ავტორი:

სინათლის მოცეკვავე ტალღები - მაგიური მოვლენა: მითი და რეალობა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო სანახაობაზე

სინათლის მოცეკვავე ტალღები - მაგიური მოვლენა: მითი და რეალობა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო სანახაობაზე

ჩრდილოეთის ნათება, ანუ პოლარული ციალი მოცეკვავე სინათლის ტალღებია, რაც ხალხს ათასწლეულების განმავლობაში ატყვევებდა და დღესაც ატყვებებს. ბუნების ეს მოვლენა მაგიასთანაც არაერთხელ გაუიგივებიათ და არცთუ უმიზეზოდ - ვისაც ამ სამყაროს უშრეტი შესაძლებლობების სჯერა, მასზე ჩრდილოეთის ნათება ნამდვილად დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.

პოლარული ციალი ატმოსფეროს ფენებში მზის ქარებითაა გამოწვეული. მაგნიტური ველი მზის ელექტრონების ნაკადს ჩრდილოეთისა და სამხრეთის მაგნიტური პოლუსების საზღვრებს გარეთ გადაამისამართებს. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ პოლარული ნათების ხილვა პოლარული წრის მაგნიტური სფეროს გარეთ არის შესაძლებელი.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს მოვლენა არის მშვენიერი, მოცეკვავე სინათლის ტალღები, რომლის ხილვაც განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს.

  • ჩრდილოეთის ნათების ისტორია

მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელი - "aurora borealis“ იტალიელმა ასტრონავტმა, გალილეო გალილეიმ 1619 წელს დაარქვა და ის ცისკრის რომაული ქალღმერთის, ავრორასა და ჩრდილოეთის ქარის ბერძნული ღმერთის, ბორეასის სახელების ერთობლიობას წარმოადგენს, ჩრდილოეთის ნათების ყველაზე ადრეული ჩანაწერი 3 000-ზე მეტ წელს ითვლის და ის საფრანგეთის ერთ-ერთ გამოქვაბულში არსებულ მხატვრობაში გვხვდება.

იმ დროიდან მოყოლებული, ცივილიზაცია გაოცებას ვერ მალავს ამ ციური ფენომენის მიმართ. ძველ ასტრონავტებსაც აქვთ ჩანაწერები ჩრდილოეთის ნათების შესახებ. NASA-ს ცნობით, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II-ის სამეფო ასტრონომმა ამ ფენომენის შესახებ მოხსენებაც კი დაწერა.

  • რა არის ჩრდილოეთის ნათება?

"ჩრდილოეთის ნათების ნათელი ფერები დედამიწის ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობით არის ნაკარნახევი“, - განაცხადა ვანდერბილტის უნივერსიტეტის დირექტორმა, ასტრონომმა ბილი ტეტსმა,.

"ყოველი ტიპის ატომი, იქნება ეს ატომური წყალბადი თუ მოლეკულა, როგორიცაა ნახშირორჟანგი, შთანთქავს და ასხივებს ფერთა საკუთარ უნიკალურ კომპლექტს, რაც ანალოგიურია იმისა, რომ მაგალითად, ყველა ადამიანს უნიკალური თითის ანაბეჭდი გააჩნია, "ავრორაში" ნაჩვენები ზოგჯერ დომინანტური ფერია წითელი, აზოტის მოლეკულების მიერ წარმოქმნილი ელფერი და მწვანე, რომელიც წარმოიქმნება ჟანგბადის მოლეკულებით“, - განუცხადა ტიტსმა Space.com-ს.

მიუხედავად იმისა, რომ მზის ქარს პერიოდულობა არ გააჩნია და ის, ფაქტობრივად, მუდმივია, მზის ემისიები დაახლოებით 11 - წლიან ციკლს გადის. სიმშვიდის შემდეგ არის ქარიშხალი, რომელიც დედამიწას უკიდურესად დიდი რაოდენობის ენერგიით ატყდება თავს. ვიზუალურად ამას მაშინ მივხვდებით, როდესაც ნათება ყველაზე კაშკაშაა. მზის უკანასკნელი მაქსიმუმი 2014 წელს მოხდა, მომდევნო კი - 2025 წელს იქნება.

მეცნიერების წინსვლისა და განვითარების მიუხედავად, ჩრდილოეთის ნათების შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ ამოუხსნელია. NASA კვლავ ეძებს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ "მუშაობს“ ჩრდილოეთის ნათება. 2018 წელს კოსმოსურმა სააგენტომ გაუშვა პარკერის მზის ზონდი, რომელიც ამჟამად მზის გარშემო ბრუნავს და საბოლოოდ საკმარისად მიახლოვდება, რომ მის გარსს "შეეხოს“. იქ ყოფნისას კოსმოსური ხომალდი შეაგროვებს ინფორმაციას, რომელიც უფრო მეტს გამოავლენს ჩრდილოეთის ნათების შესახებ.

  • ჩრდილოეთის ნათება, სამხრეთის ნათება და STEVE

დედამიწაზე ჩრდილოეთის ნათების ანალოგი სამხრეთ ნახევარსფეროშიც არის და მას სამხრეთის ნათება ჰქვია - ისინი ფიზიკურად ერთნაირია და მხოლოდ მათი მდებარეობით განსხვავდებიან. მეცნიერები მუდმივად მოელიან, რომ ერთხელაც ნათება ერთდროულად მოხდება მზის ქარიშხლის დროს, მაგრამ ჯერჯერობით, ერთის დაწყება მეორეს მუდმივად ჩამორჩება.

კიდევ ერთი, "ავრორას" მსგავსი მოვლენა დედამიწაზე არის STEVE ("ძლიერი თერმული ემისიის სიჩქარის გაძლიერება"). ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნათების მსგავსად, STEVE არის მბზინავი ატმოსფერული ფენომენი, მაგრამ ის ოდნავ განსხვავდება მისი ტალღოვანი "კოლეგებისგან“.

"ეს ემისიები ვიწრო და მკაფიო რკალივით ჩანს, ჩვეულებრივ იასამნისფერი ფერისაა და ხშირად მოიცავს მწვანე სტრუქტურას, რომელიც ნელა მოძრაობს დასავლეთისკენ“, - აცხადებენ მკვლევარები.

2019 წელს, ჟურნალში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა კვლევა, სადაც გაირკვა, STEVE ერთგვარად ჩრდილოეთის ნათების ჰიბრიდს წარმოადგენს.

  • როდის და სად უნდა ვნახოთ ჩრდილოეთის ნათება

ჩრდილოეთის ნათების საკუთარი თვალით დანახვა ასტრონომიის მოყვარულთათვის და მოგზაურთათვის ერთგვარი ფუფუნების საგანია. საბედნიეროდ, ეს მოვლენა არც ისე იშვიათად ხდება. მთავარია, კონკრეტულ დროს კონკრეტულ ადგილზე აღმოჩნდეთ და ცოტა ბედმაც გაგიღიმოთ.

”ჩრდილოეთის ნათება ხდება 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე, წელიწადში 365 დღე", - განაცხადა ფოტოგრაფმა ჩად ბლეიკიმ, - მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ადვილად შესამჩნევია. თქვენ უნდა იყოთ საჭირო ადგილას საჭირო დროს“.

ტრომსოს გეოფიზიკური ობსერვატორიის თანახმად, ჩრდილოეთის ნათების სანახავად საუკეთესო ადგილია ტერიტორია ჩრდილოეთ პოლუსიდან დაახლოებით 2500 კილომეტრის რადიუსში. ყველაზე ხშირად პოლარული ციალის ნახვა ნორვეგიაში არის შესაძლებელი, სწორედ აქ ჩნდება "ავრორა" ყველაზე ხშირად, თუმცა ფენომენი შეიძლება უფრო სამხრეთითაც "გაცურდეს“, განსაკუთრებით ძლიერი მზის ქარიშხლების დროს.

მაგალითად, 1989 წლის მარტში, მზის ძლიერმა ამოფრქვევამ ჩრდილოეთის ნათება ხილვადი გახადა ჰონდურასის სამხრეთით.

თუკი "ავრორას ზონაში“ ამ მოვლენის სანახავად წახვალთ, უმჯობესია ქალაქიდან რაც შეიძლება შორს იყოთ, რათა მაქსიმალური ხილვადობის შესაძლებლობა გქონდეთ.

მის სანახავად საუკეთესო პერიოდი სექტემბრიდან აპრილამდეა, როდესაც ცა საკმარისად ბნელდება ავრორას დასანახად. ყველაზე ხშირად მას საღამოს 9 საათიდან დილის 3 საათამდე დაინახავთ. გაითვალისწინეთ მთვარის ფაზები, რადგან კაშკაშა სავსე მთვარემ შესაძლოა ღამის ცა შუქით აავსოს. შეამოწმეთ ადგილობრივი ამინდის პროგნოზიც, რადგან ღრუბლებში "ავრორას" ვერ შეამჩნევთ.

  • ადგილები, სადაც ჩრდილოეთის ნათების ნახვას შეძლებთ: ნორვეგია, ისლანდია, კანადა, შვედეთი, ალასკა, ფინეთი, გრენლანდია, ახალი ზელანდია, ავსტრალია.

უჩვეულო ფერების თამაშს მრავალი ცივილიზაცია ღმერთებსა და სულებს მიაწერდა, მერე თანხმდებოდნენ, რომ ეს მხოლოდ ფანტაზიაა და ამ მოვლენის მეცნიერულ ახსნასაც მიაკვლიეს, მაგრამ მაინც... არსებობს უამრავი კითხვა, რომელთა პასუხად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩრდილოეთის ნათება სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მაგიური მოვლენაა.

  • ავტორი: ეკა დარჩიაშვილი