ავტორი:

დაგეგმეთ წინასწარ: არ წვიმდა, როცა ნოემ კიდობანი ააგო!

დაგეგმეთ წინასწარ: არ წვიმდა, როცა ნოემ კიდობანი ააგო!

დაგეგმვა რომ ბიზნესის სწორად მართვის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს, ამას ერთხმად ყველა აღიარებს. დაგეგმვის მნიშვნელობაზე სხვადასხვა დროს არაერთი ცნობილი მოაზროვნე, ავტორი, ბიზნესმენი და ა. შ. წერდა, ყველა იმას უსვამდა ხაზს, რომ გეგმის გარეშე შორს ვერ წავალთ და ჩვენი მიზნები უბრალოდ სურვილებად დარჩება.

“დაგეგმვა მომავლის აწმყოში გადმოტანაა, რაც საშუალებას გაძლევთ, განსაზღვროთ ხვალინდელი დღე!”― წერს ამერიკელი ავტორი ალან ლაკეინი. თუ გვსურს ჩვენი ბიზნესის მომავალი ჩვენვე განვსაზღვროთ და არა შემთხვევითობამ, მაშინ დაგეგმვის პროცესზე უარი არ უნდა ვთქვათ, თუ გვსურს მაღალი და მყარი კოშკი ავაშენოთ, დრო არ უნდა დაგვენანოს და თავდაპირველად მყარი საძირკველი უნდა ჩავასხათ.

არ აქვს მნიშვნელობა საინტერესო იდეებით ახლა შეაბიჯეთ ბიზნეს სამყაროში, თუ უკვე მართავთ განვითარების პოტენციალის მქონე ბიზნესს, თუ ოდნავ მაინც გიძნელდებათ თქვენი იდეების ფორმულირება და სტრუქტურაში მოყვანა, BPN Georgia მზად არის იყოს თქვენი მეგზური ამ სამყაროში.

ბიზნეს გეგმაზე მუშაობის პროცესში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ფინანსურ გათვლებს, რადგან მოგეხსენებათ, ფინანსებს ნებისმიერი ბიზნესისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ჰაერივით არის მისთვის. ყველა ბიზნესი ისწრაფვის მუდმივად ჰქონდეს საკმარისი ჟანგბადი, თავისუფლად სუნთქვა რომ შეძლოს. ფინანსური დაგეგმარება სწორედ ჟანგბადის მიწოდებას ჰგავს, რომელსაც სწორი დოზირება სჭირდება.

ფინანსური დაგეგმარება ნავიგაციის მოწყობილობასაც შეიძლება შევადაროთ. თუ იცი, სად ხარ მოცემულ მომენტში და სად გინდა იყო კონკრეტულ დროს, არ გაგიჭირდება ამ მოწყობილობის მართვა და სასურველ დროს აღმოჩნდები სწორედ იქ, სადაც გეგმავდი მისვლას. მაგრამ თუ არ გაქვს ინფორმაცია სად ხარ ახლა, არ იცი, სავარაუდოდ სად იქნები ხვალ, გაგიჭირდება იყო ბიზნესის კარგი მმართველი.

ფინანსური გეგმა მართვის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომლის მიზანიცაა, ფული, როგორც ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი რესურსი, მაქსიმალურად მომგებიანად და ეფექტურად გამოიყენოს კომპანიამ. სისტემური ფინანსური დაგეგმარება ბიზნესის გრძელვადიანი წარმატებული განვითარების წინაპირობაა. არ აქვს მნიშვნელობა იდეა გაქვთ, ახლა დგამთ პირველ ნაბიჯებს მის სისრულეში მოსაყვანად, სტარტაპი ხართ, თუ უკვე დიდი გამოცდილების და ისტორიის მქონე ბიზნესი, ფინანსური გეგმა ერთნაირად მნიშვნელოვანია ყველასთვის. სწორად დაგეგმილი ფინანსები განსაზღვრავს ბიზნესის ხვალინდელ დღეს.

