ავტორი:

"სროლა შეწყდა, სიჩუმე ჩამოვარდა... მანქანიდან გადავედი, ვხვდებოდი, რომ ჩემი ქმარი ცოცხალი აღარ იყო" - უკრაინელი მომღერლის უმძიმესი ისტორია: როგორ მოუკლეს ქმარი რაშისტებმა?

"სროლა შეწყდა, სიჩუმე ჩამოვარდა...  მანქანიდან გადავედი, ვხვდებოდი, რომ ჩემი ქმარი ცოცხალი აღარ იყო" - უკრაინელი მომღერლის უმძიმესი ისტორია: როგორ მოუკლეს ქმარი რაშისტებმა?

ტრაგედიიდან თითქმის ექვსი თვის შემდეგ, უკრაინელმა მომღერალმა ULTRA-მ, ჟურნალისტებთან პირველად ისაუბრა, თუ რა ვითარებაში მოკლეს მისი ქმარი.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ახალგაზრდა უკრაინელი მომღერლის ULTRA-ს მოღვაწეობა და ცხოვრება შუაზე გაიყო. ომის პირველ დღეებში ქალმა ქმარი დაკარგა და თავად სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

ვარსკვლავმა აღიარა, რომ ის და მისი მეუღლე დიდხანს ფიქრობდნენ, დაეტოვებინათ თუ არა კიევი, მაგრამ როდესაც ბრძოლა ჟიტომირის გზატკეცილზე დაიწყო, გადაწყვიტეს უსაფრთხო ადგილას გამგზავრებულიყვნენ.

გზად, ბელაია ცერკოვის მახლობლად, გზატკეცილზე სროლას შეესწრნენ.

"სროლა დაიწყო კიევის მახლობლად გზაზე. ჩემი ქმარი წინ მიდიოდა, მე სხვა მანქანით უკან მივყვებოდი... ის გზის პირას გაჩერდა. მეც მის ახლოს გავჩერდი. როდესაც დავინახე მანქანას ესროდნენ, მაშინვე დავურეკე და ვთხოვე იატაკზე დაწოლილიყო. პასუხად მითხრა: "მილა, მიყვარხარ. მინდა ცხოვრება. მკლავენ..."

მერე ისევ ვურეკავდი, მაგრამ აღარ მიპასუხა... იარაღის ხმა მესმოდა. ტყვიების ჯერი ჩემს მანქანაზეც გადაატარეს, იატაკზე ვიწექი, თავზე ბალიშს ვიფარებდი და შიშისგან ვკანკალებდი. ვიმედოვნებდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა... კვლავ და კვლავ ვრეკავდი, მაგრამ ჩემი საყვარელი ადამიანი არ მპასუხობდა“, - ამბობს ULTRA.

როდესაც სროლა დასრულდა, ქალი მანქანიდან გადავიდა და ნახა, რომ მისი ქმარი მკვდარი იყო.

"არასდროს დამავიწყდება ამ კოშმარული დღის ერთი დეტალიც კი... სროლა შეწყდა, სიჩუმე ჩამოვარდა... მანქანიდან გადავედი, ვხვდებოდი, რომ ჩემი ქმარი ცოცხლი აღარ იყო, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი წუთები. ვერ ვაცნობიერებდი რა მოხდა...რატომ ის... მე რატომ გადავრჩი...

ექვს თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ტრაგედია მოხდა და მივხვდი, რომ მსურს მისთვის ვიცხოვრო. ჩემი ქმარი ასევე მუსიკოსი იყო, წერდა სიმღერის ტექსტებს, მუსიკას, აკეთებდა არანჟირებას ჩემი სიმღერებისთვის... და ოცნებობდა, რომ ჩვენი სიმღერები უკრაინასა და მსოფლიოში პოპულარული ყოფილიყო... ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ“, - ამბობს მომღერალი.