ავტორი:

"ნიკა მელიამ მითხრა, რომ პროვოკატორი ვარ, რასაც ჩემი მხრიდან სიტყვიერი რეაქცია მოჰყვა, მათგან კი ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო" - გიორგი მუმლაძე

"ნიკა მელიამ მითხრა, რომ პროვოკატორი ვარ, რასაც ჩემი მხრიდან სიტყვიერი რეაქცია მოჰყვა, მათგან კი ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო" - გიორგი მუმლაძე

"მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მასზე ფიზიკურად იძალადეს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მუმლაძე აღნიშნავს, "ნაცვლად იმისა, რომ ნიკა მელიას ძალადობა შეეჩერებინა, ხშირ შემთხვევაში, მოძალადეების წამახალისებელი იყო“.

"გაასაჯაროონ კადრები, რომელიც აქვთ და ყველა ნახავს, ვინ იტყუება და ვინ - არა. ეს არის ტყუილი, "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში არავინ შეჭრილა. ჩვენს თანამებრძოლზე გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია სუს-ის აგენტობასთან დაკავშირებით, ამ საკითხის გარკვევის მიზნით მივედით იქ. ნაცვლად იმისა, შეხვედრა ამ საკითხზე ყოფილიყო ორიენტირებული, მელიას მთავარი აქცენტი ჩემზე იყო გადმოტანილი - როგორც აღმოჩნდა, მას არ მოსწონს "ფეისბუქზე“ ჩემი აქტივობები. მითხრა, რომ შეხვედრას სხვა მეგობრები არ უნდა დასწრებოდნენ, რაზეც უარი ვუთხარი. მაშინ მე არ მინდა ამ შეხვედრას რომ დაესწროო - მითხრა, რადგან თურმე, ამბიციები მაქვს და "პარტია მინდა“, "ფეისბუქზე“ რას წერ და რა დღეში ხარო, მკითხა. ვუთხარი, რომ არსებობდა ლეგიტიმური კითხვები, იგივე იმასთან დაკავშირებით, რაც კეზერაშვილის შესახებ გაავრცელა. მიპასუხა, რომ პროვოკატორი ვარ, რასაც ჩემი მხრიდან სიტყვიერი რეაქცია მოჰყვა, მათი მხრიდან კი ჩემზე ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. თავდაცვიდან გამომდინარე სათანადო პასუხი გავეცი. ამას მოჰყვა თავისი ხელქვეითების და დაცვის წევრების მხრიდან ჩვენს მიმართ ფიზიკური ძალადობა. ნაცვლად იმისა, რომ ნიკა მელიას ეს ძალადობა შეეჩერებინა, ხშირ შემთხვევაში, წამახალისებელი იყო ამ ადამიანების. ამ უბინძურესი თავდასხმის შემდეგ, მინდოდა ნიკა მელიასგან გამეგო, რატომ მოიქცა ასე, ის "საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში იყო, მივედი, მინდოდა, მას პირისპირ დავლაპარაკებოდი, მისი მძღოლი და დაცვა შეგვეჩეხა, რომლებთანაც სიტყვიერი შელაპარაკება მოგვივიდა, ეს კადრებშიცაა და ვადასტურებ, სხვა იქ არაფერი მომხდარა. ნიკა მელიას სტილია, დაიმალოს და დაცვას უკან ამოეფაროს, დაცვით მოძრაობს“, - განაცხადა მუმლაძემ.

კითხვაზე, მათი მოძრაობის რომელი წევრის მიმართ აქვთ პარტიაში ეჭვი სუს-ის აგენტობასთან მიმართებაში, მუმლაძის თქმით, ლაშა ხუსკივაძეზე იყო საუბარი.

"პარტიაში აღნიშნული საკითხი ნორმალურად არც განხილულა, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადამიანს აწუხებდა ის, რატომ ვაკრიტიკებ "ფეისბუქზე“. ჩვენი კრიტიკის საფუძველი ლეგიტიმურია, ოლიგარქთან ბრძოლაში მისი პოლიტიკა წარუმატებელია... ხმა მიამსგავსეს, მაგრამ ხომ უნდა გადაემოწმებინათ. გვაინტერესებდა, ცრუ ინფორმაცია რატომ გავრცელდა, ნოდარ მელაძესთან გადამოწმდა და აბსურდი რომ იყო, ეს პრეტენზია გვქონდა, როგორ შეიძლება გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელო-თქო. შეხვედრა ნიკა მელიას ინიციატივით მოხდა "ნაცმოძრაობის“ ოფისში“, - აცხადებს მუმლაძე.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიასა და "მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრ გიორგი მუმლაძეს შორის დაპირისპირება მოხდა.

კერძოდ, პარტიის ცნობით, გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და "შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა“, რაც პარტიის წევრებმა აღკვეთეს.

პარტიის ინფორმაციით, ტვ პირველის "ნოდარ მელაძის შაბათის“ გადაცემის ანონსში, რომელიც ეხებოდა ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილ სუს-ის ჯაშუშებს, ერთ-ერთი პირის ხმა მიმსგავსებულ იქნა საპროტესტო აქტივობებში ჩართულ აქტიურ ადამიანის ხმასთან. საკითხის გარკვევის მიზნით მასთან და მისი გუნდის წევრებთან მოხდა კომუნიკაცია.

"ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, საუბარი პარტიის გენერალურ მდივანსა და იმ ადამიანს შორის შედგა, ვისთან მიმართებაშიც კითხვები არსებობდა. საუბრის შემდეგ საკითხი ამოიწურა და კითხვის ნიშნები მოიხსნა. მოგვიანებით ამ პირების ნაწილის სურვილით პარტიის თავმჯდომარე საკუთარ სამუშაო ოთახში მშვიდ ვითარებაში ხვდებოდა ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელს, რა დროსაც იქ შეიჭრა გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად და მან შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა.

ასევე იხილეთ: