ავტორი:

"რუსეთისთვის კატასტროფა ახლოვდება, მას ნავთობზე მონოპოლია აღარ ექნება... ჩვენ კი შანსი გვიჩნდება" - ენერგორესურსები და საქართველო: ნავთობის მოპოვების ისტორია და ცნობილი ქართველი მაგნატები

"რუსეთისთვის კატასტროფა ახლოვდება, მას ნავთობზე მონოპოლია აღარ ექნება... ჩვენ კი შანსი გვიჩნდება" - ენერგორესურსები და საქართველო: ნავთობის მოპოვების ისტორია და ცნობილი ქართველი მაგნატები

საქართველოში ნავთობის მოპოვების დიდი ისტორია არსებობს. ვინ იყვნენ ნავთობის ცნობილი ქართველი მაგნატები, რა კავშირი ჰქონდათ მათთან ლეგენდარულ ძმებს ნობელებს, სიმენსებს, როტშილდებს და რამდენად არის შესაძლებელი, რომ საქართველოში წარსულის გამოცდილება იქნას გამოყენებული - ამის შესახებ ისტორიკოსი, პოლიტოლოგი, პროფესორი ვაჟა შუბითიძე გვესაუბრება...

- დღეს ნავთობის თემა კვლავ ძალიან აქტუალური გახდა... რუსეთ-უკრაინის ომმა თვალსაჩინო გახადა ნავთობისა და გაზის, საერთოდ ენერგეტიკული რესურსების დიდი როლი მსოფლიოში... საქართველოში ნავთობის მოპოვების თემა ახალი არ არის. ვიდრე ბაქოში ნავთობის მოპოვება დაიწყებოდა, მანამდე მისი დამუშავება საქართველოში - მირზაანში და შირაქის ველზე ხდებოდა. 1848 წელს ვორონცოვმა ყველა საბადო იჯარით გასცა. 1860-იან წლებში ამ საბადოების მეპატრონეთა შორის იყვნენ ძმები სიმენსებიც, რომლებმა 1875 წელს კახეთის ნავთობის საბადოებიდან ამოიღეს 173 ათასი ვედრო ნავთი...

ნავთობის მოპოვება დაიწყო 1870-იანი წლებიდან ბაქოში - აფშერონის ნახევარკუნძულზე. ნავთობის მოპოვებით უცხოელები დაინტერესდნენ. ბაქოში ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ ნავთობის მოპოვებას რუსები და რუსებთან დაკავშირებული უცხოელები აწარმოებდნენ, მათ შორის ქართველებიც იყვნენ. ნავთობის გაყიდვის მონოპოლია მხოლოდ ნობელებს ჰქონდათ...

ნობელები მანამდე საქართველოში სულ სხვა ტიპის ბიზნესს აწარმოებდნენ, მაგრამ ბაქოში რომ ჩავიდნენ, მიხვდნენ, რომ იქ იყო ზუსტად ოქროს საბადო, მათ ყველაფერი გაყიდეს და მთელი ფული ნავთობის წარმოებაში ჩადეს... ნობელებმა საიმპერატორო კარი, მინისტრთა კაბინეტი მოისყიდეს და ნავთობის გაყიდვაზე მონოპოლია მიიღეს. ნავთობს სხვებიც მოიპოვებდნენ, მაგრამ მხოლოდ ნობელები ყიდდნენ... მათმა მონოპოლიამ ცოტა არ იყოს საშიში სახე მიიღო, სხვა მეწარმეებს ჩაგრავდნენ, რამაც - ნიკო ნიკოლაძე აღაშფოთა და 1882 წელს თავის ცნობილი მოხსენება დააწერინა...

ძმები ნობელები

მოხსენების დასაწყისში ნიკო ნიკოლაძე მიუთითებს, რომ ბაქოს ნავთობის გატანა დღითიდღე იზრდება, მაგრამ ასეთი სიმდიდრით გიგანტური სარგებლობა სრულიად არ იგრძნობოდა ადგილობრივი მოსახლეობის, მშრომელი ხალხისა და თვით მეწარმეთა ცხოვრებაზე. იმის კითხვა, სად მიდის ამ ნაქები წარმოების სიმდიდრის რეზულტატი, მოგება? ნიკოლაძეს აქვე მოაქვს ბაქოს ნავთობის წარმოების შედარება ამერიკის ნავთობის საქმესთან: „შეხედეთ, რამდენი მსხვილი და კოლოსალური კონკურენცია წარმოიშვა იქ (აშშ-ში -ვ.შ.), ნავთობის რამდენი ლორდი გაჩნდა, რომელთაც ნამდვილი სიმდიდრე დააგროვეს?ნიკოლაძე სვამს კითხვას: სად არიან ბაქოს ნავთობის ლორდები? სად იმალება მათი კეთილდღეობა? და იქვე პასუხობს, რომ ამ "ლორდებმა“ ჯერ მხოლოდ ვალები მოაგროვეს და ოფლში გაქაფულნი, ძლივს ახერხებენ ამ ვალების პროცენტთა გადახდას.

მოხსენებაში იგი ასაბუთებდა, რომ მონოპოლია საერთოდ დაღუპავდა ნავთობის ბიზნესს. მისი აზრით აუცილებელი იყო დაბალანსება და სწორედ მისი აზრის თანახმად ჩამოიყვანეს როშტილდები. როშტილდები მე-18-ე საუკუნეში გამდიდრდნენ. როტშილდმა ბანკი დაარსა და მისი ხუთივე ვაჟი მთელ ევროპაში გაბატონდა... ნიკო ნიკოლაძემ როშტლდების ფრანგულ შტოსთან კონტაქტი დაამყარა. როტშილდებს როგორც უცხოელებს და ებრაელებს აკრძალული ჰქონდათ რუსეთში წარმოების გახსნა და ამიტომ სააქციო საზოგადოება შექმნეს. ნიკო ნიკოლაძემ ორი კანდიდატურა წარადგინა, რომლებიც როტშილდებმა წარმომადგენლებად დანიშნეს. წარმოიდგინეთ რამდენად დიდი ნდობა და გავლენა ჰქონდა ნიკო ნიკოლაძეს.

  • როტშილდების პარიზის სახლმა 1886 წელს შეიძინა ბათუმის ნავთობისა და ვაჭრობის საზოგადოება - ექვსმილიონიანი კაპიტალი, ათი მილიონი დოლარით, რაც მაშინ კოლოსალური თანხა იყო.

მათ ასევე ფინანსები ბათუმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის ასაშენებლად გამოყვეს. დაარსეს კასპიისა და შავი ზღვის ნავთობის კომპანია და 1889 წელს პირველებმა დაიწყეს ნავთობის ტანკერებით გატანა. მანამდე ნავთობი თუნუქებით და ხის კასრებით გაჰქონდათ. ბათუმში როტშილდების ქარხნის დირექტორი იყო ფრანგი გიონი, რომელიც სამუშაოზე მხოლოდ ქართველებს იღებდა. მისი აზრით, ქართველები ყველაზე კეთილსინდისიერი მუშები იყვნენ და ყოველთვის დროულად ასრულებდნენ მინდობილ საქმეს. სულ ქარხანაში 2650 მუშა იყო დასაქმებული.

როტშილდების დინასტია

ეს ყველაფერი სამწუხაროდ ისტორიას ჩაბარდა... დღეს მსოფლიოში ისევ აქტუალური რომ გახდა ნავთობის და ენერგეტიკული რესურსების სიმდიდრის საკითხი, საქართველოშიც გააქტიურდა ამ საკითხზე მუშაობა. ვიცით, რომ ახლახან ამერიკულმა კომპანიამ თბილისთან ახლოს გაზის 8 მილიარდი კუბური მეტრის საბადო აღმოაჩინა, რომელიც მთელ საქართველოს სულ მცირე ორი წელი ეყოფა.

  • იმავდროულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს შავი ზღვისპირა აკვატორიაში, რომელიც ახლა დროებით ფაქტიურად რუსეთს აქვს დაკავებული, დიდი რაოდენობით გაზი და ნავთობი აღმოჩნდა.

ეს შედარებით ახალი ინფორმაციაა და ძალიან ბუნდოვნად გაჟღერდა, რადგან რუსები ცდილობდნენ აფიშირებული არ ყოფილიყო. თავად სურდათ გამოყენება, მაგრამ რაც უკრაინაში ომი დაიწყეს, ამ ყველაფერს ხელი შეეშალა. რუსეთი რომ დამარცხდება, ჩვენ აფხაზებთან ერთად შეგვიძლია ეს დიდი სიმდიდრე გამოვიყენოთ და საქართველოს სამსახურში ჩავაყენოთ. გაზის და ნავთობის იმდენად დიდი მარაგი ყოფილა, ვარაუდობენ საქართველოს ათეული წლობით ეყოფაო... რუსეთი რომ დამარცხდება, კიდევ ბევრ რამეს ფარდა აეხდება. საქართველოც ბოლოსდაბოლოს ამოისუნთქავს, როცა თავის ენერგეტიკული რესურსი ექნება.

- ნავთობის მოპოვების საუკუნეების გამოცდილება რამდენად დაეხმარება ქვეყანას?

