ავტორი:

"კაცს ბომბები და ხელყუმბარები ჰქონდა ასხმული, დააკავეს, არ ემორჩილებოდა და მიიღო დაზიანებები" - ვახტანგ გომელაური "საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელ გრიგოლ ნარსიაზე

"კაცს ბომბები და ხელყუმბარები ჰქონდა ასხმული, დააკავეს, არ ემორჩილებოდა და მიიღო დაზიანებები" - ვახტანგ გომელაური "საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელ გრიგოლ ნარსიაზე

ნარსიას დაზიანებები ჰქონდა სახეზე, დაკავების დროს მიიღო. კაცს ჰქონდა ასხმული ბომბები და ხელყუმბარები, დააკავეს, დააწვინეს, არ ემორჩილებოდა და მიიღო დაზიანებები, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ქუთაისში "საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელ გრიგოლ ნარსიასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გრიგოლ ნარსიას შეუძლია იჩივლოს თუ ის მიიჩნევს, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება იყო და ამას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და პროკურატურა შეისწავლის.

"მე ნამდვილად არ მინახავს ეს ფოტო. როდესაც ავედით დეპარტამენტში ამ ადამიანს დაზიანებები ჰქონდა სახეზე. შევედი, ვესაუბრე. რაზე ვესაუბრე მაგას არ ვიტყვი ახლა, არ მოვყვები. დაკავების დროს ჰქონდა მიღებული დაზიანებები. არის სამსახურები და თუ ის ადამიანი ჩივის, რომ მერე სცემეს, ან სადმე სცემეს, ან ზეწოლა იყო, იჩივლებს და სხვა სამსახურები - სახელმწიფო ინსპექტორი, პროკურატურა გამოიძიებენ თუ გადაამეტეს უფლებები პოლიციელებმა“, - განაცხადა გომელაურმა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, გრიგოლ ნარსია 20 სექტემბერს, სამხედრო უნიფორმით, ნიღბით და ხელთათმანებით შემოსილი პირი შეიარაღებული ხელყუმბარით, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო ვაზნებით, დანით, ხელნაკეთი იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობით ქუთაისში, "საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ სერვისცენტრში შეიჭრა და იქ მყოფი მოქალაქეების დაშინების მიზნით იარაღი გაისროლა, რის შემდეგაც შენობაში მყოფ მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მისი მითითებების შესრულება მოსთხოვა.

თავდამსხმელის ბანკში შეჭრისთანავე რამდენიმე პირმა შენობის დატოვება მოახერხა, ხოლო შენობაში დარჩენილი 13 პირი ბრალდებულმა ტერორისტული მიზნით მძევლად აიყვანა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი) და 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნარსიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.