ავტორი:

ერთ დღეში მიხაილო დიანოვის სამკურნალოდ 7 მილიონი გრივნა შეგროვდა - უმძიმესი ისტორია საზღვაო ქვეითზე, რომელიც "აზოვსტალის" სიმბოლო გახდა

ერთ დღეში მიხაილო დიანოვის სამკურნალოდ 7 მილიონი გრივნა შეგროვდა - უმძიმესი ისტორია საზღვაო ქვეითზე, რომელიც "აზოვსტალის" სიმბოლო გახდა

21 სექტემბერს, 214 სხვა დამცველთან ერთად, რუსეთის ტყვეობიდან გაათავისუფლეს მიკოლაივის 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის ჯარისკაცი, "აზოვსტალის" დამცველი მიხაილო დიანოვი. 42 წლის მიხაილო დმიტრო კოზაცკის მტკივნეული ფოტორეპორტაჟის ერთ-ერთი გმირია. ჯერ კიდევ მაისში, ფოტოებზე ჩანდა როგორი მძიმე იყო ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ოკუპირებულ მარიუპოლში ყოფნისას მიხაილომ სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ მიიღო. ხოლო როდესაც დიანოვი რუსების ტყვეობაში აღმოჩნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ოკუპანტებმა ხელზე დამაგრებული აპარატი მიხაილოს ანესთეზიის გარეშე მოხსნეს. მამაკაცი ამჟამად კიევის სამხედრო ჰოსპიტალშია. გამოჯანმრთელების შემდეგ კი აუცილებელია ხელზე ოპერაცია გაუკეთდეს.

ამ დროისთვის უცნობია, რა თანხაა საჭირო მიხაილო დიანოვის სამკურნალოდ. თუმცა უკრაინელებმა "აზოვსტალელი" მცველისთვის მკურნალობის თანხის შეგროვება დაიწყეს. 24 საათში მიხაილოსთვის 7 მილიონზე მეტი გრივნა შეგროვდა.

დიანოვი ჯარში მოხალისედ 2015 წლის იანვარში წავიდა. ომამდე ჰქონდა სხვადასხვა პროფესია: იყო ადმინისტრატორი, გაყიდვების აგენტი, ერთ დროს აქტიურად იყო ჩართული მუსიკალურ ინდუსტრიაში, უკრავდა აკუსტიკურ და ბას გიტარაზე, ფორტეპიანოზე და დასარტყამ ინსტრუმენტზე. ის იყო ტერნოპოლის ჯგუფის "Personal Signature" წევრი.

"შემიძლია მოვკვდე როგორც და როცა მინდა – ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მაგრამ მე შემიძლია გადავწყვიტო, როგორ ვიცხოვრო. მამაცურად თუ ჩუმად. აქ მე უბრალოდ ყოვლისშემძლე ვარ. აშკარაა, ეს აქსიომაა. თუ სამყაროში რაღაც ცუდი ხდება, ვერაფერს გააკეთებ, მაგრამ შეგიძლია გააკეთო რაღაც უკეთესობისთვის“, - წერდა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე 2020 წლის თებერვალში.

ერთწლიანი სამსახურის შემდეგ, იგი რამდენიმე კვირით ჩამოვიდა მშობლიურ ტერნოპოლში, მაგრამ შემდეგ ისევ დაბრუნდა და სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მსახურობდა ჯერ სადესანტო ძალებში, შემდეგ კი საზღვაო ქვეითებში.

სრულმასშტაბიან შემოჭრამდე ცოტა ხნით ადრე - 2021 წლის ნოემბერში - მიხაილო დიანოვი კიდევ ერთხელ დაბრუნდა ოჯახში, იმ დღეს ქალიშვილის, კატერინას დაბადების დღე იყო.

"მთელი წელი ვერ ჩამოვიდა, მაგრამ შვილის დაბადების დღეზე აქ უნდა ყოფილიყო. არც ერთი მისი დაბადების დღე არ გამოუტოვებია“, - ამბობს ჯარისკაცის დედა. მაშინ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის შესაძლებლობაზე არ საუბრობდნენ და დედასთან ომზე არც უსაუბრია, რომ არ ენერვიულა.

სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ მიხაილო დიანოვი თითქმის ყოველდღე ცდილობდა ახლობლებისთვის ეცნობებინა, რომ მასთან ყველაფერი კარგად იყო. 5 მარტის შემდეგ მასთან კონტაქტი გაწყდა. 8 აპრილს დაურეკა დის ქმარს, მაგრამ არ უთქვამს, სად იყო და რა დაემართა. ხოლო 14 აპრილს მან განაცხადა, რომ დაჭრილი იყო და აზოვსტალში იმყოფებოდა.

19 აპრილს, როდესაც მიხაილო დიანოვი ჯერ კიდევ აზოვსტალში იმყოფებოდა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იგი სიმამაცის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა, პირადი გამბედაობისა და უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, სამხედრო ფიცის ერთგულებისთვის. ზაფხულში იგი ასევე გახდა ტერნოპოლის საპატიო მოქალაქე.

მაისის დასაწყისში მისმა ახლობლებმა უცნობი ნომრიდან მიიღეს შეტყობინება, რომ ის ცოცხალია.

მოგვიანებით, როგორ გამოიყურებოდა "აზოვსტალი" და იქ მყოფი ჯარისკაცები "აზოვის" პოლკის პრეს-ოფიცრის დიმიტრო კოზაცკის ფოტოების წყალობით შესაძლებელი გახდა. შემდგომში მისი ფოტოები მსოფლიო მედიამ გააშუქა და საერთაშორისო ფოტოგრაფიის დაჯილდოებაზე ორი ჯილდო მოიპოვა. ერთ-ერთ მათგანში ჩანს მიხაილო დიანოვი, ილიზაროვის აპარატით მარჯვენა ხელზე. იღიმის და თითებით მშვიდობის ნიშანს აჩვენებს.

"მისი თვალები… ისინი არ შეცვლილა. მომღიმარი თვალები. ასეთ პირობებში როგორ იპოვო ძალა, რომ გაიღიმო... ალბათ, სწორედ ამიტომ გახდა ის "აზოვსტალის“ სიმბოლო“, - ამბობს ჯარისკაცის და.

29 ივლისის ღამეს ოლენივკას კოლონიაში აფეთქების დროს, 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა. თუმცა დიანოვი გარდაცვლილთა სიაში არ აღმოჩნდა, ის კიდევ ერთხელ გადარჩა...

დიანოვის დედამ როდესაც შეიტყო შვილის დაზიანებების შესახებ, ქალაქის ხელისუფლებას ნებართვა სთხოვა, გაეყიდა თავისი მოქსოვილი სათამაშოები ტერნოპოლის ცენტრში. მან ეს ადრეც გააკეთა, მაგრამ ახლა გადაწყვიტა შვილის დაბრუნების შემდეგ თანხა მისი მკურნალობისთვის შეეგროვებინა. ახლა ის სათამაშოებს შეკვეთით ქსოვს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აგზავნის.

დამ, სიძემ და ქალიშვილმა მიხაილო ტყვეთა გაცვლიდან მეორე დღეს ნახეს. ალიონა ლავრუშკომ თქვა, რომ მის ძმას მკურნალობა და რეაბილიტაცია სჭირდება.

დედამ გადაწყვიტა კიევში არ წასულიყო, შვილს viber-ის საშუალებით ესაუბრა და ახლა სახლში ელოდება. "ილიზაროვის აპარატი მოხსნეს, მაგრამ ხელი მძიმე მდგომარეობაში აქვს. ოპერაციას გაუკეთებენ და მერე, შეიძლება, სახლში გამოუშვან. ჩემი შვილი სასტიკად არის ნაცემი. მისი სახე დაინახეთ... მითხრა, რომ კონდახი ჩაარტყეს... იქ ტყვეობაში ძალიან სცემეს“, – ამბობს დედა.