ავტორი:

"წულუკიანს მყარად აქვს გადაწყვეტილი აღადგინოს საბჭოთა სისტემა კულტურის და სპორტის მართვის სფეროში" - სალომე სამადაშვილი

"წულუკიანს მყარად აქვს გადაწყვეტილი აღადგინოს საბჭოთა სისტემა კულტურის და სპორტის მართვის სფეროში" - სალომე სამადაშვილი

წულუკიანს ძალიან მყარად აქვს გადაწყვეტილი აღადგინოს საბჭოთა სისტემა კულტურის და სპორტის მართვის სფეროში - ის არის სისტემატური მატყუარა, ასევე ის არის სისტემატური მოძალადე თავად, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ გამოხატავს წულუკიანის მიმართ სოლიდარობას იმ განცხადების შემდეგ, რაც წულუკიანმა თქვა, რომ კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა მასზე დასარტყმელად გაიწია.

სამადაშვილი აცხადებს, რომ ძალადობაა ის, როცა დამოუკიდებელ სპორტულ ფედერაციებს დაფინანსების შეწყვეტით აშანტაჟებ.

"რამდენადაც ჩემთვის არის გასაგები, ქალბატონი წულუკიანი ატერორებს დამოუკიდებელ სპორტულ ორგანიზაციებს, რომ თუ ისინი არ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, როგორსაც ითხოვს წულუკიანი, მათ შეუწყდებათ დაფინანსება. მსგავსი მეთოდებით სპორტის და კულტურის სფეროს მართავდნენ საბჭოთა კავშირში, როგორც ჩანს, ქალბატონ წულუკიანს ძალიან მყარად აქვს გადაწყვეტილო აღადგინოს საბჭოთა სისტემა, რაც შეეხება ჩვენი კულტურის და სპორტის მართვის სფეროს. რაც შეეხება მის განცხადებებს, ქალბატონი წულუკიანი ბევრ განცხადებას აკეთებს, მაგრამ შემდეგ უჭირს შესაბამისი საბუთის წარმოდგენა. მე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ყურადღებით ვეკიდები ქალების წინააღმდეგ ძალადობას და თუ მსგავს ძალადობის მუქარას ჰქონდა ადგილი, საინტერესოა, ქალბატონმა წულუკიანმა რატომ არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, მე რომ ვინმე ძალადობით დამემუქროს, შემიძლია გითხრათ, რომ მყისიერად მივმართავ შესაბამის ორგანოებს რეაგირებისთვის. ქალბატონი წულუკიანი არის სისტემატური მატყუარა, ის არის ასევე სისტემატური მოძალადე თავად. ძალადობაა, როცა დამოუკიდებელ სპორტულ ორგანიზაციას ეუბნები - ან გადააყენე შენი თავმჯდომარე ან შეგიწყვეტ დაფინანსებას. საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ეს დაფინანსება არ არის წულუკიანის პირადი სახსრები, ეს არის გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან ამოღებული ფული, რომელიც გადაწყვიტა, რომ უნდა გამოიყენოს ტერორისთვის და თავდასხმისთვის. ამიტომ ჩემთვის გასაკვირი არ არის, რომ ის არის ზონდერ მინისტრი, რადგან სწორედ ასე იქცევიან ზონდერ ჯგუფები, როგორც იქცევა ქალბატონი წულუკიანი,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისათვის, კულტურის და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით წიკლაურმა მასზე ხელით დასარტყმელად გაიწია. თავის მხრივ, კრივის ფედერაციის ხელმძღვანელმა ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ "მექანიზმები ამოქმედდა მის მოსაშორებლად და ცილისწამებით დაგვირგვინდა".