ავტორი:

"08:30 საათზე მოვიდნენ სამი "შკოდით", 15-მდე კაცი იყო..." -  სოსო გოგაშვილის შვილის ინფორმაციით, მათი სახლიდან სამართალდამცავებს 3 მანქანა მიჰყავთ

"08:30 საათზე მოვიდნენ სამი "შკოდით", 15-მდე კაცი იყო..." -  სოსო გოგაშვილის შვილის ინფორმაციით, მათი სახლიდან სამართალდამცავებს 3 მანქანა მიჰყავთ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილის, ნინი გოგაშვილის განცხადებით, მათი სახლიდან სამართალდამცავებს 3 მანქანა მიჰყავთ.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში გოგაშვილი განმარტავს, 20 სექტემბრით დათარიღებული სასამართლოს განჩინებით, მათი ოჯახისა და გარემოცვის აქამდე დაუყადაღებელი ქონება დაყადაღებულია, თუმცა, განჩინებაში მისი სარგებლობის შეზღუდვა მითითებული არ არის. როგორც ნინი გოგაშვილი ამბობს, აღნიშნულის მიუხედავად, ავტომანქანები სამართალდამცავებს მაინც მიჰყავთ.

"08:30 საათზე მოვიდნენ სამი "შკოდით", 15-მდე კაცი იყო. თავიდან არ გვითხრეს, რატომ იყვნენ მოსული. როცა "ლაივი" ჩავრთე, გვითხრეს, რომ სასამართლოს განჩინება ჰქონდათ, მანქანები უნდა წაეყვანათ და ა.შ. 20 სექტემბრის სასამართლო განჩინებაა, რომლის მიხედვითაც, დაყადაღებულია ის ქონება, რაც აქამდე არ იყო დაყადაღებული, ოღონდ მხოლოდ ჩვენი ოჯახის წევრების არა, სხვებისაც. სასამართლო განჩინებაში არ წერია, რომ სარგებლობის უფლება უნდა შეგვეზღუდოს და მაინც მიჰყავთ მანქანები. პასუხი იყო, გაასაჩივრეთო. გამოძიების დასრულებამდე ავტოსადგომზე იქნება გადაყვანილი, სარგებლობის უფლება შეგვეზღუდა. სამი მანქანა მიჰყავთ - დეიდაჩემის, ჩემი ძმის და დედაჩემის. აუცილებლად გავასაჩივრებთ", - განაცხადა გოგაშვილმა.