ავტორი:

"საქართველოში შემოსვლისას მანქანაზე Z სტიკერების მოცილება აუცილებელია?" - რას წერენ და რით ინტერესდებიან მობილიზაციას გამოქცეული რუსები

"საქართველოში შემოსვლისას მანქანაზე Z სტიკერების მოცილება აუცილებელია?" - რას წერენ და რით ინტერესდებიან მობილიზაციას გამოქცეული რუსები

რუსული საინფორმაციო სააგენტო "ეხო კავკაზა“ აქვეყნებს სტატიას, რომელიც რუსეთ- საქართველოს საზღვარზე შექმნილ სიტუაციას აღწერს. სტატიაში მოთხრობილია რუსეთიდან პუტინის ნაწილობრივ მობილიზაციას გამოქცეული და კოლონებად დაძრული მოქალაქეების ინტერესებზე, პრობლემებსა და პრეტენზიებზე საქართველოში, რასაც ისინი "ტელეგრამჩათში" - "ზემო ლარსი“ წერენ. გთავაზობთ სტატიის თარგმანს.

"რამდენი დრო გჭირდებათ საცობში რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთისთვის? ნებადართულია თუ არა გაწვეული მამაკაცების შესვლა? - რუსები, რომლებიც სახმელეთო საზღვრის გავლით საქართველოში გამგზავრებას ცდილობენ, თემატურ ჩათებში ერთმანეთს გამოცდილებას უცვლიან. მათში მონაწილეთა რაოდენობა სულ რაღაც რამდენიმე დღეში საგრძნობლად გაიზარდა. ასე რომ, "ზემო ლარსის“ "ტელეგრამის ჩათში" მათმა რაოდენობამ უკვე 90 ათასს გადააჭარბა.

ჩათში ერთი საათის განმავლობაში რამდენიმე ათასი შეტყობინება გროვდება. ზოგიერთი მონაწილე ვითარებას პირდაპირ რუსეთ- საქართველოს საზღვართან შექმნილი მრავალკილომეტრიანი საცობიდან წერს:

"იქნებ ვიღაც ბენზინის რიგში დგას, 15-20 ლიტრი გვინდა, გადავიხდით".

"კოსწიკ!! სად ხარ? მიპასუხე! საზღვარი გადაკვეთე, თუ არა?

"ბიჭებო, ურიგოდ გამატარეთ, დღეს ფეხბურთია, საქართველო თამაშობს, მატჩზე უნდა წავიდე".

ზოგი კი უბრალოდ მოგზაურობის დაგეგმვას ცდილობს: არის საქმიანი წინადადებებიც. რამდენიმე ასეულ დოლარად არა მარტო ტრანსპორტს სთავაზობენ (ავტომანქანები, მინივენები, სატვირთო მანქანები და სკუტერებიც კი), არამედ საზღვრის ურიგოდ გადაკვეთასაც.

”ვარ გადამზიდავი. რუსეთიდან საქართველოში მივდივარ. მოგზაურობის თარიღი: 23/09/2022. ადგილები: 5+, ინფორმაცია: 20 ათასი რუბლი ადამიანზე, ჩვენ სწრაფად გავივლით“

"დღეს სატვირთო მანქანით მივდივარ თბილისში. სატვირთოში დგას სკამები, 30 კაცამდე წავიყვან. ფასი 8 ათასი. ბიტკოინით გადახდა. დეტალებისთვის PM-ში"

"ტაქსით ჩამოხვედით საზღვარზე და არ იცით რა გააკეთოთ? შეიძინეთ ჩვენთან ველოსიპედი/სკუტერი/სკეიტბორდი და უსაფრთხოდ გადაკვეთეთ საზღვარი. დამატებითი ინფორმაციისთვის მომწერეთ PM-ში. რიგი არ არის, არაა პრობლემა. ბუგატზე სწრაფია.

ადამიანები, რომლებმაც უკვე გადაკვეთეს საზღვარი, ინსტრუქციებს იძლევიან:

"ტაქსით მიხვალთ საცობის ბოლომდე, მიდიხართ საგუშაგომდე და ეძებთ მიკროავტობუსს / მიკროავტობუსი საზღვრიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით - ცარიელია, ისინი წრეზე დადიან ორ საზღვარზე. გუშინ 15-20 ათასი ადგილი იყო“.

"დღეს ჩვენ გადავკვეთეთ საზღვრები. სამსულიანი ოჯახი ვართ ქმარის ჩათვლით (34 წლისაა). არავის არაფერი უკითხავს. არც ჩვენი მხრიდან და არც ქართული მხრიდან. საცობი ძალიან დიდია! გუშინ 17:00 საათზე მოვხვდით საცობში, საქართველოში 11:00 საათზე შევედით. იქონიეთ საკვებისა და წყლის მარაგი“."

"გუშინ 14:00 საათზე გავიარეთ საზღვარი მანქანით, რომელშიც 5 წვევამდელი ვისხედით. ერთ ადამიანს დაახლოებით 20 წუთი სჭირდება. კითხვები ასეთია:

1. სრული სახელი 2. დაბადების თარიღი და ადგილი 3. საცხოვრებელი ადგილი 4. სად, რამდენ ხანს და რა მიზნით მიდიხართ 5. მსახურობდით თუ არა და შესაბამისად, სამხედრო ბილეთი 6. სამუშაო ადგილი 7. იცით თუ არა მობილიზაციის შესახებ?... შეიძლება იყოს დამატებითი კითხვებიც. ყველამ გაიარა, ჩვენც და ჩვენმა წინამორბედებმაც, არავინ გაუბრუნებიათ, უამრავი ადამიანი იყო“.

"დღეს დილის 10 საათზე გადავკვეთეთ საზღვარი. მანქანაში 3 ბიჭი ვიყავით: მე თადარიგის ოფიცერი ვარ, გავიარე სამხედრო კათედრა (მეორემ - ანალოგიურად), მესამე - ჯარში მსახურობდა. ყველა გვეუბნებოდა: "რატომ მიდიხართ, თქვენ ხომ რეზერვის ოფიცრები ხართ, ქვეყანას უჭირს, ან როდის დაბრუნდებით?…” მაგრამ უპრობლემოდ გაგვიშვეს, ყველაფერი სწრაფად წავიდა, ვისარგებლეთ გიდის მომსახურებით. უბრალოდ, რიგი ძალიან დიდია“.

"რაც შეეხება საზღვრების გავლას, ეს დამოკიდებულია მათზე, ვინც პასპორტებს აკონტროლებს. მე არაფერი მკითხეს, მეზობელ ჯიხურში კი ადამიანებს უამრავ კითხვებს აძლევდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ - "მძიმე ჟამს სამშობლოს დატოვების გამო“. საქართველოს საზღვარზე რამდენიმე ადამიანი შემთხვევით არ შეუშვეს (ჩემი დაკვირვებით, ყოველი მე-20-ე უკან ბრუნდებოდა).

ჩათში ათიათასობით კითხვაა: ხალხს აინტერესებს, ბავშვთან ერთად თუ მოგზაურობთ, საჭიროა თუ არა მეორე მშობლის თანხმობა, ნაღდი ფულის ოდენობა, რომელიც შეგიძლიათ საზღვარზე გადაიტანოთ, ცხოველების გადაყვანაზე და სხვა:

"ხალხო! რა უნდა ვქნა?! ზაზუნასთან ერთად მივდივარ, რომელიც იკბინება. შესაძლებელია თუ არა გამშვები პუნქტის გავლა ზაზუნით, სკუტერში თუ სვამენ ძალიან დიდი ზურგჩანთით და ალკოჰოლით? ალკოჰოლი ხელში მაქვს, ჩანთით.".

მათ გარდა, ვინც კარგად ერკვევა ადგილობრივი დღის წესრიგით, არიან ისეთებიც, რომელთაც კარგად არც ესმით, სად მიდიან:

"მაშ, აფხაზეთის გავლით უნდა წავიდეთ საქართველოში? ყველაფერი კარგად ამიხსენით, ორი შვილით ვარ..."

საქართველოში ჩამოსული რუსები მასობრივად უჩივიან სივიწროვეს და თავისუფალი საცხოვრებელი ფართის არქონას:

"ჩვენთვის აქ სივიწროვეა, კარგი იქნება საქართველოს გაფართოება ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების დაბრუნებით“.

ვიღაცამ იკითხა: "საქართველოში შემოსვლისას მანქანაზე Z სტიკერების მოცილება აუცილებელია?.."

ჩათის ზოგიერთი მონაწილე ეჭვობს, რომ ეს ტროლინგი იყო:

"გვტროლავთ, თუ სერიოზულად ამბობთ, შეგიძლიათ დაიტოვოთ Z-სტიკერი, ადექით, გაბრუნდით უკან და მიაკითხეთ კომისარიატს“.

"სტალინის დატოვება მაინც შეიძლება უკანა მინაზე? ისიც ხომ ქართველია“.

"ყურადღება!!! ყველა, ვისაც Z სიმბოლო აქვს, არავითარ შემთხვევაში არ მოხსნათ! ჩამოდით ბათუმში, გელოდებით“.

ჩათში ცოტაა ქართველი მომხმარებელი, ძირითადად ისინი, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებს თავიანთ მომსახურებას სთავაზობენ - მძღოლობას, საცხოვრებლის მიქირავებას, მეორე კატეგორია რუსებს სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარის თქმის გამო გმობენ:

"არ უნდა მოდიოდეთ საქართველოში! წადით თქვენს რუსეთში! ჩვენთან რას მოდიხართ, მხდალებო“!

"მშიშარა რუსები გარბიან!... თქვენ უკრაინელების ბედი არ გაღელვებთ, თქვენ მხოლოდ ის გადარდებთ უკრაინაში სიკვდილს გადაურჩეთ. 7 თვე გქონდათ, უკრაინაში ომის გასაპროტესტებლად, მაგრამ პუტინს უჭერდით მხარს, ვიდრე თქვენს კარზე არ დააკაკუნეს“.