნელოვანესია, ყოველგვარი დოკუმენტაციის გაფორმებისა და მასალის სრულყოფილი აღწერის გარეშე, ოროზმანიდან ასევე გადმოტანილ იქნა (თარიღი უცნობია) თბილისში და არაოფიციალურად დასაწყობდა ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ ყოფილ შენობაში, რომელიც ავარიულია და სადაც არც ერთი ოთახი დაცული არ არის. 20 სექტემბერს, მოცემული მასალა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გენერალური ინსპექციის მიერ, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მონაწილეობით აღიწერა, შეიფუთა, დაინომრა, დასურათდა და ჩაბარდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს კანონით დადგენილი წესით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გავრცელდა კბილის ამოღების ვიდეოკადრებიც.

მომხდარზე ისაუბრა ოროზმანის არქეოლოგიური ძეგლის ერთ-ერთმა აღმომჩენმა, პალეონტოლოგმა ნიკა ვანიშვილმა. მან პირველი კომენტარი გააკეთა მედიასთან მას შემდეგ, რაც ოროზმანის არქეოლოგიური მასალით კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია დაინტერესდა. მან გაუგებრობა უწოდა იმ ფაქტს, რომ სამინისტრომ მის სახლში არტეფაქტის, 1.8 მილიონი წლის წინანდელი კბილის დროებით შენახვა კანონდარღვევად მიიჩნია და ახსნა, რა გარემოებების გამო მიიღო გადაწყვეტილება კბილის სახლში წაღების შესახებ.

მის კომენტარს "რადიო თავისუფლება" ავრცელებს:

"პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ჩემს 22-წლიან პროფესიულ კარიერაში.

სამწუხაროდ, მოხდა გაუგებრობა. გაუგებრობა მდგომარეობს იმაში, რომ როცა დასრულდა ექსპედიცია, 19 სექტემბერს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უნდა მოგვეხდინა მოპოვებული მასალის ტრანსპორტირება არქეოლოგიური ბაზიდან თბილისში, პალეობიოლიგიის ინსტიტუტში და ამ მასალას სჭირდებოდა ფრთხილად ჩატვირთვა ავტომობილში, მერე ფრთხილად ტრანსპორტირება თბილისამდე და შემდეგ მოვახდინეთ ამ მასალების გადატანა პალეობიოლოგიის ინსტიტუტში, ამან წაიღო ძალიან დიდი დრო და უკვე სამუშაო საათების დასრულებისას დავასრულეთ. ამასობაში ვერ მოხერხდა სათანადოდ უზრუნველყოფა უსაფრთხო სეიფის, ვინაიდან სეიფი იყო ძალიან მძიმე და ექსპედიციის სხვა წევრი აღარ იყო ჩემთან ერთად, მარტო ვიყავი და მისი დაცულ ოთახში გადატანა ვერ მოვახერხე სიმძიმიდან გამომდინარე და ვერ შევძელი დაცულ მდგომარეობაში დამეტოვებინა ეს კბილი პალეობიოლოგიის ინსტიტუტში. ამას დაერთო ის, რომ სახლიდან შემატყობინეს, რომ ჩემი 3 წლის შვილს ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, მთელი დღის განმავლობაში ვერ იღებდა საკვებს და წყალს და აღმოვჩნდი ძალიან სტრესულ მდგომარეობაში. ფორსმაჟორულ მდგომარეობაში მომიწია გადაწყვეტილების მიღება, კბილის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რომ დამეტოვებინა ეს კბილი ჩემს საველე ზურგჩანთაში, უსაფრთხოდ, სპეციალურად განკუთვნილ ჯიბეში და ერთი ღამით წამეღო უსაფრთხოდ, ჩემთან ერთად ყოფილიყო სახლში და შემდეგ უკვე დამებრუნებინა ინსტიტუტში სხვა მასალებთან", - უთხრა ნიკა ვანიშვილმა მედიას სოფელ ოროზმანში.

იხილეთ ასევე: