ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებული აფხაზეთს ეწვია და ასლან ბჟანიასთან ბიჭვინთაში შეხვედრა გამართა.
ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აფხაზეთთან სერიოზული ურთიერთობების დამყარება სურს.
"მე გამოცდილი ადამიანი ვარ, მრავალი წელია, პოლიტიკაში ვარ. ვისაუბროთ, ვიფიქროთ როგორ ვიცხოვროთ. მთავარი ის არის, რომ აქ ხალხი ღირსეულად ცხოვრობდეს, რადგან ეს სამოთხეა დედამიწაზე. საბჭოთა დროიდან მახსოვს, როცა აქ ვიყავი. ამიტომ, ჩვენ გვინდა დავამყაროთ არა მხოლოდ მეგობრობის ხიდი, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს.
ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შეფასებები უკვე მოჰყვა ქვეყნის ხელისუფლებიდან. პრეზდენტი სალომე ზურაბიშვილი ლუკაშენკოს ვიზიტს "მკაცრად გმობს“ და "დაუშვებელ დარღვევად" აფასებს.
ფაქტს ეხმაურება პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე და აქვეყნებს იმ ღონისძიებათა ჩამონათვალს, რაც, მისი შეფასებით, პირველ ეტაპზე თავმოყვარე სახელმწიფომ უნდა გააკეთოს.
"ბელარუსის პრეზიდენტს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის უნდა აეკრძალოს საქართველოში შემოსვლა. საქართველოს ელჩი დაუყოვნებლივ უნდა გამოვიწვიოთ დამატებითი კონსულტაციებისთვის.
პ.ს. ასევე, დაიწყოს ბელარუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე მსჯელობა, პოლიტიკური დისიდენტებისთვის თავშესაფრის მიცემის წესის გამარტივების პარალელურად. ეს არის ღონისძიებათა მცირე ჩამონათვალი, რაც უნდა გააკეთოს პირველ ეტაპზე თავმოყვარე სახელმწიფომ." - წერს პოლიტოლოგი.
ასევე იხილეთ: