რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებსა და სურათებზე ასახულია, რომ უღელტეხილზე უმოძრაოდ მყოფი ტრანსპორტის გრძელი რიგებია - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ამერიკული მედიასაშუალების ცნობით, დღეს ტერიტორიაზე დრონით გადაღებული ვიდეო მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის მხარეს ასობით მანქანაა თავმოყრილი.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ ხალხი საქართველოში გადასვლას თითქმის 48 საათია ელოდება.
როგორც CNN წერს, რამდენიმე ვიდეოზე ასახულია, რომ რუსეთის უსაფრთხოების დამატებითი ძალები საზღვარზე ჯავშანტრანსპორტიორით ჩადის..
მათივე ცნობით, ზემო ლარსის გადასასვლელზე და სხვა სასაზღვრო პუნქტებზე რიგები მას შემდეგ გაჩნდა, რაც გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
"მოულოდნელი შემოდინების ფონზე, ჩვენ ზეწოლას ვახორციელებთ მთავრობაზე, რათა სავიზო რეჟიმი შემოიღოს ან/და საზღვრების დახუროს“, - განუცხადა CNN-ს ქართველმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ნონა მამულაშვილმა.
ამერიკული მედიასაშუალბა დასძენს, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარი კვლავ ღიაა.