- მაშინდელი გამოცდილებიდან კომუნისტებმა ყველაფერი დამარხეს... დღეს ცოდნის ათვისება თავიდან მოგვიწევს. სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოების მიდრეკილება ისეთია, რომ ახალგაზრდები მხოლოდ გარკვეულ ფაკულტეტებზე აბარებენ -საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესი და ასე შემდეგ... ნავთობის მოპოვების ცოდნას არავინ ეუფლება. ვისურვებდი, ქართველებს ტექნიკური ცოდნის შეძენისკენ მიემართათ თავის პოტენციალი... დღეს ეს უფრო მეტად წაგვადგება.

- ნავთობის ბიზნესში კიდევ ვინ იყო ჩართული საქართველოდან?

- საქართველოდან უამრავი ვინმე იყო ნავთობის ბიზნესში... 1902 წელს საქართველოში ნავთობის მოპოვება შეჩერდა, რადგან ნავთობი ბაქოში უკვე ძალიან სერიოზულად მოიპოვებოდა. იქ ნავთობის მოპოვების უზარმაზარ ინდუსტრიას ჩაეყარა საფუძველი. საქართველოდან ნავთობის მოპოვებაზე სერიოზული ფინანსები მოიპოვა თბილისში დაბადებულმა და გაზრდილმა ალექსანდრე მანთაშევმა, მისი კაპიტალი 22 მილიონ მანეთს შეადგენდა.

ნავთობის ბიზნესში იყო კონსტანტინე ზუბალაშვილი, რომელმაც ნავთობის მოპოვება 1873 წელს დაიწყო... იგი ბაქოში ბიზნესის შესაძენად რომ ჩავიდა, ბაქოს ჰაერმა მასზე ცუდად იმოქმედა და სამკურნალოდ საფრანგეთის ცნობილი - ლურდის ბალნეოლოგიური კუროტი გამოუწერეს... იქ მართლაც სასწაული წყალია, რომელმაც კონსტანტინეზე ძალიან კარგად იმოქმედა და წყალი რამდენიმე ბიდონით წამოიღო კიდეც. ეს წყალი ნავთობის საბადოებში ჩაასხეს და ნავთობმა ამოხეთქა, რომელიც მანამდე არ ამოდიოდა. მერე იმდენი ამოვიდა, კონსტანტინემ უზარმაზარი ფული იშოვა...

ბაქოში ნავთობის ბიზნესში 1973 წელს იყვნენ ძმები ჯაყელები, რომლებმაც კასრების ქარხანა ტრანსპორტირებისთვის პირველებმა დააფუძნეს. ისინი ნავთსაც იღებდნენ და ყიდდნენ კიდევაც.

შემდეგ ბაქოს ნავთობის ათვისებაში სერიოზული თანხები იშოვა ცნობილმა მეწარმემ - იაკობ მანსვეტაშვილმა. ბაქოს ნავთობის ათვისებაში სერიოზული წვლილი შეიტანა - აკაკი ხოშტარიამ.

დღეს ჩვენ რომ ნავთობის და გაზის მოპოვების ინდუსტრია განვითარებული გვქონოდა, სულ სხვა ვითარება გვექნებოდა... კასპიის ზღვა, სპარსეთის ყურე, შავი ზღვა ფაქტიურად ერთი სისტემაა... ნავთობი თუ კასპიის ზღვაში მოიპოვება, შავ ზღვაშიც უნდა იყოს, ვინაიდან ერთი სისტემები იყო და როგორც ჩანს არის კიდეც, უბრალოდ სერიოზულად მიხედვა ჭირდება. რაც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ, სხვების, თუნდაც რუსების ხელში არ უნდა ჩავაგდოთ. რუსები ჩვენს სიმდიდრეს ყოველთვის ისაკუთრებენ და ახლაც ასე არ უნდა მოხდეს!

რუსეთის მონოპოლიური ნავთობმოპოვება ნელნელა სრულდება... ევროკავშირი რუსეთის გაზის 60 პროცენტს მოიხმარდა და აგვისტოს ბოლოს 9 პროცენტამდე დავიდა გერმანიაში... რუსები გაზს ვეღარ ყიდიან, გაჩერება არ შეიძლება და ყოველდღიურად ტყუილად წვავენ ფინეთის საზღვარზე 4 მილიონ კუბურ გაზს... ეს ნიშნავს, რომ კატასტროფა ახლოვდება. რუსეთის დიდი ზარალია და ბუნებასაც დიდ ზიანს აყენებენ. რუსეთს შეგუება მოუწევს, რომ ნავთობის მონოპოლია აღარ ექნებათ!

საქართველოს კი შეუძლია ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს, თუ ჩვენ გაზის და ნავთობის რესურსებს ავითვისებთ... მთავარია რუსეთი უკრაინაში დამარცხდეს და მერე ყველაფერი რეალური იქნება!