ავტორი:

"კადიროვმა იცის, როგორც კი პუტინი ძალაუფლებას დაკარგავს, ის მკვდარია" - ახმედ ზაკაევის გეგმები, დაპირისპირება კადიროვთან და გზა თავისუფლებისკენ, რომელიც უკრაინის გამარჯვებაზე გადის

"კადიროვმა იცის, როგორც კი პუტინი ძალაუფლებას დაკარგავს, ის მკვდარია" - ახმედ ზაკაევის გეგმები, დაპირისპირება კადიროვთან და გზა თავისუფლებისკენ, რომელიც უკრაინის გამარჯვებაზე გადის

იჩქერიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ახმედ ზაკაევი უკრაინულ გამოცემა Зеркало недели-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ჩეჩნეთის მოსახლეობის 90% რუსეთისგან დამოუკიდებლობას უჭერს მხარს, დანარჩენი 10% კი, რამზან კადიროვის რეჟიმის მიმართ არის ლოიალურად განწყობილი. მას სჯერა, რომ "მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინასთან ომში დამარცხდება, ჩეჩნეთი რამდენიმე დღეში გახდება დამოუკიდებელი." ჩეჩენი პოლიტიკოსი არ აკონკრეტებს ასეთი სტატისტიკა რომელ წყაროზე დაყრდნობით აქვს. მისი თქმით, რუსეთმა ისეთი ძალები გადაიმტერა, რომ მისი დამარცხება გარდაუვალია, რაც ნიშნავს, რომ "რუსეთის ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის ქვეშაა."

ახმედ ზაკაევის თქმით, პუტინი იყენებს კადიროვსა და კადიროველებს, როგორც საშიშ ინსტრუმენტს, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება და დააშინოს უკმაყოფილო ადამიანები და იქვე აღნიშნავს, რომ კადიროვის კონტროლის ქვეშ მყოფების საბრძოლო მომზადების დონე დაბალია, მათ მხოლოდ ჟანდარმის, "ენკავედეშნიკებისა" და მოძალადე პოლიციელების ფუნქციების შესრულება შეუძლიათ.

"თავად კადიროვი ჩეჩნებს შორის სულაც არ სარგებლობს მხარდაჭერით, მას თავის გარემოცვაშიც კი არ სცემენ პატივს. კადიროვმა მხოლოდ ერთი რამ იცის, როგორც კი პუტინი ძალაუფლებას დაკარგავს, ის მკვდარია, ფიზიკურად და პოლიტიკურად", - ამბობს ჩეჩენი პოლიტიკოსი. მისი თქმით, სინამდვილეში, უკრაინაში ჩეჩნეთის ადამიანური დანაკარგი ათასს ბევრად აღემატება. ახლა კი, პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია საფრთხეს უქმნის კადიროვის რეჟიმს, "რადგან აქამდე თუ მისი იდეოლოგია იმას ეფუნებოდა, რომ კადიროვმა და პუტინმა ჩეჩენი ხალხი გადაარჩინა და ომებით განადგურებისგან იხსნა, ახლა უკვე ყველა ირწმუნება, რომ კადიროვის და პუტინიც ჩეჩენი ხალხის გენოციდით არის დაკავებული.

მას იმედი აქვს, რომ თუ ამის მოცემულობა იქნება, უკრაინის პრეზიდენტი თანახმა იქნება ხელი მოაწეროს დოკუმენტს იჩქერიის დამოუკიდებლობის შესახებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მაშინვე აღიარებს მის დამოუკიდებლობას, გააჩნია პოლიტიკურ მიზანშეწონილებას", - ამბობს ახმედ ზაკაევი.

  • უფრო ადრე, კადიროვმა რესპუბლიკის მოსახლეობას ზაკაევის ლიკვიდაციისკენ მოუწოდა და მას, ვინც ამას შეძლებდა, "თავისუფლებასა და უზრუნველყოფილ ცხოვრებას" შეჰპირდა.

