ავტორი:

დაბნეულობა აფხაზეთში: შეეხებათ თუ არა მობილიზაცია და რას ამბობენ პუტინის გადაწყვეტილებაზე - "ჯერ თავად გაუშვით ძმები და შვილები "ჰაიმერსების" პირისპირ და მერე გვასწავლეთ ჭკუა"

დაბნეულობა აფხაზეთში: შეეხებათ თუ არა მობილიზაცია და რას ამბობენ პუტინის გადაწყვეტილებაზე - "ჯერ თავად გაუშვით ძმები და შვილები "ჰაიმერსების" პირისპირ და მერე გვასწავლეთ ჭკუა"

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ოკუპირებულ აფხაზეთში არ წყდება მსჯელობა და კამათი იმის შესახებ, მოუწევს თუ არა მასში საკუთარი ძალით ჩართვა აფხაზეთსაც...

ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპოზიცია თესავს პანიკას, თითქოს რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია მათაც შეეხებათ, რაც არასწორია, რადგან მათ პირდაპირი დავალება აქვთ, რუსულ-აფხაზური ურთიერთობები გააფუჭონ.

"ვთხოვთ ჩვენს მოსახლეობას, ნუ დაიჯერებთ ყველას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ასეთ მნიშვნელოვან ცნობებთან დაკავშირებით..." - წერს აფხაზური მედია.

რამდენიმე დღის წინ, ე.წ. პარლამენტის ეროვნული კრების ყოფილმა დეპუტატმა, ნატალი სმირმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია, სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის ხელშეკრულების შესაბამისად, აფხაზეთზეც გავრცელდება.

ekhokavkaza.com-თან საუბარში, სმირი ამბობს, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც მოკავშირეობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას გულისხმობს, მე-6 მუხლში წერია, რომ თუ ორი ქვეყნიდან ერთ-ერთი აგრესიის, ან შეიარაღებული თავდასხმის საშიშროების წინაშე დგას, ეს აღიქმება როგორც შეიარაღებული თავდასხმა მოკავშირე მეორე მხარეზეც.

"აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ჩვენც გვევალება ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება, ვინაიდან ეს ერთ-ერთი წინაპირობაა. ეს ვალდებულებები ჩვენთან ამოქმედდება მას შემდეგ, რაც 27-ში დონეცკსა და ლუგანსკში რეფერენდუმი ჩატარდება და ტერიტორია რუსეთის ნაწილი გახდება" - ამბობს ე.წ. ყოფილი დეპუტატი.

მისი თქმით, ახლა ძნელია იმის პროგნოზი, როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს, მაგრამ ის, რომ კოლექტიურ დაცვაში, აფხაზეთსაც მოუწევს ჩართვა, ეს გარდაუვალია და ამის თქმა ზუსტად შეუძლია.

"რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხარო, საშიში და ტრაგიკულია, იმავდროულად, ძალიან დიდი საფრთხის შემცველია... ჩვენი შეთანხმებისა და რუსეთის წინაშე არსებული ვალდებულებების ფარგლებში, აფხაზეთი ამ ომის მონაწილე გახდება..." - ამბობს სმირი.

აფხაზურ სოციალურ ქსელებში სმირის მოსაზრებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

abkhaz-auto.ru-ზე გამოქვეყნებული სტატიის განხილვისას, ადგილობრივები წერენ, რომ აფხაზეთი არ არის რუსეთის ფედერაციის ნაწილი და შესაბამისად, არავის აქვს უფლება ისინი სხვის ომში ჩართოს, რასაც სხვები ეწინააღმდეგებიან.

"რა საინტერესო ხალხი ვართ, კაცმა რომ გვკითხოს, მეომრები, მამაცები, მეგობრების ჭირისა და ლხინის გამზიარებლები. ამდენი წელი გვარჩენდა რუსეთი, ვიღებდით პენსიებსა და ხელფასებს მისი ბიუჯეტიდან, გვიცავდა, მაგრამ ახლა რომ დაგვჭირდა, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ქორწილებსა და ძეობებში შეგვიძლია იარაღის სროლა. როცა გვჭირდება, ერთმანეთსაც მშვენივრად ვესვრით. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს, მაგრამ მეგობარს გვერდში ვერ დავუდგებით, თურმე ჩვენი ომი არ ყოფილა და მცირერიცხოვანი ერი ვერ შევეწირებით. აბა რა, რუსეთი იბრძვის, ჩვენ კი, აფხაზეთში რუს ტურისტებს ვემსახურებით, რუსეთში ხილითა და ბოსტნეულით ვვაჭრობთ, იქიდან დაბრუნებულები, კი ბრეხალოვკაზე ყავას ვსვამთ, განსატვირთად თევზს ვიჭერთ, ვჭორაობთ თუ რა კარგია ევროპა და რა შორია იქამდე..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი ვალერი კომისაროვი.

"ყირიმში, ვინც ომში წავა, ადგილობრივი ხელმძღვანელობა 200 ათას რუბლს ჰპირდება, ეს ერთჯერადად. ამის გარდა ხელფასიც ექნებათ. ჩვენმა ხელისუფლებამ დიდ მეომრებად რატომ გამოგვიყვანა, არ ვიცი..." - წერს რობერტ ღარცკია.

"მეგობრობაც გვესმის და თანადგომაც, მადლობლები ვართ. არაერთხელ გამოვხატეთ ეს დამოკიდებულება, მაგრამ ახლახან ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი უფასო არ ყოფილა და ლამის ნახევარი აფხაზეთის ჩუქება მოგვთხოვეს... ასე რომ, უმადურობა არაფერ შუაშია, რუსეთმა თავად შეყო თავი ამ უბედურებაში, თავადვე გაუმკლავდეს. იმედია, ვინმეს მართლა არ სჯერა, რომ იქ წასვლით გმირობას ჩაიდენს და თუ მსხვერპლად შევეწირებით, ეს ღირსეული ნაბიჯი იქნება... ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსები გარბიან ქვეყნიდან და რამდენიმე ათასი ვიბრაგუნებთ მუშტებს გულზე. ვკითხულობ კომენტარებს და ვხვდები, რომ ზოგიერთი მართლა პროპაგანდის მსხვერპლია. ჯერ თავად გაუშვით ძმები და შვილები ჰაიმერსების პირისპირ და მერე გვასწავლეთ ჭკუა" - წერს ანა საბუა.