ავტორი:

"ნიკოლოზს სურდა განქორწინება, მაგრამ უნდოდა, მისი ფიქტიური ცოლი ვყოფილიყავი" - ნეკა დოროყაშვილი

"ნიკოლოზს სურდა განქორწინება, მაგრამ უნდოდა, მისი ფიქტიური ცოლი ვყოფილიყავი" - ნეკა დოროყაშვილი

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის განცხადებით, ნიკოლოზ ბასილაშვილს განქორწინება სურდა, თუმცა უნდოდა ის ფიქტიური ცოლი ყოფილიყო.

როგორც მან დღევანდელ პროცესზე აღნიშნა, ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ, ის და ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან ხშირად საუბრობდნენ განქორწინებაზე.

"ნიკოლოზს სურდა განქორწინება, ოღონდ ეს ყველაფერი სასამართლოს გარეშე სურდა. ნიკოლოზს უნდოდა განქორწინება, მაგრამ უნდოდა, რომ მისი ფიქტიური ცოლი ვყოფილიყავი, რასაც არავინ დათანხმდება. გააგრძელებდით თქვენ ასეთ თანაცხოვრებას? ხელი გააწერო და ფიქტიური ცოლი იყო? ცოტა ცუდად ჟღერს, ქმართან ხელი გააწერო და ისე იცხოვრო",- განაცხადა დოროყაშვილმა.

კითხვაზე, თუ გააუქმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მასზე გენერალური მინდობილობა, როდესაც განქორწინდნენ და ჰქონდა თუ არა მის საბანკო ანგარიშებზე წვდომა, დოროყაშვილმა უპასუხა, რომ არ გაუუქმებია.

მან დღევანდელ პროცესზე ასევე ისაუბრა იმაზე, რომ თურქეთში სამოდელო კონტრაქტი ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან განხორციელებული წნეხისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო გაწყვიტა და ხელშეკრულებით დარღვევისთვის თანხა თავად აანაზღაურა.

ნელი დოროყაშვილის თქმით, მას იმდენად რთული ფსიქოემოციური მდგომარეობა ჰქონდა, რომ გადაღებების დროს ტიროდა.

"რა უნდა ვუსურვო ადამიანს, რომელმაც ასეთი ტანჯვა გამომატარა, მტერსაც არ ვუსურვებ",-განაცხადა დოროყაშვილმა ადვოკატის კითხვაზე საპასუხოდ, თუ რას უსურვებს ბასილაშვილს.

დამატებით კითხვაზე, უთხრა თუ არა მან ნიკოლოზ ბასილაშვილს შემდეგი სიტყვები, "ელოდე ბოროტი ნეკას ბოროტ საქციელს", დოროყაშვილმა უპასუხა: "მითქვამს, ამით მივანიშნებდი იმას, რომ სასამართლოს მივმართავდი და ყველაფერს ვიტყოდი, რასაც მიკეთებდა, არასდროს სერიოზულად არ აღიქვამდა იმას, რომ ამას მართლა გავაკეთებდი",-განაცხადა დოროყაშვილმა.

მისი თქმით, ბასილაშვილის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას შვილის გარდა, არავინ შესწრებია. მისი თქმით, ძალადობის შემთხვევები ძირითადად სახლში ან სასტუმროში ხდებოდა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.