მიმდინარე წლის ივლისში, ახმედ ზაკაევის ბრძანებით, უკრაინის საერთაშორისო ლეგიონის შემადგენლობაში ჩეჩნეთის რესპუბლიკის იჩქერიის შეიარაღებული ძალების ცალკეული სპეციალური დანიშნულების ბატალიონი (OBON) შეიქმნა. მისი მეთაურია პოლკოვნიკი, ჰაჯი-მურატ ზუმსო. ეს უკვე მეოთხე ბატალიონია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარდასაჭერად შეიქმნა. ბატალიონის წევრების თქმით, ისინი ასევე მზად არიან დაიწყონ იატაკქვეშა მოძრაობის ფორმირება კადიროვის რეჟიმის წინააღმდეგ. ინტერნეტმომხარებლებისა და ბლოგერების მოსაზრებით, რამდენიმე დღის წინ, რამზან კადიროვმა კიდევ ერთი ბატალიონი გაგზავნა უკრაინაში, რაც მათი თქმით, ყველანაირ ზღვარს სცდება.

  • kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, კადიროვმა რუსეთის ხელმძღვანელობას ძალოვანი უწყების წარმომადგენელთა მობილიზაციისკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, "ლიმანის გარშემო ფრინტის ხაზზე კრიტიკული მდგომარეობაა. საგანგები სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლების, მესაზღვრეების, პროკურატურის თანამშრომლებისა და სხვა ძალოვანი უწყების თანამშრომლების მობილიზაციით შეიძლება შეიქმნას ძალა, რომელიც რეალურად შეცვლის სურათს უკრაინაში", - ციტირებს რამზან კადიროვის სიტყვებს გამოცემა.

ცნობილია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი ლიმანიდან რუსული ჯარის უკან დახევაზე პასუხისმგებლობას ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურს, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრე ლაპინს აკისირებს, რომელმაც ახლახან რუსეთის გმირის ვარსკვლავი მიიღო.

"ამ მონაკვეთის დაცვას ხელმძღვანელობდა ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი. ლუგანსკიდან მობილიზებული მებრძოლები, ლიმანის მიმართულებით ყველა საზღვარზე გაგზავნა, მაგრამ არ მიაწოდა მათ საჭირო საკომუნიკაციო და საბრძოლო მასალა", - ამბობს კადიროვი.

ჩეჩნეთის მეთაური ამტკიცებს, რომ ლაპინი ფრონტის ამ სექტორში შესაძლო წარუმატებლობის შესახებ გააფრთხილეს და ამის შესახებ მან რუსეთის გენერალური შტაბის უფროსთან, ვალერი გერასიმოვთან პირადად ისაუბრა, თუმცა გენერალმა უპასუხა, რომ ლაპინს ენდობოდა. ეს კი, კადიროვის თქმით, ნინშავს, რომ ლაპინს მაღალჩინოსნები მფარველობენ. კადიროვის თქმით, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, ლაპინს წოდებას ჩამოართმევდა და ფრონტის ხაზზე გაგზავნიდა, რათა ეს სირცხვილი ჩამოერეცხა...

კადიროვის ინიციატივას, ძალოვნების მობილიზაციის შესახებ, მიუღებელს უწოდებენ რუსი პოლიტოლოგები დიმიტრი ორეშკინი და ალექსეი მალაშენკო. მათივე თქმით, კრემლი არ გაითვალისწინებს ჩეჩნეთის ლიდერის მოწოდებას. "ასეთი ხისტი განცხადებების გამო, მის მიმართ აგრესიული განწყობა კიდევ და კიდევ მატულობს", - აცხადებენ ისინი.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის კიდევ ერთმა მუფტმა გაავრცელა მიმართვა, სადაც კავკასიელ მუსლიმებს მოუწოდებს, ნუ აჰყვებიან "კრემლის შეშლილი ფიურერის" და მისი მოსყიდული სასულიერო პირების მიმართვას, რომლებიც მათ მოუწოდებენ, დაემორჩილონ კრემლის ნებას. მუფტი მიმართავს საზოგადოებას "ჰაიმარსებისა და "ბაირაქტრების" პირისპირ 20 წლის ბავშვები არ გაუშვან, მაშინ, როდესაც მაღალჩინოსნების შვილები იახტებზე ისვენებენ."