ავტორი:

"მსგავსი მაღალი დონის ვიზიტი აფხაზეთში ფაქტობრივად, არ ყოფილა... ერთ-ერთი "მესიჯია“, რომ ბელარუსი აპირებს აღიარებას" - პაატა ზაქარეიშვილი

"მსგავსი მაღალი დონის ვიზიტი აფხაზეთში ფაქტობრივად, არ ყოფილა... ერთ-ერთი "მესიჯია“, რომ ბელარუსი აპირებს აღიარებას" - პაატა ზაქარეიშვილი

ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის ერთ-ერთი მესიჯი შესაძლოა იყოს ის, რომ ბელარუსი აპირებს, ოკუპირებული აფხაზეთის აღიარებას.

ექსპერტის აზრით, შეიძლება შეუქმნან აფხაზებს შთაბეჭდილება, რომ ბელორუსი მათზე ზრუნავს.

როგორც ზაქარეიშვილმა "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ადრე ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი მზად არის მიუერთდეს სამოკავშირეო სახელმწიფოს, თუმცა ვიდრე ბელორუსი მის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, ამ სამოკავშირეო სახელმწიფოს ვერ მიუერთდება, შესაბამისად, განგაშის სიგნალს სწორედ დამოუკიდებლობის აღიარება წარმოადგენს.

გარდა ამისა, ექსპერტის აზით, ბელარუსის ლიდერის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლის ერთ-ერთი მიზეზი ასევე შესაძლოა "ბიჭვინთის აგარაკის“ საკითხიც იყოს.

"რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. ასეთი მაღალი დონის ვიზიტი ფაქტობრივად აფხაზეთში არ ყოფილა, ერთადერთი ლავროვი იყო, როდესაც აღიარა რუსეთმა დამოუკიდებლობა მაშინ. ორი "მესიჯია" - ერთი ის, რომ ბელორუსი აპირებს აღიარებას და შეიძლება შეუქმნან შთაბეჭდილება აფხაზეთს, რომ ბელორუსი მათზე ზრუნავს, მაგრამ რატომ არ აღიარებს და რატომ ჩავიდა? სავარაუდოდ, საუბარია თვითონ ბიჭვინთის აგარაკზე, სადაც ხდება შეხვედრა, ეს არის "მესიჯი", სურთ ვიზუალური მეხსიერებით გაუცოცხლონ აფხაზებს პუტინის სურვილი, რომ აფხაზეთის პარლამენტმა მოახდინოს რატიფიცირება ბიჭვინთის აგარაკის. თუ ბელორუსმა უახლოეს დღეებში არ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მოხდება ზემოქმედება და ზეწოლა აფხაზურ საზოგადოებაზე, რომ პუტინს და ლუკაშენკოს სჭირდებათ აგარაკი. სურთ შექმნან ილუზია აღიარებისა, რომელიც შეიძლება იყოს ნამდვილი და შეიძლება იყოს ფიქტიურიც“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს. მისი თქმით, აფხაზეთთან არა მხოლოდ "მეგობრობის ხიდის“ აშენება, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები სურთ.

ასევე იხილეთ: