ავტორი:

"გვერდზე ფიცარი ეგდო, გახედა და მითხრა, სცენისთვის ეს საკმარისი არ არისო?!" - რას ჰყვება ნანუკა ჟორჟოლიანი ცისკარიშვილსა და ხაბეიშვილზე: მისი თქმით ენმ-მ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია არ დააფინანსა

"გვერდზე ფიცარი ეგდო, გახედა და მითხრა, სცენისთვის ეს საკმარისი არ არისო?!" - რას ჰყვება ნანუკა ჟორჟოლიანი ცისკარიშვილსა და ხაბეიშვილზე: მისი თქმით ენმ-მ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია არ დააფინანსა

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი წარმომადგენელი "დაიკარგა" როცა საქმე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს ეხებოდა. ჟორჟოლიანმა ამის შესახებ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე პირდაპირ ეთერში ჩართვისას ისაუბრა.

ჟორჟოლიანმა ამ კონტექსტში კონკრეტული ადამიანებიც დაასახელა. ტელეწამყვანის თქმით, პარტია "ნაციონალური მოძრაობა" ახლა "დაღლილი ადამიანებისგან" შედგება.

  • ნანუკა ჟორჟოლიანი:

- სულ მქონდა მცდელობა, რომ თქვენთან ამ თემებზე მესაუბრა, მაგრამ მეუბნებოდნენ, რომ ახლა არ იყო ამის დრო. მეც შეპყრობილი ვიყავი, რომ კობახიძე არ გავაბედნიერო-თქო, მაგრამ იქ კარგად იციან, რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში", მხოლოდ მხარდამჭერებმა არ იციან რა ხდება. მიშას ციხეში ყოფნის ოცდამეათე დღე იყო და აუცილებელი გახდა, რომ დაგვეწყო სამოქალაქო ჩართულობა, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე საეჭვო იყო. ვფიქრობდით იმ ადამიანების მობილიზებას, რომლებიც გულწრფელად ითხოვდნენ მის გადაყვანას საავადმყოფოში.

დავგეგმეთ, რომ კარგი იქნებოდა თუ ციხესთან აქციაზე ცნობილი სახეების პოზიცია გაჟღერდებოდა. ჩამოვწერეთ სია, რომელშიც 60-მდე ადამიანი იყო და არავის უარი არ უთქვამს, მიშას ოპონენტებსაც კი. ჩვენი მხრიდან ამ ხალხის მობილიზება უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ლოჯისტიკურად ამისი უზრუნველოფა უნდა გაეკეთებინა პარტიას. მათ სცენა უნდა დაედგათ და თბილისში სამარშრუტო ტაქსები დაგვეყენებინა, რომ ადამიანებს ვისაც ციხესთან უნდოდა მოსვლა (ეს შეძლებოდათ).

როდესაც ვიკითხე, ვინ იყო ასეთი ადამიანი, ვისაც უნდა დავკონტაქტებოდი ამ თემაზე. მითხრეს, რომ პარტიიდან არის ერთი ადამიანი, ვისაც ამ დეტალებზე უნდა დავლაპარაკებოდი. ეს ადამიანი აღმოჩნდა მიშას შექმნილი ტიპი და მითხრეს, რომ მას აბარია პარტიის თანხა და განსაზღრავს ხარჯვით ნაწილს. მივედი და ვუთხარი, რასაც ვაპირებდი და რომ სცენა იყო საჭირო. ეს შეხვედრა რუსთავის ციხესთან მოხდა.

ჯერ ისეთი აგრესიული გახდა, დათვლილი რატომ არ მომიტანეო. ამ დროს მიშას შიმშილის 34-ე დღეა. გვერდზე ფიცარი ეგდო, გახედა და მითხრა, ეს საკმარისი არ არისო?! მოკლედ, იმას იქ რა ვუპასუხე არ ვიტყვი. ჯერ მითხრა, რომ პარალელური აქცია გვაქვსო , ახლა იქ მეორე ფრონტი გვაქვსო... მივხვდი, რომ არავინ გააკეთებდა იმას, რასაც მე ვითხოვდი.

დავასახელებ ამ ადამიანს, ეს იყო პეტრე ცისკარიშვილი. შემდეგ მითხრა, რომ პარტიაში დავილაპარაკებთო. იქვე იყო მეორე ადამიანი, რომელიც მიშას ნამდვილი მხარდამჭერია და იმ ღამეს დილის ხუთ საათზე მომწერა, რომ სიკვდილი მირჩევნია ამას რომ გწერ და უარია დაფინანსებაზეო.

შემდეგ მე პეტრეს ვუთხარი, რომ ამას მიშას მივწერდი. ნიკა გვარამიამ უთხრა ჩემზე, რომ ეს მიშას მიწერს და რად გინდათო. პეტრემ, მიწეროს რა, მიშამ არ იცის ჩვენი ბიუჯეტი და ორ ფრონტზე ბრძოლა გვაქვსო. რუსთავის ციხესთან მანამდე მითხრა, რომ რუსთავის ციხე ჩვენი პრიორიტეტი არ არისო. ეს ყველგან მოვყევი. ნიკა მელია თუ ამ ამბავს არ დაადასტურებს და მათ შორის ლევან ხაბეიშვილი, ყველამ იცის ეს შიგნით. უბრალოდ მეუბნებოდნენ, რომ ამის დრო არ იყო და კობახიძე იხეირებდა. "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" კატასტროფით უკვე ხეირობს.

ერთ-ერთ აქტივობაზე მიშამ მომწერა, რომ კონკრეტული ადამიანები ჩამერთო, ისინი პოლიტიკოსები არ იყვნენ. ასევე მითხრა, რომ პარტიიდან დაუკავშირდი ლევან ხაბეიშვილსო. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცი ხაბეს დღესაც აქვს ურთიერთობა მიშასთან, უნდა ვთქვა, რომ ორი შეხვედრის მერე ხაბე დავკარგე. ვოთსაპში ჩატი გვქონდა გაკეთებული, ჩატში ვწერდი, ხაბე, აბა რას იზამ. რაზეც სამ დღეში ერთხელ გვპასუხობდა. შემდეგ გავარკვიე, რომ ხაბეს გაუკეთებია საგამოძიებო ორგანიზაცია, საიდანაც ებრძოდა ბიძინას. ეს არის რისი მოყოლაც მინდოდა. შევეტაკე ასეთ ფაქტს - ქოცებს უფრო უნდოდათ, რომ მიშა აქტუალური არ ყოფილიყო თუ ამათ.

ათას მიზეზს ამბობდნენ, ელჩები გაგვიბრაზდებიან, დასავლეთი ამას სწორად ვერ გაიგებს, მილიონი მიზეზი ჰქონდათ, რატომ არ უნდა ყოფილიყო მიშას ირგვლივ აქტივობა.

არ მაინტერესებს რას ფიქრობენ ჩემზე გინდა "არტილერია“ მეძახონ და გინდა "აუთრიჩი...“ ნიკა მელიას და მე მაშინ გვქონდა უმძიმესი ურთიერთობა, სამ დღეში ერთხელ ვჩხუბობდით. ერთია, როცა პარტიას არ აქვს ფინანსები, მაგრამ მეორეა ის, რომ მე მის მიმართ მქონდა ადამიანური პრეტენზია, რომ ჩემი გადასახედიდან მან არ იბრძოლა მიშასთვის. მაგრამ ესენი მელიას იმისთვის კი არ ებრძვიან, რომ მიშასთვის არ იბრძოლა, არა, კიდევ იმაზე ფიქრობენ, შიდა ძალთა გადანაწილება როგორ მოხდება.

არ გეგონოთ, რომ სცენის მოწყობისთვის დიდ თანხაზე იყო საუბარი, სადღაც 15-20 ათასი ლარი... ბოლოს ოთხი მეგობარი გავერთიანდით და ეს თანხა ჩვენ დავდეთ, მათ შორის ერთ-ერთი იყო თემო ჯანაშია. კიდევ ორს ვერ დავასახელებ მათი ნებართვის გარეშე და მადლობა ჩემ შვილს, მარიამს რომ ლოჯისტიკა გადაიბარა, პეტრე ცისკარიშვილის მაგივრად გადაბირა. ეს აქციები მაინც ჩავატარეთ.

მათ პოლიტიკის კეთება ჰგონიათ, რომ სტუდიებში დასხდებიან და იტყვიან, რომ ბიძინა ცუდია და მიშას არ უშვებს. მოკლედ, რომ იცოდეთ, ძალიან მოტივირებულები იყვნენ იმისთვის, რომ შეექმნათ ილუზია მიშა არავის ადარდებს. ვიღაცები, რომ იყვნენ ჩართულები მიშას თემის ამოსაქოქად, უცებ ეს ხალხი ქრებოდა. ერთ-ერთ შეხვედრაზე, ცნობილების გამოსვლებს რომ ვამზადებდით, მახსოვს რომ ვახო ბაბუნაშვილი ადგა, გავიგეთ, ამ ლაპარაკს მოვრჩეთ და ხვალიდან სად მივდივართ, რომ მიშას ჯანმრთელობის ამბავზე მოთხოვნები გავაჟღეროთო, მეორე დღიდან გვეცლებოდა ეს ხალხი.

მე ვიცი, რომ მე და ხაბეს ქუჩის აქციები უნდა გვეკეთებინა მიშასთვის, აქტიურობა ამ მხრივ უნდა ყოფილიყო და მე ხაბე ვეღარ ვიპოვე. მიშასთვის საჭირო რაც იყო და ეფექტური, რომ არ ჩამკვდარიყო ეს თემა, არ გააკეთა, მე ეს გამოცდილება მაქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ახლა ამის დრო არ არის, სულ ამ შეძახილებით ვიყავი. პარტია შედგება სინამდვილეში დაღლილი ადამიანებისგან. თუ ამის დრო არ არის, ჩვენ ვერასოდეს მოვიგებთ ამ ომს. დღეიდან ძალიან კარგად ვიგრძნობ თავს ეს ყველაფერი რომ მოვყევი.

თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, გაუმარჯოს მის ერთგულ მებრძოლებს", - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.