ავტორი:

"დიდ სახლში პირველი აგური უკვე დადებულია - იმედი მაქვს, ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე" - ასლან ბჟანია ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე

"დიდ სახლში პირველი აგური უკვე დადებულია - იმედი მაქვს, ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე" - ასლან ბჟანია ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აფხაზეთში ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ აფხაზეთსა და ბელორუსს შორის ურთიერთობა ახალ იმპულსს იძენს.

"ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის აფხაზეთში ჩასვლის ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს: ჩვენი ურთიერთობები ახლანდელ ეტაპზე ახალ ხასიათს იძენს, ჩვენს ურთიერთობებს ახალი ბიძგი მიეცა. იმედი მაქვს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე. არ მინდა ამ საკითხზე წინასწარ საუბარი, მაგრამ ამ დიდ სახლში პირველი აგური უკვე დადებულია, ფაქტია. კმაყოფილი ვარ შეხვედრით“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

მან ხაზი გაუსვა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთს პირველად სტუმრობს.

ბჟანიამ დასძინა, რომ შეხვედრაზე ძირითადად, ეკონომიკური საკითხები განიხილეს და გამოთქვა რწმენა, რომ "სახელმწიფოთაშორისი“ ურთიერთობები დინამიკურად განვითარდება.

ლუკაშენკომ ბჟანიასთან ბიჭვინთაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აფხაზეთთან სერიოზული ურთიერთობების დამყარება სურს.

"მე გამოცდილი ადამიანი ვარ, მრავალი წელია, პოლიტიკაში ვარ. ვისაუბროთ, ვიფიქროთ როგორ ვიცხოვროთ. მთავარი ის არის, რომ აქ ხალხი ღირსეულად ცხოვრობდეს, რადგან ეს სამოთხეა დედამიწაზე. საბჭოთა დროიდან მახსოვს, როცა აქ ვიყავი. ამიტომ, ჩვენ გვინდა დავამყაროთ არა მხოლოდ მეგობრობის ხიდი, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს.

"გუშინ ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინთან აფხაზეთის პრობლემები განვიხილეთ. ღამემდე ბევრი ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე და მივედით ერთ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება. მას დახმარება სჭირდება, რათა ეს აყვავებული მიწა, ხალხი, ვინც აქ ცხოვრობს, ნორმალურად ცხოვრობდეს“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.