ავტორი:

რატომ არის ზოგიერთ ქვეყანაში პიტ ბულის ყოლა აკრძალული და რომელ ქვეყანაში რა რეგულაცია მოქმედებს

რატომ არის ზოგიერთ ქვეყანაში პიტ ბულის ყოლა აკრძალული და რომელ ქვეყანაში რა რეგულაცია მოქმედებს

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში პიტ ბული ადამიანებს დაესხა თავს. მან სამი ადამიანი დაკბინა. სამართალდამცველებმა კი ძაღლს შვიდი ტყვია ესროლეს და მოკლეს იმისთვის, რომ ადამიანებისთვის სასიცოცხლო ზიანი არ მიეყენებიდა და როგორც აცხადებდნენ, იმ მომენტში სხვა გზა არ არსებობდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ჯიშის ძაღლი ადამიანებს დაესხა თავს, ყოველივემ კი საზოგადოებაში დისკუსიას დაუდო საფუძველი იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა პიტ ბულის ყოლა დაშვებული, თუ უნდა აიკრძალოს, ან დაწესდეს გარკვეული რეგულაციები მის მოვლასთან დაკავშირებით.

  • პიტ ბულ ტერიერი დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ ძაღლის ჯიშად მიიჩნევა, რომლის შეუპოვარი ხასიათი სისტემატურ წვრთნას მოითხოვს ლეკვობიდანვე, რათა პატრონმა შემდეგ ძაღლის მოთოკვა და აგრესიული ფონის გაკონტროლება შეძლოს. ამის გამო მისი ყოლა არაერთ ქვეყანაშია აკრძალული.

არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ამ ჯიშის ძაღლები სხვებზე უფრო აგრესიულები არიან. ცხოველთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ თუ პიტბული აგრესიულია, ეს შესაბამისი წვრთნის ბრალია.

საინტერესოა, რომ როტვეილერებს, დობერმანებსა და გერმანულ ნაგაზებსაც მსგავსი რეპუტაცია აქვთ, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში აკრძალვა და რეგულაცია უფრო მეტად პიტ ბულზე ვრცელდება.

  • რატომ არის ზოგიერთ ქვეყანაში პიტ ბულ ტერიერის ყოლა აკრძალული?

პიტ ბულებს ადამიანების ნაწილი იმისთვის ირჩევს, რომ მატერიალური მოგება ნახოს პიტ ბულების ჩხუბით და ვისაც ძაღლი ამ მიზნით ჰყავს, ისე წვრთნის, რომ უფრო მეტად აგრესიული გახადოს.

ეს აქტივობა არალეგალურია და ხშირად გამხდარა პიტ ბულების აკრძალვის მთავარი მიზეზი. ხშირია შემთხვევა, როდესაც სპეციალურად ჩხუბისთვის გაზრდილი პიტ ბული თავს ესხმის ადამიანებს და დაზიანებებს აყენებს მათ.

დიდ ბრიტანეთში სასამართლო წყვეტს, მისცეს თუ არა ადამიანს პიტ ბულის ყოლის უფლება. ითვალისწინებენ ძაღლის ფიზიკურ მახასიათებლებს. თუ სასამართლო დაუშვებს, რომ მეპატრონეს შეუძლია იყოლიოს პიტ ბული, ცხოველს აუცილებლად უნდა ეკეთოს ალიკაპი, საზოგადოებრივ ადგილებში საყელურით უნდა ატაროს პატრონმა, იყოს დარეგისტრირებული, დაზღვეული, სტერილიზებული, ტატუირებული და ჰქონდეს მიკროჩიპის იმპლანტი.

  • ქვეყნები, სადაც პიტ ბულის ყოლა აკრძალულია

ზოგ ქვეყანაში სრულიად აკრძალულია პიტ ბულის ყოლა, ზოგან კი მხოლოდ გარკვეულ რეგიონებში კრძალავენ.

ქვეყნები, სადაც სრულიად იკრძალება პიტ ბულის ყოლა, გამრავლება და ქვეყანაში შეყვანა, არის: ნიდერლანდები (კანონი 1991 წელს შევიდა მოქმედებაში), საფრანგეთი (2000 წლიდან), გერმანია (2001 წლიდან), იტალია (2004 წლიდან), დანია (2010 წლიდან) და ვენესუელა (2014 წლიდან აკრძალეს).

ქვეყნები, სადაც უმეტეს ქალაქებში აკრძალულია, მაგრამ გარკვეულ რეგიონებში შესაძლებელია პიტ ბულის ყოლა, არის: კანადა, არგენტინა, ბავარია, ფინეთი, ირლანდია, ისრაელი, ლატვია, მალაიზია, ნორვეგია, რუმინეთი, რუსეთი, ესპანეთი, თურქეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი...

ზოგიერთ ქვეყანას მხოლოდ რამდენიმე რეგიონში აქვს ეს აკრძალვა. ესენია: იაპონია, ავსტრია, ბელგია, ბრაზილია, ჩინეთი და კანადა.

წყარო: worldpopulationreview

მოამზადა: ანა სიბოშვილმა