ავტორი:

"ეს ყველაზე ცუდ სიზმარს ჰგავს... წარმოუდგენლად რთულია" - შაკირა პიკესთან განშორებაზე, შვილებზე და სიყვარულზე, რომელიც ღალატით დასრულდა

"ეს ყველაზე ცუდ სიზმარს ჰგავს... წარმოუდგენლად რთულია" - შაკირა პიკესთან განშორებაზე, შვილებზე და სიყვარულზე, რომელიც ღალატით დასრულდა

სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მომღერალი შაკირა და ესპანელი ფეხბურთელი, ჟერარ პიკე დაშორდნენ. მედიის ცნობით, დაშორების მიზეზი ის გახდა, რომ პიკემ შაკირას უღალატა.

ამ თემაზე შაკირამ ჟურნალ Elle-სთან ინტერვიუში პირველად ისაუბრა და იმ სირთულეებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მის ოჯახს დაატყდა თავს ასეთი სკანდალის შემდეგ.

შაკირას თქმით, ჯერ კიდევ არ აქვს სიტუაცია ბოლომდე გააზრებული და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, შვილები ჭორებისგან დაიცვას.

"ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრების ამ ერთ-ერთ ყველაზე რთულ მომენტში, მუსიკამ სინათლე შემოიტანა. ჩუმად ვიყავი და ვცდილობდი ყველაფერი გადამეხარშა. ახლაც რთულია ამაზე საუბარი, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ გააზრების პროცესში ვარ, ასევე იმიტომ, რომ საზოგადოება ყოველთვის მაკვირდება. ამავდროულად, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი განშორება არ ჰგავს ჩვეულებრივ დაშორებას. ასე რომ, ეს არა მხოლოდ ჩემთვის, ჩემი შვილებისთვისაც რთული იყო. წარმოუდგენლად რთული", - ამბობს შაკირა.

მომღერალი ყვება, რა რთულია მისთვის და მისი შვილებისთვის სიმშვიდის მოპოვება მაშინ, როცა პაპარაცები მის სახლთან არიან ჩასაფრებულები და 24 საათის განმავლობაში თვალს ადევნებენ:

"ჩვენ არ შეგვიძლია ვისეირნოთ პარკში, ან ნაყინის საჭმელად გავიდეთ ისე, როგორც ჩვეულებრივი ოჯახები აკეთებენ ამას, რადგან სულ პაპარაცები დაგვყვებიან. ამიტომ ძნელია. ვცდილობ, ჩემი შვილები დავიცვა, ეს ჩემი უპირველესი მისიაა ცხოვრებაში, მაგრამ შემდეგ ისინი სკოლაში მიდიან და მეგობრებისგან ამბებს იგებენ, ან ინტერნეტში აწყდებიან უსიამოვნო ჭორებს და შემდეგ ეს მათზე აისახება, ხომ გესმით?!" - აღნიშნავს მომღერალი.

როგორც შაკირა ამბობს, მისთვის მთელი სიტუაცია ცუდ სიზმარს ჰგავს, იმედგაცრუებულია მისთვის წმინდა და განსაკუთრებული ურთიერთობის ვულგარიზებითა და გაუფასურებით.

ის გარკვეულწილად მედიასაც ადანაშაულებს. მომღერალი ამბობს, რომ ყველაფერი ორმაგად ძნელი გადასატანი გახდა მისთვის, რადგან ორ ფრონტზე უწევდა ბრძოლა: "ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როცა მამაჩემი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდა... მაგრამ ამ დროს სხვა ქალებზეც ვფიქრობ ხოლმე, რომლებიც მსგავს, ან ჩემზე უარეს სიტუაციაში იმყოფებიან", - ამბობს შაკირა.

პიკემ და შაკირამ ერთმანეთი 2010 წელს გაიცნეს და ერთმანეთი მალევე შეუყვარდათ. მათ ორი შვილი ჰყავთ. ოფიციალურად არ დაქორწინებულად. როცა 2014 წელს შაკირას ჰკითხეს, რატომ არ სურდა დაქორწინება, მან უპასუხა: "ჩვენ უკვე ყველაფერი გვაქვს, რაც საჭიროა".

წყარო: Elle

მოამზადა: ანა სიბოშვილმა