ავტორი:

"ტელეფონი გამიტეხა და "სამსუნგი“ დამიტოვა, ერთი თვის განმავლობაში მისმენდა" - ნეკა დოროყაშვილი

"ტელეფონი გამიტეხა და "სამსუნგი“ დამიტოვა, ერთი თვის განმავლობაში მისმენდა" - ნეკა დოროყაშვილი

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, დაზარალებულ ნელი დოროყაშვილის განცხადებით, მას ბასილაშვილმა ტელეფონზე მოსასმენი დაუყენა.

"ჩემი ტელეფონი გამიტეხა და "სამსუნგი" დამიტოვა, ერთი თვის განმავლობაში მისმენდა", - განაცხადა დოროყაშვილმა.

მისივე ცნობით, ის გატეხილ ტელეფონს ინახავს - "ხანდახან ვჯდები და ჩემ სტრესებს ვახსენებ ჩემ თავს". ნელი დოროყაშვილის განმარტებით, მისთვის ჩოგბურთი ტრამვასთან ასოცირდება.

"როცა ეს ურთიერთობა დავასრულე, ეს წიგნი დავხურე და შევწყვიტე ჩოგბურთთან ურთიერთობა, მე ჩემ გონებას დავავიწყე ეს ყველაფერი, ჩემთვის მატრამვირებელია ჩოგბურთი, ჩოგანი, ბურთი",- განაცხადა დოროყაშვილმა.

დაზარალებულის თქმით, იმ ეტაპზე, როცა მათი ურთიერთობა დაძაბული იყო, ბასილაშვილმა მას მეორე შვილის გაჩენა შესთავაზა.

"ურთიერთობა დაძაბულ ფაზაში იყო, ღალატის ამბავი ახალი გაგებული მქონდა, მითხრა, ცუდი არ იქნება, მეორე ბავშვი გააჩინოო. განცდა მქონდა, რომ მას უნდოდა გაშორების შემდეგ მასზე მიჯაჭვული ვყოფილიყავი, რადგან იმ მომენტში ნიკას ჩემ მიმართ გრძნობები არ ჰქონდა და არც მე მქონდა. უნდოდა, ისევ მორჩილებაში ვყოფილიყავი და მისი ბრძანებების შესრულება გამეგრძელებინა",- განაცხადა დოროყაშვილმა.

მან ასევე გაიხსენა მშობიარობის შემდეგ, დედამთილის მიერ ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ნათქვამი ფრაზა, რომელიც მან გაიგონა.

"ნაკეისრალ ქალთან ერთად რომ წევხარ, არ წუხდები? წამოდი და ჩვენთან დარჩიო, უთხრა",- განაცხადა დაზარალებულმა დოროყაშვილმა.

მისივე განმარტებით, მას ვიღაც უთვალთვალებდა, რასთან დაკავშირებითაც, პოლიციას განცხადებით მიმართა. ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ დოროყაშვილს კითხვით მიმართა.

"თქვენ განცდა გქონდათ, რომ შესაძლოა, ნიკოლოზ ბასილაშვილი გითვალთვალებდათ. თქვენ ხომ არ უთვალთვალებდით ნიკოლოზს, ან კერძო დეტექტივის სამსახურს ხომ არ მიმართეთ?" - იკითხა ადვოკატმა, რაც დაზარალებულმა უარყო.

პროცესის მიმდინარეობისას, ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ პროკურორი ნათია გურული მოწმე ნელი დოროყაშვილს მობილურ ტელეფონზე პასუხებს წერდა, რასთან დაკავშირებითაც, პროკურორმა განმარტა, რომ ის ტელეფონს არც კი გაკარებია და რომ მსგავსი განცხადება მისთვის შეურაცხმყოფელია. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას განცხადებით, მტკიცებულების გარეშე აღნიშნულზე მხარის დადანაშაულება მიუღებელია. ამასთან, მოსამართლემ აღნიშნა, რომ მოწმე მისი თვალთახედვის არეში იმყოფება და არ უნახავს, რომ მას ტელეფონში ჩაეხედა და რამე წაეკითხა.