ავტორი:

სევდიანი საღამო იტალიისთვის და "ჯორჯიას ბედნიერება" - ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე, თითქმის ფაშისტური იდეოლოგიის პარტია იმარჯვებს

სევდიანი საღამო იტალიისთვის და "ჯორჯიას ბედნიერება" - ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე, თითქმის ფაშისტური იდეოლოგიის პარტია იმარჯვებს

იტალიას ეპოქალური ცვლილებების დრო დაუდგა. 25 სექტემბრის არჩევნების შედეგად, ულტრამემარჯვენეები, პოსტფაშისტური ისტორიის განმავლობაში, პირველად ბრუნდებიან ხელისუფლებაში.

ეგზიტპოლების თანახმად, პარტია "იტალიის ძმების" (Fratelli d'Italia) ლიდერი ჯორჯია მელონი, სავარაუდოდ, ქვეყნის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდება. წინასწარი შედეგების საფუძველზე, მელონი ხმების დაახლოებით 26%-ით იმარჯვებს და წინ უსწრებს დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ენრიკო ლეტას. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს იტალიის პარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ "იტალიის ძმებმა" ხმების მხოლოდ 4% მიიღო. ეს ორგანიზაცია და მისი ლიდერი, შეიძლება ითქვას, რომ დიდად არ დისტანცირდებიან ფაშიზმისგან. სავარაუდოდ, მელონი იტალიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მემარჯვენე მთავრობას ჩამოაყალიბებს, რაც კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყანაში ყოფილა. ეს ევროპას აშფოთებს, რადგან იტალიის ეკონომიკა სიდიდით მესამეა ევროკავშირში. გადაწყვეტილება, თუ ვინ გახდება იტალიის შემდეგი ლიდერი, პრეზიდენტ სერჯო მატარელას გადასაწყვეტია და ამას გარკვეული დრო დასჭირდება.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, საერთო ჯამში, იტალიაში არჩევნებში აქტივობა 2018 წელთან შედარებით 9 პუნქტით დაეცა და ამჯერად 63,91%-ს შეადგენდა. ამომრჩეველი განსაკუთრებით პასიური იყო სამხრეთ რეგიონებში, მათ შორის სიცილიაში.

დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ენრიკო ლეტა

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, დებორა სერაკიანიმ არჩევნების ეგზიტპოლების გაგების შემდეგ განაცხადა, რომ "ეს იყო სევდიანი საღამო იტალიისთვის" და დასძინა: "მემარჯვენეებს უმრავლესობა აქვთ პარლამენტში, მაგრამ არა ქვეყანაში“, - ამტკიცებდა ის.

ევროკავშირის შესახებ ქალბატონი მელონის რიტორიკა უნგრეთის ნაციონალისტ ლიდერ ვიქტორ ორბანის პოზიციასთან დგას ახლოს. "იტალიელებმა მკაფიო მესიჯი გაგზავნეს "იტალიელი ძმების“ მართული მემარჯვენე მთავრობის სასარგებლოდ", - განუცხადა ჯორჯია მელონიმ რომში შეკრებილ ჟურნალისტებს. მან ხმის მიცემის დასრულების შემდეგ პირობა დადო, რომ მისი პარტია ყველას მოემსახურება და ხალხის ნდობას არ უღალატებს.

მემარჯვენე ალიანსი, რომელშიც მელონის პარტიის გარდა შევლენ: შსს-ს ყოფილი მინისტრის მატეო სალვინის ულტრამემარჯვენე პარტია "ლიგა" და ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია "წინ იტალია" (Forza Italia). სამივე ძალის მოპოვებული შედეგით, მემარჯვენე ალიანსი გააკონტროლებს როგორც სენატს, ასევე დეპუტატთა პალატას. მელონის ორივე თანამოაზრეს მჭიდრო კავშირი ჰქონდა რუსეთთან. 85 წლის ბერლუსკონიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა უკრაინაში შეჭრილიყო, სალვინი კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დასავლეთის სანქციებს მოსკოვის მიმართ.

ჯორჯია მელონი ბევრს მუშაობდა თავისი იმიჯის შერბილებაზე და ამბობდა, რომ მიმდინარე ომში უკრაინას უჭერდა მხარს, პარალელურად კი ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკას ამცირებდა. მიუხედავად ამისა, პარტია, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, დიქტატორ ბენიტო მუსოლინის ფაშისტების იდეოლოგიაზეა შექმნილი. ამავე დროს, მან წლის დასაწყისში თავისი პრიორიტეტები საჯაროდ გამოაცხადა: "დიახ ტრადიციულ ოჯახს, არა LGBTQ მოძრაობას, დიახ სექსუალურ იდენტობას, არა ისლამისტურ ძალადობას, დიახ საზღვრების დაცვას, არა მასიურ ემიგრაციას. არა დიდ საეთაშორისო ფინანსებს და არა ბრიუსელის ბიუროკრატებს!“

Rai TV-ის ეგზიტპოლის თანახმად, სამი მემარჯვენე პარტია განახლებულ 400-ადგილიან პალატაში, დაახლოებით, 227-257 მანდატს მიიღებს, 200-ადგილიან სენატში კი 111-131-მდე მანდატს. რაც შეეხება მემარცხენე ცენტრისტებს, ისინი პარლამენტში მხოლოდ 78-98, ხოლო სენატში 33-53 ადგილს დაიკავებენ.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა