"ტაბულას" დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" "ნაციონალური მოძრაობაში" არსებულ კრიზისზე ილაპარაკა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" დაშლის პირას არის მისული.
"ამ პარტიაში კატასტროფულად საქმე წლების წინ წავიდა. როდესაც სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ პარტიის იდენტობის გზა არის ის, რომ ქართველი ხალხი და ლიბერალური დემოკრატია შეუთავსებელია, რომ ბიძინას გზა არის ის გზა, რაც მას გამარჯვებას მოუტანს. ამიტომ ბიძინა ივანიშვილის კარიკატურად იქცა და ჩვენც გვაძალებდა, რომ მის კარიკატურად ვქცეულიყავით. "ასავალ-დასავალი" გააკეთეო, მე მეუბნებოდა. რომ ვუხსნიდი, მიშა, მე ამისი არ მჯერა, ყალბი "ასავალ-დასავალი" რომ ვიქნები, ნაღდს როგორ მოვუგებ-მეთქი. ანუ პრაგმატულად რა გიდევს-მეთქი თავში, რომ ვეკითხებოდი, არ უნდოდა ამის მოსმენა და გვეუბნებოდა, რომ თქვენ ხართ ერთი მუჭა ლიბერალები, არაფერი გესმითო. აი, ნახეთ ამ კაცმა ასე მოიგო, ქართველებს უნდათ ეს. ანუ ქართველების დამცირება დაიწყო. რადგან ქართველებმა უარი უთხრეს მას მმართველობაზე. მხოლოდ იმიტომ, რომ ძალაუფლება მოეპოვებინა, დამიწყო ბიძინობა.
"ნაციონალურ მოძრაობას" რომ მისცემოდა საშუალება, რომ სააკაშვილის გარეშე განვითარებულიყო, სააკაშვილი ციხეში არ იჯდებოდა. მგონია, რომ ჩამოიშლება "ნაციონალური მოძრაობა", განადგურებამდე მივა ყველაფერი. ეს პარტია დასუსტებისკენ წავიდა მაშინ, როდესაც სააკაშვილმა ბოკერია დაკარგა.
"ნაციონალუი მოძრაობა" დაშალა მიშამ. არავინ არ იყო ჩვენს შორის ისეთი გიჟი, რომ 5 ნომერზე უარი გვეთქვა. ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა. ბოლო 4 წელი ბოკერია "ნაციონალურ მოძრაობაში" ზიანის კონტროლის ერთგვარი მექანიზმი იყო. მაგის როლსაც ვერ ხედავდა და წამოსვლას ფიქრობდა, მაგრამ წაგებული გემიდან ხომ არ გაიქცეოდა. ამიტომ დარჩა მაშინ, როცა ყველა გაიქცა, ადეიშვილს მეორე დღეს ვერავინ პოულობდა საერთოდ, მიშა სანამ საბოლოოდ გაიქცა, მანამდე სამჯერ გაგვექცა, დიპლომატებს დაემშვიდობე-მეთქი, ვაბრუნებდით და ვთხოვდით. ვანო ციხეში მოხვდა, გიგი ციხეში მოხვდა და გიგა დარჩა მარტო. პარტიამ რომ გარდაქმნა დაიწყო, მიშამ ეს მის ძალაუფლების დაკარგვად აღიქვა და აჩენდა სპეციალურად კონფლიქტებს, რათა ეს ხალხი ჩასულიყო მასთან კიევში და ქურდულად დაელაგებინა სიტუაცია. ახლაც იგივეს გააკეთებს ალბათ, იტყვის იქიდან ქურდულად რაღაცას და ასე დალაგდება", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.