ავტორი:

"პოლიციელებს არ ვემორჩილებით...  ჩრდილოეთ კავკასია აუცილებლად იფეთქებს" - დაღესტანში დაწყებული პროტესტის მუხტი არ იკლებს:  რას ამბობენ ადგილობრივები

"პოლიციელებს არ ვემორჩილებით...  ჩრდილოეთ კავკასია აუცილებლად იფეთქებს" - დაღესტანში დაწყებული პროტესტის მუხტი არ იკლებს:  რას ამბობენ ადგილობრივები

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარება ყოველ წუთს იცვლება, დაძაბულობა მატულობს და საპროტესტო მუხტი არ ნელდება. დაღესტანი, რომელიც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების სტატისტიკის მიხედვით, უკრაინაში ომში დაღუპულთა რაოდენობით, სხვა რეგიონებს შორის ლიდერობდა, პუტინის განცხადების შემდეგ, პროტესტის კერა გახდა.

რუსულმა სამთავრობო მედიამ დაღესტანს უკვე უწოდა "არასტაბილური რეგიონი."

დაღესტანში დაწყებული საპროტესტო აქციების კვალდაკვალ, წინააღმდეგობრივი გამოსვლები უკვე დაიწყო ყაბარდო-ბალყარეთში, ასევე მობილიზაციას აპროტესტებენ ჩეჩნეთში, სადაც ჩეჩენი ქალები ქუჩაში გამოვდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს.

kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, დაღესტანში, პროტესტის დაწყების შემდეგ, 200-მდე ქალი და ამდენივე მამაკაცია დაპატიმრებული. ძალოვნები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ პროტესტის ორგანიზატორებსა და მათ მხარდამჭერებს, ასევე, ბლოგერებს, რომლებიც ანტისახელისუფლებო მოსაზრებებს ავრცელებენ და სოციალური ქსელის ანგარიშების ადმინისტრატორებს, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, რუსული არმიის წარუმატებლობაზე, პუტინის გუნდის შეცდომებსა და უკრაინის კონტრშეტევებზე წერდნენ. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე მათგანის ადგილსამყოფელი უცნობია.

დაკარგულია "ტელეგრამის" არხის - "Подвал Дагестана -ს" ახალგაზრდა ადმინისტრატორი. გამოცემის ცნობით, აქციის გაშუქების შემდეგ, კავშირზე არ გამოდის kavkaz-uzel -ის ჟურნალისტი, რომლის შესახებაც მხოლოდ ის იციან, რომ ძალოვნებმა მახაჩყალაში გადაიყვანეს. იგივე ბედი ეწია "ტელეგრამის" არხის, "Утро Дагестана" -ს ადმინისტრატორსაც. აღნიშნული არხი მიმდინარე წლის 28 თებერვალს დაფუძნდა და ადგილობრივ მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს. მას თავიდანვე 57 ათასზე გამომწერი ჰყავდა, თუმცა 25 სექტემბრის დარბევის შემდეგ, მხოლოდ ერთ დღეში 57 ათასამდე გამომწერი მიემატა.

"ჟურნალისტმა ბოლო ინტერნეტ-კავშირის დროს მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ ძალოვნებმა ის მანქანაში ჩატენეს და მასთან ერთად არის სულ ცოტა, შვიდი სასტიკად ნაცემი, დასისხლიანებული ადამიანი, ამის შემდეგ მასთან კონტაქტი გაწყდა. პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში სოციალური ქსელების ანგარიშების ადმინისტრატორების ოფისებში ჩხრეკას ახორციელებდა. ბოლო ნიუსი, რომელიც "ОВД-Инфо-ს" ადმინისტრატორმა გამოაქვეყნა, არის ფრაზა - "მჩხკერენ!"

მათ ბედს იზიარებს თითქმის ყველა დაკავებული. ახლობლებმა მათ შესახებ არაფერი იციან, ისინი არ პასუხობენ ზარებს, პოლიცია კი დუმს... ამის პარალელურად, უკმაყოფილო ადამიანების ტალღა იზრდება", - წერს გამოცემა.