“თუ აკონტროლებ შენს ფინანსებს დღეს, მათი მსხვერპლი არ გახდები ხვალ.”-ემილი სტროუდი

ფინანსური გეგმა საშუალებას გვაძლევს დროის ნებისმიერ მონაკვეთში სრული წარმოდგენა გვქონდეს რამდენად «ჯანმრთელია» ჩვენი კომპანია, რამდენად შესწევს უნარი სხვადასხვა მოკლე თუ გრძელვადიანი ვალდებულებები დაფაროს. გვაძლევს საშუალებას ვაკონტროლოთ კომპანიის შემოსავლები, ხარჯები, მოგება, რენტაბელურობა, ლიკვიდურობა და შესაბამისად გადავდგათ, ან არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც ფინანსურ ინვესტიციებს მოითხოვს. ფინანსური გეგმა ამავდროულად გვაძლევს შანსს ვაკონტროლოთ, რამდენად შევძელით ჩვენი გეგმების სისრულეში მოყვანა. შეგვიძლია ისიც გავაანალიზოთ, რა ხარვეზები გვქონდა და რის გამოსწორებაზე უნდა ვიზრუნოთ.

სამწუხაროდ, ციფრები, ფორმულები, გამოთვლა, ანგარიში ძალიან ბევრს აშინებს, არ უყვარს, ბევრსაც ეზარება. არაერთი კომპანიის დამფუძნებელი ამ ყველაფერთან ერთად იმასაც ფიქრობს, რომ ფინანსები მთლიანად სხვას(ბუღალტერს, ფინანსურ მენეჯერს) უნდა გადააბაროს. დიახ, საჭიროა, კომპეტენტური თანამშრომელი(ბუღალტერი, ფინანსური მენეჯერი) გყავდეთ გვერდით, თუმცა კომპანიისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ მაჩვენებლებზე ინფორმაცია და მათი ანალიზის უნარი ნამდვილად თავად მმართველს უნდა ჰქონდეს, რათა სწორი გადაწყვეტილებები იქნას დროულად მიღებული.

ნებისმიერი ბიზნესი ისწრაფვის წარმატებისკენ, მისი მიზანია გრძელვადიანად განვითარდეს, მიაღწიოს მისთვის სასურველ მასშტაბს და იყოს სანიმუშო. დაგეგმვის გარეშე ეს შეუძლებელია. სწორად და დროულად გათვლილი გადაწყვეტილებები დადებით გავლენას ახდენს კომპანიის ბრუნვაზე, მოგებაზე, ლიკვიდურობაზე. ფინანსური გეგმა დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ შეცდომები, შეამციროთ რისკები, გააკეთოთ სწორი ინვესტიციები, უზრუნველყოთ ფირმის ლიკვიდურობა და მიაღწიოთ თქვენს მიერ დასახულ მიზნებს.

ფინანსური დაგეგმარება თქვენი კომპანიის ფულადი ნაკადების სრულ ანალიზს გულისხმობს და სასურველია მოიცავდეს მაგალითად შემდეგს:

  • მოგება-ზარალის უწყისი
  • საპროგნოზო მოგება-ზარალის უწყისი
  • გაყიდვების გეგმა
  • ბალანსი
  • ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი
  • საინვესტიციო გეგმა
  • ლიკვიდურობის გეგმა
  • საჭირო კაპიტალის სტრუქტურა

მოგეხსენებათ, სამეწარმეო გადაწყვეტილებები აქტუალური სიტუაციიდან გამომდინარეობს, ზოგჯერ გეგმიდან გადახვევაც გვიწევს, მაგრამ ბიზნეს გეგმა ფინანსურ გათვლებთან ერთად უპირობოდ წარმოადგენს ბიზნესის მართვის უმთავრეს ინსტრუმენტს. გრძელვადიანი გეგმა გვიადვილებს მიზნებამდე მისვლას, ფუნდამენტია მდგრადი ოპტიმიზაციისთვის. მოკლევადიანი ფინანსური გეგმა არის სასიცოცხლო მნიშვნელობის, დროულად გვაძლევს შანსს ამოვიცნოთ მაგ. ლიკვიდურობის პრობლემა და საჭირო ღონისძიებები გავატაროთ. ყველა მაჩვენებელი ერთად გვაძლევს სრულ სურათს ჩვენი კომპანიის მდგომარეობაზე და მხოლოდ ამაზე დაყრდნობით შეგვიძლია დავგეგმოთ სტრატეგიული ნაბიჯები ჩვენი კომპანიის განვითარებისთვის. არ შეგეშინდეს ციფრების, დაგეგმე, შეამცირე რისკები, განვითარდი და გახდი კიდევ უფრო წარმატებული!

BPN Georgia მზადაა ამ პროცესშიც იყოს შენი პირადი მრჩეველი, შემოგვიერთდი ფინანსური დაგეგმარების ვორქშოფზე, მიიღე ინდივიდუალური კონსულტაციები ადგილობრივი და შვეიცარიელი ექსპერტებისგან, არ შეგეშინდეს ციფრების!