ავტორი:

"თუ კობახიძის ისტორიას შევხედავთ, ის არსაიდან გაჩნდა - ასე მუშაობენ სპეცსამსახურები: ადამიანი არავინ იყო და პარტიის თავმჯდომარე გახდა" - ვაშაძე

"თუ კობახიძის ისტორიას შევხედავთ, ის არსაიდან გაჩნდა - ასე მუშაობენ სპეცსამსახურები: ადამიანი არავინ იყო და პარტიის თავმჯდომარე გახდა" - ვაშაძე

თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ის წყარო, რომელიც ადასტურებს კობახიძის კავშირებს რუსულ სპეცსამსახურებთან, მზად არის მოიტანოს მტკიცებულებები ამ საგამოძიებო კომისიაზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, მისთვის „ბოლო წერტილი“ იყო „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები, "სადაც კობახიძე ღიად და დაუფარავად საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა“.

"თქვენი ტელევიზიის ეთერში მან ლამის ლუკაშენკოც კი გაამართლა. მან ასევე პარალელი გაავლო რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთსა და უკრაინასთან მიმართებით. შესაბამისად, თუ ჩვენ არ ვამხილეთ რუსეთის ინტერესების ყველა ის მსახური აგენტი, წინ ვერ წავალთ. თუ შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც უკვე დაინიცირებულია ოპოზიციის მიერ და ხელმოწერილია ჩვენ მიერ, ის წყარო, რომელიც ადასტურებს კობახიძის კავშირებს რუსულ სპეცსამსახურებთან, მზად არის მოიტანოს მტკიცებულებები ამ საგამოძიებო კომისიაზე. თუ კობახიძეს ამ ყველაფრის არ ეშინია, დააჩქარონ ამ საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბება. თუ კობახიძის ისტორიას შევხედავთ, ის არსაიდან გაჩნდა. ლეგენდა შექმნეს, თითქოს ის კახა კალაძემ მიიყვანა, რაც არის სრული ჭორი. სპეცსამსახურები ასე მუშაობენ. ადამიანი, რომელიც იყო არავინ, გახდა ჯერ აღმასრულებელი მდივანი, შემდეგ კი პარტიის თავმჯდომარე. ის პარტიაში „ეფ ეს ბეს“ ხაზით მოხვდა. ვფიქრობ, რომ ეს დავალება მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, რათა კობახიძე დანიშნულიყო ამ კონკრეტულ თანამდებობაზე. თუ დავაკვირდებით მის ხაზს, ყველაფერი თავიდან ბოლომდე დასტურდება. ეს „ოთხეული“ არის აგენტ კობახიძის აგენტი „ოთხეული“, - განაცხადა ვაშაძემ.

გარდა ამისა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების შენარჩუნება „რუსული ტანკის შიშით“ სურს.

"რუსული ტანკის შიში ამ ქვეყანაში მანამ არსებობს, სანამ ჩვენ არ გვყავს თანამედროვე შეიარაღება. 2008 წელი გავიხსენოთ, ჩვენ რომ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები გვქონოდა, რუსეთი განსაკუთრებულს ვერაფერს იზამდა. ხმელეთზე მათ წააგეს ომის პირველ დღეებში, ეს ყველას კარგად გვახსოვს. უკრაინასთან მიმართებით, ჩვენ გვაქვს ერთი დიდი უპირატესობა - კავკასიონი. რუსული ჯარი ჩვენთან ვერ შემოვა 7, 10 და 15 სხვადასხვა მიმართულებიდან. არის როკის გვირაბი, ლარსი და აფხაზეთის მიმართულება. ყველა ამ შემოსასვლელზე უნდა გაიარონ უღელტეხილი და 15 „ჰაიმარსი“ ჰყოფნის საქართველოს იმისათვის, რომ ტერიტორია იყოს თავისუფალი და რუსეთის ჯარი ვერ შემოვიდეს. რუსეთს შავ ზღვაზე ფლოტი ფაქტობრივად აღარ ჰყავს, გვინდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, რისთვისაც არის „პატრიოტები“ და „აბრამსის“ ტანკი.

„ქართული ოცნება“ არიან ჩვენი სამშობლოს მოღალატეები, ესენი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, ცდილობენ, რომ რუსული ტანკის შიშით ხელისუფლება შეინარჩუნონ და უსაფრთხოების რეალური გარანტია არ შექმნან.

დღეს რატომ არ გვაქვს მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი? „ქართული ოცნების გამო. მათ ჩაიდინეს ისეთი ქმედებები, რის გამოც ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს. ეს ადამიანები არიან პრორუსული რეჟიმის მსახურები.

ჩვენ, პროევროპელებს და საქართველოს საზოგადოების 85%-ს გვაქვს ერთი დიდი უპირატესობა პრორუსულ „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით - ჩვენ არ გვიწევს მოტყუება. ჩვენ რაც ვართ, იმას ვამბობთ. „ქართული ოცნება“ რაც არის, იმას არ ამბობს და ასაღებს თავის თავს ვითომ პროევროპელია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.