მახაჩყალის მერი, სალმან დადაევი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს აქცია მიმართული იყო ქალაქის 165-ე იუბილის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ჩაშლისკენ. "ყველა მათგანს უმკაცრესი სამართლებრივი შეფასება ექნება და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის მუხლით გასამართლდებიან", - აცხადებს დადაევი.

  • დაღესტანში დაწყებული საპროტესტო აქციების კვალდაკვალ, ყაბარდო-ბალყარეთის სამი დიდი მუნიციალიტეტიდან რეზერვისტების გასვლა აკრძალეს. ამის პარალელურად, kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, იქაც უტევენ სოციალურ მედიას, აქციის ორგანიზატორებსა და ჟურნალისტებს.

"კმარა! ამას არ შეგარჩენთ, 1996-წლიდან 2022 წლამდე რუსეთის ხელისუფლება ჩვენი გენოფონდის განადგურებით იყო დაკავებული, მაგრამ რაც ამ ბოლო ექვს თვეში მოხდა, პირდაპირი ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაა. ჩვენი ბიჭები, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტორებად მსახურობდნენ, პირველი გაუშვეს "საზარბაზნე ხორცად."

"როგორც ჩანს, დაღესტანი, როგორც ამ ომში ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონი, ჩრდილო კავკასიაში დაწყებულ წინააღმდეგობრივ ბრძოლაში ლიდერად ყალიბდება", - წერენ სოციალური ქსელებში ინტერნეტმომხმარებლები.

პროტესტანტების დაშლისას ადგილობრივმა ძალოვანმა უწყებებმა ჰაერში გაისროლეს. ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოკადრები, თუ როგორ უსწორდებიან ფიზიკურად პროტესტის ორგანიზატორებს და პირიქით, როგორ მისდევენ პოლიციიის თანამშრომლებს აქციაზე გამოსული ქალები.

წუხელ მთელი ღამის განმავლობაში, ყველა ეჭვმიტანილის, აქციის ორგანიზატორის სახლებსა და სამუშაო ადგილებს ჩხრეკდნენ. ამბობდნენ, რომ ისინი იარაღს აგროვებდნენ და შეიარაღებული წინააღმდეგობისთვის ემზადებიან, სინამდვილეში, ერთი სული აქვთ, რომ ტყვია გავარდეს, მართლა იპოვონ ვინმე შეიარაღებული, რათა სისხლში ჩაახშონ ეს აქციები, მაგრამ საკმარისია ყველაფერი. ეს ჩვენი ომი არ არის. პუტინს აღარ ვემორჩილებით."

"ვინც არ იცის მათთვის, ეს ახალი რეალობაა. ალაჰმა დაწყევლოს საკუთარ ხალხზე მოძალადე პოლიციელები... მათ არ ვემორჩილებით, რადგან პუტინის სისხლიანი რეჟიმის შეკვეთას ასრულებენ. ჩვენ მას არ ვემორჩილებით. ჩრდილოეთ კავკასია აუცილებლად იფეთქებს", - წერენ ადგილობრივი ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელებში.

ჩეჩნეთში ამბობენ, რომ რამზან კადიროვმა წინასწარ დაიჭირა თადარიგი და გროზნოსკენ მიმავალი ადამიანების დაკავება დაიწყო. გუშინ მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციისკენ მიმავალი, მრავალშვილიანი მამა გამზატ შამხალოვი დააკავეს, დღეს კი, მისი ფეხმძიმე ცოლი. მათ ოთხი შვილი ჰყავთ და მეხუთეს ელოდებიან. თავად მამაკაცი შშმ პირია, მას სამხედრო მობილიზაცია არ ეხება, მაგრამ ამბობს, რომ "არ შეუძლია მშვიდად უყუროს თავის ნათესავებისა და გვარის სიკვდილს."

ამის მიუხედავად, რეგიონში დაწყებული პროტესტის მუხტი მატულობს. ორგანიზატორებმა ხელმძღვანელობას უკანონო პატიმრების გათავისუფლებისთვის ულტიმატუმი დაუწესეს, რის შემდეგაც მხარდამჭერებს სრული დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს. გამოცემის ცნობით, მობილიზაციის ჩაშლისკენ მიმართული პროტესტი უკვე ანტისაომარ, პუტინის რეჟიმის საწინააღმდეგო მოძრაობაში გადაიზარდა.